განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ დღეს, 20 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, 2026-2027 სასწავლო წლისთვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გარკვეულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა მიღების შეზღუდვის გათვალისწინებით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, სტატუსის აღდგენაზე უარის შემთხვევაში, მობილობის უფლება ეძლევათ.
EMIS-ის ცნობით, სტუდენტებს შეუძლიათ, სწავლა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელონ, მიუხედავად სწავლის პერიოდის ხანგრძლივობისა.
„ცვლილების მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წლისთვის განისაზღვრა ის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტთა რაოდენობა, რომლებზეც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიღების უფლება აქვთ. შესაბამისად, იმ სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი შეჩერებული აქვთ ისეთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღების უფლება შეზღუდული აქვს და ამ მიზეზით სტატუსის აღდგენაზე უარს ეუბნება, 2026-2027 სასწავლო წელს მობილობის უფლება ეძლევათ.
მობილობის უფლებით სარგებლობისთვის სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. განცხადების საფუძველზე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს სტუდენტის მონაწილეობას მობილობის პროცესში, დადგენილი წესისა და ვადების შესაბამისად“, – აღნიშნულია EMIS-ის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე 24 აგვისტოდან დაიწყება და 8 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
ასევე იხილეთ:




