44 ათასი და მეტი უცხოელი სტუდენტი – რატომ გახდა საქართველო საერთაშორისო სტუდენტებისთვის კონკურენტული მიმართულება (კვლევა)

სტუდZona

საქართველოში უმაღლესი განათლების სექტორის შემოსავალი 2019-2025 წლებში საშუალოდ წლიურად 11.5%-ით იზრდებოდა და 2025 წელს ₾1.3 მილიარდს მიაღწია, რაც ძირითადად უცხოელი სტუდენტების შემოდინებით იყო განპირობებული, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებში. კერძო უნივერსიტეტების შემოსავლები საშუალოდ წლიურად 18.9%-ით გაიზარდა 2019-2025 წლებში, მაშინ როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში ზრდამ 5.8% შეადგინა.

უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 2019-2025 წლებში გასამმაგდა და 44 ათასს მიაღწია, რის შედეგადაც მათი წილი სტუდენტთა მთლიან რაოდენობაში 19.8%-მდე გაიზარდა – ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულამდე მსოფლიოში.

ამ მონაცემების შესახებ ვკითხულობთ „გალტ & თაგარტის“ კვლევაში, რომელიც საქართველოს განათლების სექტორს ეხება.

კვლევის ავტორები უცხოელი სტუდენტების ასეთი ზრდის მიზეზზეც წერენ და მნიშვნელოვან გამოწვევაზე მიუთითებენ: „ხელმისაწვდომობისა და ცხოვრების შედარებით დაბალი ხარჯების ფონზე, საქართველო საერთაშორისო სტუდენტებისთვის კონკურენტულ მიმართულებად ჩამოყალიბდა. თუმცა, სექტორი სულ უფრო მეტად კონცენტრირებული ხდება, უცხოელი სტუდენტების 53.8% ინდოეთიდანაა, რომელთა უდიდესი ნაწილი ჯანდაცვის მიმართულებით სწავლობს. აღნიშნული ზრდის დამოკიდებულებას როგორც ერთ კონკრეტულ ბაზარზე, ისე აკადემიურ მიმართულებაზე, რის გამოც სტუდენტების დივერსიფიკაცია წარმოშობის ქვეყნისა და სასწავლო პროგრამის მიხედვით, სექტორისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პრიორიტეტად იქცევა.

მაშინ, როცა საერთაშორისო მოთხოვნა სექტორის ზრდას უწყობს ხელს, ადგილობრივ ბაზარზე კურსდამთავრებულების პროფილი შრომის ბაზრის მოთხოვნებს ვერ შეესაბამება. საქართველო გამოირჩევა ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებებზე სტუდენტების უჩვეულოდ მაღალი წილით, ხოლო განათლების, პროფესიული და ტექნიკური მიმართულებების სტუდენტების წილი მნიშვნელოვნად დაბალია. აღნიშნული შეუსაბამობა დასაქმების მაჩვენებლებზეც აისახება – საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე პირებში უმუშევრობის დონე 11%-ს შეადგენს, მაშინ, როცა OECD-ის საშუალო მაჩვენებელი 4.8%-ია“, – წერია კვლევის შესახებ მომზადებულ პუბლიკაციაში.

ამ პრობლემის წარმოჩენის კონტექსტში, კვლევის ავტორები საუბრობენ დაწყებული უმაღლესი განათლების რეფორმაზე და აღნიშნავენ, რომ ვითარების გაუმჯობესება განათლების რეფორმის განხორციელების ხარისხზე იქნება დამოკიდებული.

ამასთან წერენ, რომ ვინაიდან უცხოელი სტუდენტები ძირითადად კერძო უნივერსიტეტებს ირჩევენ, მთავრობის მიერ სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვაზე დაწესებული შეზღუდვები ამ [ზრდის] ტენდენციას კიდევ უფრო გააძლიერებს.

„2026 წლის უმაღლესი განათლების რეფორმა მიზნად ისახავს არსებული სტრუქტურული შეუსაბამობების შემცირებას მიმართულებების მეტი სპეციალიზაციის, პროგრამების სტრუქტურის ცვლილებისა და საჯარო უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების მიღების შეზღუდვების გზით. აღნიშნულმა ცვლილებებმა შესაძლოა გააუმჯობესოს რესურსების განაწილება და განათლების შესაბამისობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან, თუმცა, საბოლოო ეფექტი განხორციელების ხარისხზე იქნება დამოკიდებული“. („გალტ & თაგარტი“ – წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში და ლონდონის ბირჟაზე განთავსებული Lion Finance Group PLC-ის შვილობილი კომპანია).

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები