უმაღლესი განათლების რეფორმის დაწყების შემდეგ, მთავრობამ სტუდენტთა არსებული საგრანტო სისტემა გააუქმა და მის სანაცვლოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება. ის სტუდენტები, ვინც 2026 წლამდე ჩაირიცხნენ და სრული ან ნაწილობრივი სასწავლო გრანტი მოიპოვეს, დაფინანსება შეუნარჩუნდათ. თუმცა, თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში უცნობი იყო, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის – გამოცდის ბედი, რომლის ფარგლებშიც, გასულ წლებში ჩარიცხულ სტუდენტებს გრანტის გაუმჯობესება ან მისი მოპოვება შეეძლოთ.
მკითხველს შევახსენებთ, რომ უფრო კონკრეტულად, ცვლილებებამდე, საგრანტო კონკურსი შესაძლებლობას აძლევდა ბაკალავრიატის სტუდენტებს, მოეპოვებინათ ან გაეუმჯობესებინათ სასწავლო გრანტი -100%-იანი, 70%-იანი, 50%-იანი. საგრანტო წესის გაუქმებამ კი დღის წესრიგში სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შენარჩუნება-გაუქმების საკითხიც დააყენა, რაზეც EDU.ARIS.GE ჯერ კიდევ 2026 წლის იანვარში წერდა. უფრო მეტიც, ჩვენ კითხვით – „გაუქმდებოდა თუ არა საგრანტო კონკურსის გამოცდა“, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ-ს – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს (NAEC) მივმართეთ, თუმცა მიმდინარე წლის დასაწყისში, კითხვაზე დაზუსტებული პასუხი არ მიგვიღია.
გაურკვევლობა მას შემდეგ დასრულდა, რაც მაისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს გარდამავალ პერიოდში (2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით) შეუნარჩუნდებოდათ არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება, არამედ მისი მოპოვებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობაც მიეცემოდათ.
აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში, NAEC-ის მიერ სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და საერთო სამაგისტრო გამოცდებთან ერთად ცხადდებოდა, თუმცა წელს ასე არ/ვერ მოხდა. 2026 წლის აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გასვლის მსურველებს კი დარეგისტრირება 28 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით შეეძლოთ. დაგვიანებული ცვლილებებისა და რეგისტრაციის შემდეგ, დაინიშნა გამოცდის დღეც – კონკურსი 17 ივლისს გაიმართება, თუმცა, ჩნდება კითხვები – ფლობდნენ თუ არა სტუდენტები ამის შესახებ ინფორმაციას და რამდენად მოასწრეს საგამოცდოდ მომზადება იმ პირობებში, როდესაც გამოცდებამდე, ფაქტობრივად, ორი თვით ადრე შეიტყვეს, რომ საგრანტო კონკურსი წელსაც გაიმართება.
EDU.ARIS.GE-მ ეს კითხვები სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს – ძირითადად პირველკურსელებს, დაუსვა. აღმოჩნდა, რომ ჩვენი რესპონდენტების მხოლოდ მცირე ნაწილისთვის არ იყო საგრანტო კონკურსი პრიორიტეტული, რადგან ისედაც 100%-იანი დაფინანსებით სწავლობენ, უმრავლესობამ კი საერთოდ არ იცოდა, რომ გამოცდაზე გასვლა და შესაბამისად, გრანტის გაუმჯობესება ან მოპოვება შეეძლო. არც საგამოცდოდ მომზადებულან. მაგალითად, ლუკა გერზმავამ, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელია და პოლიტიკის მეცნიერებებს სწავლობს, 12 ივნისს, ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ უფასო სწავლების მოდელზე გადასვლის მიზეზით, საგრანტო კონკურსი გაუქმებული ეგონა. მისი თქმით, გამოცდის შესახებ რამდენიმე დღის წინ შემთხვევით, რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ შეიტყო.
„თუნდაც რეგისტრაციის ვადები გამეგო, ასეთ მცირე დროში მომზადებას მაინც ვერ მოვასწრებდი. გამოცდაზე გასვლას დრო და შესაბამისი მომზადება სჭირდება იმისთვის, რომ გარკვეული შედეგი მიიღო. თუმცა, თავიდანვე რომ მცოდნოდა, საგრანტო კონკურსი წელსაც ტარდებოდა, ყველაფერს გავაკეთებდი ამ შესაძლებლობის გამოსაყენებლად.
ქვეყანაში არსებული სიდუხჭირიდან გამომდინარე, მსგავსი კონკურსი, რომელიც დაეხმარება სტუდენტს, გაიუმჯობესოს თუნდაც მოპოვებული გრანტი ან მოიპოვოს დაფინანსება, მნიშვნელოვანია. მით უფრო, ეს მეტად ესაჭიროებათ რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებს, რომლებიც ცალკე ქირას იხდიან, ცალკე – უნივერსიტეტის გადასახადს. ამიტომ, საგრანტო კონკურსი იქნებოდა ძალიან კარგი შესაძლებლობა, თუმცა რადგან ამაზე ინფორმაცია არ გვქონდა, ეს შესაძლებლობა ხელიდან გამოგვეცალა, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენს უნივერსიტეტში ბევრია ჩემნაირი – მხოლოდ მე არ ვარ… ეს სამინისტრო კი განათლების გარდა, ყველაფრის სამინისტროა“, – აღნიშნა ლუკა გერზმავამ.
საგრანტო კონკურსის გამართვის შესახებ არ ფლობდა ინფორმაციას არც მედეა ქადაგიშვილი, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობს. როგორც სტუდენტმა გვითხრა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილება დროულად უნდა მიეღო, რომ ყველა მსურველი შესაბამისად ინფორმირებული ყოფილიყო და საგამოცდოდ მომზადებაც მოესწრო.
„არ მქონდა ინფორმაცია, რომ წელს საგრანტო კონკურსი ისევ იმართებოდა. რომ მცოდნოდა, გამოცდაზე გავიდოდი ამჟამინდელი 50%-იანი გრანტის გაუმჯობესების მიზნით. ახლა რეგისტრაცია თუ უკვე დასრულებულია, გამოდის, რომ აღარანაირი შესაძლებლობა არ მაქვს. თუმცა, მომზადებაც ხომ საჭირო იყო, გამოცდის სტრუქტურაც კი არ ვიცი. ჩემი აზრით, მსგავსი გადაწყვეტილებები დროულად უნდა მიიღონ, რომ ყველა ინფორმირებული იყოს“, – განაცხადა მედეა ქადაგიშვილმა EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას.
ცნობისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე, რომლიც საქართველოში 2007 წლიდან ტარდება, სტუდენტები ზოგად უნარებს აბარებენ. ტესტის მაქსიმალური ქულა 42-ია, ტესტირებისთვის გამოყოფილი დრო კი – 2 საათი და 35 წუთი. 2025 წელს, გამოცდაში მონაწილეობით, რამდენიმე ათას სტუდენტს მიეცა შესაძლებლობა, მიეღო სახელმწიფო დაფინანსება, ან მოპოვებული სასწავლო გრანტი გაეუმჯობესებინა. 2026 წელს რამდენი სტუდენტი გადის გამოცდაზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს (NAEC) ოფიციალური სტატისტიკა არ გამოუქვეყნებია.
ამავე თემაზე:
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი




