ისწავლის თუ არა სტუდენტი უფასოდ, თუ მობილობით კერძო უმაღლესიდან სახელმწიფოში გადავა და პირიქით? – განმარტება

სტუდZona

უმაღლეს განათლებაში დანერგილმა პრინციპმა – „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“ და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლების შემოღებამ აქტუალური გახადა ორივე ამ კონტექსტში სტუდენტის ერთი უნივერსიტეტიდან მეორეში გადასვლის – მობილობის საკითხების დაზუსტება.

რეფორმის ამოქმედებამდე სტუდენტს შეეძლო, სახელმწიფო უმაღლესიდან კერძოში და პირიქით, მობილობით ესარგებლა და მოპოვებული დაფინანსება შეენარჩუნებინა. ახლა, როცა მთავრობა კერძო უნივერსიტეტის სტუდენტს ფინანსურად აღარ უზრუნველყოფს, ჩნდება კითხვა – შეეძლება თუ არა მას სახელმწიფო უმაღლესში გადასვლა და შესაბამისად, ისარგებლებს თუ არა უფასო სწავლების მოდელით? ასევე საინტერესოა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო უნივერისიტეტის სტუდენტი კერძოში გადასვლას გადაწყვეტს – დაკარგავს თუ არა ის დაფინანსებას? – ამ შეკითხვებით EDU.ARIS.GE-მ 14 მაისს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს, ზვიად გაბისონიას მიმართა.

მინისტრის მოადგილემ უმაღლესი განათლების მიმართულებით, ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ მობილობით სარგებლობის უფლება სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებს შორის არ იზღუდება, მაგრამ იარსებებს ასეთი დათქმები:

თუ სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი კერძო უმაღლესში გადავა, დაფინანსება არ შეუნარჩუნდება.

თუ კერძო უნივერსიტეტის სტუდენტი სახელმწიფო უმაღლესში გადავა, უფასოდ ისწავლის.

ზვიად გაბისონიამ დეპუტატებიც დაარწმუნა, რომ მაქსიმალურად ეცდებიან, მობილობის მხრივ სტუდენტებს დამატებითი შეზღუდვები არ ჰქონდეთ, გარდა იმისა, რომ თუ მაგალითად, პირმა ჩააბარა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში და შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, ფასიან უმაღლეს სასწავლებელში გადავიდეს, იმის გამო, რომ საგრანტო პრინციპი არ არსებობს, სწავლა მას ფასიანი გაუხდება. და პირიქით, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოაცხადა ვაკანსია, პირი აკმაყოფილებს მობილობის ყველა პირობას და სწავლობს კერძო უნივერსიტეტში, სახელმწიფო უმაღლესში გადასვლისას, მას სწავლა გაუხდება უფასო.

„თუმცა, აქ გასათვალისწინებელია ვაკანტური ადგილები და კომპეტენციის ზღვარი. მისაღებ გამოცდებზე, ყველა სპეციალობაზე არის დაწესებული კომპეტენციის ზღვარი. როგორც წესი, ეს ზღვარი სახელმწიფო უნივერსიტეტებს აქვთ მაღალი, ასევე, ზოგიერთ კერძოსაც. იმ შემთხვევაში, თუ კერძოს თამასა გაცილებით დაბალია სახელმწიფო უმაღლესის თამასაზე, სტუდენტი იქ ფიზიკურად ვერ გადავა, სხვა შემთხვევაში კი გადასვლას შეძლებს“, – გვითხრა ზვიად გაბისონიამ.

EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე – იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობამ თბილისში სტუდენტთა ჭარბი კონცენტრაცია ერთ-ერთ გამოწვევად დაასახელა და მის გადასაჭრელად „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპი“ შემოიღო, შეეძლებათ თუ არა რეგიონებში განთავსებული უნივერსიტეტების სტუდენტებს დედაქალაქის სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში მობილობით გადმოსვლა – განათლების მინისტრის მოადგილე ამბობს:

„რეგიონულ უნივერსიტეტებს აქვთ კონკრეტული რეგიონული ტიპის სპეციალიზაცია. თუ იგივე სპეციალობაზე სურს სტუდენტს თბილისში, რომელიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლა, ამის პრობლემა არ იქნება. მობილობის წესი არის ერთი და იგივე. მობილობის წესი არ ასხვავებს რეგიონულ უნივერსიტეტს თბილისისა და ქუთაისის უნივერსიტეტებისგან. უბრალოდ, მობილობა ხომ ქაოსურად ვერ მოხდება, ადგილი ხომ უნდა იყოს?…

ჩვენი მოტივაცია არ არის, რომ ხელოვნური ბარიერები შევუქმნათ ბავშვებს. ჩვენი მოტივაციაა, რომ რაც შეიძლება კარგმა და მეტმა ბავშვმა ისწავლოს უფასო მოდელით… რაც შეეხება გეოგრაფიულ დეკონცენტრაციას, მას მეტი საქმიანობა სჭირდება, მობილობა არ არის ამისთვის მნიშვნელოვანი“.

ასევე იხილეთ: 

რა დაჯდება 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩარიცხული 21 600-მდე სტუდენტის უფასოდ სწავლა? – რის თქმა (ვერ) შეძლო EDU.ARIS.GE-სთან განათლების მინისტრის მოადგილემ

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები