„55 ათასი აპლიკანტიდან 1 500-მდე შეირჩა“ – როგორია ახალგაზრდების სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის სტატისტიკა

სტუდZona

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, საქართველოს საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსის შედეგად, 55 000 აპლიკანტიდან 1 500-მდე სტაჟიორი იქნა შერჩეული.

საუბარია საჯარო დაწესებულებებში, ასევე საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა) გამოცხადებულ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაზე, რომელშიც მონაწილეობის უფლება მოქმედ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ჰქონდათ.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში საუბრისას აღნიშნა, სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 40%-ით არის გაზრდილი, უნიკალური აპლიკანტების ნაწილში კი 25%-იანი ზრდაა.

მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში, შარშან, დაახლოებით, 50%-მა გააგრძელა საქმიანობა საჯარო დაწესებულებებში, მათ შორის, ნაწილს სტაჟირების ვადა გაუხანგრძლივდა, 160-ს შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა, ხოლო 40-მა მათგანმა კონკურსი გაიარა და საჯარო მოხელე გახდა:

„ძალიან დიდი პროგრამაა – 364 უწყება არის მასში ჩართული, ასევე თვითმმართველობები. ჩვენ ვთხოვეთ თვითმმართველობებს, რომ აქტიურად ყოფილიყვნენ ჩართულები, ვინაიდან რეგიონებშიც, ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ყოფილიყო მეტი შესაძლებლობა, რომ გაევლოთ სტაჟირება. თბილისში იცით, რომ ძალიან ბევრი უწყება არის თავმოყრილი, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ნაწილში, ასევე სსიპ-ები, სახელმწიფო კომპანიები, ძალიან ბევრი და საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ სადღაც 3 500 ვაკანსია. გვქონდა 55 000 აპლიკაცია, საიდანაც 5 600 იყო უნიკალური. ეს მიუთითებს ძალიან დიდ ინტერესზე და 1 500-მდე სტაჟიორი იქნა შერჩეული“.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, სამინისტროებს მთავრობის ადმინისტრაციიდან აქვთ რეკომენდაცია, თუ ნახავენ ისინი ისეთ კადრებს, რომლებიც შესაძლებელია, რომ დაიტოვონ, მაქსიმალურად მოხდეს მათთან ურთიერთობის გაგრძელება.

„ჩვენ გვაქვს ორი მთავარი მიზანი, პირველი შანსი მივცეთ ახალგაზრდებს, რომ შევიდნენ პროფესიულ საქმიანობაში, პრაქტიკულ საქმიანობაში. უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის რეალიზება მოახდინონ. მეორე არის, რომ საჯარო სამსახურში საჭირო არის კვალიფიციური, ახალი, მოტივირებული კადრები და ვფიქრობთ, ახალგაზრდაზე ძალიან მოტივირებული არიან.

იცით, რომ პრემიერმა დააანონსა უმაღლესი განათლების რეფორმა და უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ის, რომ ჩვენ ბაზარს უნდა მივაწოდოთ ისეთი კვალიფიციური კადრი, რისი მოთხოვნაც არსებობს. ბაზრის მოთხოვნები როგორც კონკრეტული პროფესიის მიმართულებით, ასევე კვალიფიკაციის მიმართულებით, უნდა იყოს თანხვედრაში იმ განათლების ხარისხთან და სტუდენტების რაოდენობასთან, რომელიც გვყავს“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა „იმედის“ ეთერში, 17 ოქტომბერს.

შეგახსენებთ, სტაჟიორის კონკურსზე განაცხადის წარდგენის ვადად 1-ელი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი იყო განსაზღვრული. სტაჟირების პერიოდი კი 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ამავე თემაზე:

სტუდენტების ანაზღაურებადი სტაჟირება საჯარო უწყებებში ოქტომბრიდან დაიწყება – რეგისტრაციის ვადები

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები