საქართველოში უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე [ბაკალავრიატი] სწავლის ხანგრძლივობა მცირდება და 4-წლიანის ნაცვლად, 3-წლიანი ხდება. უმაღლესი განათლების რეფორმის ავტორები თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ სიახლე შეეხებოდათ 2026 წელს და მის შემდგომ, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ სტუდენტებს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ სწავლების წლები შეუმცირდებათ იმ პირებსაც, რომლებიც უნივერსიტეტებში 2025 წელს ჩაირიცხნენ. რაც იმას ნიშნავს, რომ პირველკურსელი, რომელმაც გასულ წელს 4-წლიან საბაკალავრო პროგრამაზე დაიწყო სწავლა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მხოლოდ 3 წელი ისწავლის.
EDU.ARIS.GE-მ სწორედ ასეთ პირველკურსელებს დაუსვა კითხვები – როგორ აფასებენ აღნიშნულ სიახლეს – მოსწონთ თუ არა და ხომ არ ქმნის ეს გარკვეულ პრობლემას მათთვის. ჩვენი პირველი რესპონდენტი ნატალია წელანგარაშვილია, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელია. ნატალიას სიახლე არ მოსწონს და უფრო მეტიც, მიიჩნევს, რომ ეს სტუდენტების უფლებების დარღვევაა:
„2025 წელს ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და საბაკალავრო პროგრამაზე უნდა მესწავლა 4 წელი, თუმცა ჩვენთვის ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გვიმცირებენ კრედიტებს და 3-წლიან პროგრამაზე გადავდივართ. ეს სრული დარღვევაა ყველაფრის და ჩვენი უფლებების დარღვევაცაა. როგორც მე ვიცი, 12 საგანი უქმდება და გაუქმებული საგნების კრედიტები, რა თქმა უნდა, აღარ ჩაგვეთვლება. უფრო კარგად რომ აგიხსნათ, მაგალითად, საგნები – ლოგიკა, გენდერი უქმდება, მიუხედავად იმისა, რომ პირველ სემესტრში ეს საგნები მე უკვე გავლილი და ჩახურული მაქვს. სამწუხაროა ასევე, რომ დამატებითი სპეციალობის აღება აღარ შემეძლება. შესაძლოა, ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელებაშიც ხელი შეგვეშალოს. ამის გარდა, როგორ შეიძლება, მესამე კურსზე სტუდენტმა კვლევა დაწეროს – ეს ჩემთვის ცოტა არარეალურია… თუ შესაბამის კრედიტებს არ აიღებ, თუ იმდენ საგანს არ გაივლი, რაც საჭიროა, რომ პროფესიონალი გახდე, ცოდნა გაიტანო უნივერსიტეტიდან, საერთოდ რაში გვჭირდება დიპლომი, რომელსაც გვაძლევენ 3-წლიანი პროგრამის დამთავრების შემდეგ?!“.
ნატალია წელანგარაშვილის თქმით, დაწყებულია ხელმოწერების შეგროვება და თანამოაზრეებთან ერთად ითხოვს, რომ 3-წლიანი და 4-წლიანი საბაკალავრო პროგრამები არჩევითი იყოს.
„8 ივნისს, დავიწყეთ აქტიურად ხელმოწერების შეგროვება. ჩვენი მიზანია, რომ არჩევანის საშუალება მოგვცენ. არსებობენ სტუდენტები, რომლებსაც სურთ 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამის გავლა, მაგრამ ჩვენ, ვისაც გვინდა მეტი განვითარება, არ გვსურს, რომ დაგვაძალონ და 4-წლიანი ბაკალავრიატიდან 3-წლიანზე გადავიდეთ. ამიტომ, ჩვენი მთავარი მოთხოვნა არ არის 3-წლიანის გაუქმება, ჩვენ ვითხოვთ, რომ გახდეს არჩევითი. 11 ივნისს, უნივერსიტეტში დაგეგმილია შეხვედრა ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და პროგრამის ხელმძღვანელობასთან. არ ვიცი, რას გვეტყვიან – ალბათ, როგორი კარგია, როგორ არაფერს გვავნებს, მაგრამ ვფიქრობ, ამის დამტკიცება ძალიან გაუჭირდებათ“, – აღნიშნავს პირველკურსელი.
ბაკალავრიატზე სწავლების წლების შემცირებას არ იწონებს არც პირველკურსელი დინა ჭუმბურიძე, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობს. მისი არგუმენტი ასეთია:
„მე ვიცოდი, რომ ვინც 2026 წელს ჩააბარებდა, ისინი გადავიდოდნენ 3-წლიან სწავლებაზე. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ჩვენც გვეხება ეს ცვლილება, რაც მგონია, რომ ალოგიკურია. ჩვენ ავირჩიეთ და უკვე დავხურეთ ისეთი საგნები, რომელთა გავლასაც თურმე, აზრი არ ჰქონდა – სულ ტყუილად გავიარეთ…
ჩემთვის ძალიან სასაცილოა ის ფაქტი, რომ სამი წელი გახდა ბაკალავრიატი, 1+1 მაგისტრატურა და ერთიც დოქტორანტურა – როგორ შეიძლება, რომ ასეთ მოკლე დროში, სტუდენტი გახდეს დოქტორანტი და შემდეგ უკვე შეეძლოს, რომ უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხოს. ვფიქრობ, რომ ეს სამომავლოდ, ქვეყანაში განათლების ხარისხს გააუარესებს, რადგან მგონია, რომ ამის შემდეგ უფრო ნაკლები პროფესიონალი გვეყოლება მით უფრო საგანმანათლებლო სივრცეში“.
პირველკურსელს არაერთი შეკითხვა აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და რეფორმის მესვეურებს ახსენებს, რომ სტუდენტობა „სასიამოვნო ცხოვრებისეული გამოცდილება და პერსპექტიული მომავლის შექმნის წინაპირობა“ უნდა იყოს.
„მე არ მომისმენია ლოგიკური არგუმენტი, თუ რატომ ამცირებენ სწავლის ხანგრძლივობას და მჭირდება, პირველ რიგში, დამისაბუთოთ, რატომ არის ეს სწორი – იქნებ, მოგყვებით ამ ლოგიკაში, იქნებ, მართლა სწორი გადაწყვეტილებაა. რაზეა ეს დაფუძნებული, რატომ არის კარგი – ამაზე არაფერი წამიკითხავს, არაფერი მომისმენია. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ზოგადად იყოს არჩევითი – როგორც ეს მე-12 კლასის შემთხვევაშია. ეს იქნებოდა ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება. ზოგი უმაღლესში იმიტომ აბარებს, რომ უბრალოდ დიპლომი ჰქონდეს, თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებისთვის სტუდენტობა, პირველ რიგში, სასიამოვნო გამოცდილებაა და ასევე – პერსპექტიული მომავლის შექმნის წინაპირობა“, – აცხადებს დინა ჭუმბურიძე EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას.
ასევე იხილეთ:
რას წაადგება უნივერსიტეტში სწავლის ხანგრძლივობის შემცირება? – რეფორმის ავტორების ახსნა
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი




