სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები წარჩინებული პროფესიული სტუდენტები ყოველთვიურად სტიპენდიას მიიღებენ. ამას გულისხმობს სამტრედიის საკრებულოს 18 სექტემბრის დადგენილება, რომელსაც ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუა.
საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, სტიპენდიის ოდენობა „კარგი“ აკადემიური მოსწრების სტუდენტისთვის ყოველთვიურად 400, ხოლო უმაღლესი აკადემიური მოსწრების პროფესიული სტუდენტისთვის 500 ლარი იქნება.
უფრო კონკრეტულად, სტიპენდიას მიიღებს სტუდენტი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
1. არის საქართველოს მოქალაქე;
2. განცხადების შემოტანის მომენტისთვის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია და ცხოვრობს სამტრედიის მუნიციპალიტეტში;
3. არის ავტორიზერებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის პროფესიული სტუდენტი, სწავლობს მოკლე ციკლის (არაუმეტეს ექვსი თვის ხანგრძლივობის) საგანმანათლებლო პროგრამაზე და ეუფლება შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიას (არ იგულისხმება ანაზღაურებადი საწარმოო პრაქტიკის პერიოდი);
4. აქვს „კარგი“ ან „უმაღლესი“ აკადემიური მოსწრება.
სტიპენდიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები
- წერილობითი განცხადება მერის სახელზე;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- საბანკო რეკვიზიტები;
- სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის და ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ცნობა ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/კოლეჯიდან პროფესიული სტუდენტის სტატუსისა და აკადემიური მოსწრების (ნიშნების ფურცელი) შესახებ ყოველი თვის ბოლოს, არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა.
სტიპენდიის გაცემა
1. წარმატებულ სტუდენტს სტიპენდია გადაერიცხება წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე.
2. სტიპენდია გაიცემა ყოველთვიურად, სასწავლო წლის განმავლობაში სალექციო კურსის წინა თვის ქულების გათვალისწინებით.
სტუდენტი სტიპენდიას ვეღარ მიიღებს, თუ შეუწყდა/შეუჩერდა პროფესიული კოლეჯის სტუდენტის სტატუსი ან შეიცვალა რეგისტრაციის ადგილი.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის – დადგენილება




