თქვენ რეფერატის დაწერა გეზარებათ და ლექტორმა ნობელის პრემიის საპირწონე ჯილდო გააყალბა და მიინიჭა

სტუდZona

ყოველთვის, როდესაც უნივერსიტეტში წარსადგენი რეფერატის დაწერა დაგეზარებათ, ამ “მონდომებული” პროფესორის ისტორია გაიხსენეთ.

საფრანგეთში, ბეზანსონელი პროფესორი უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს, რადგან ყალბი “ნობელის პრემიის” გამოგონებასა და საკუთარი თავისთვის მინიჭებაში ადანაშაულებენ. უცხოურმა გამოცემებმა მოგონილ ჯილდოს “ყალბი ნობელის პრემია” შეარქვეს, რადგან პროფესორმა მონტაკლერმა თავისი გამოგონილი ჯილდო, “ფილოლოგიის ოქროს მედალი”, გაასაღა როგორც “ნობელის პრემიის ეკვივალენტი ლინგვისტიკაში”.

56 წლის ფლორენ მონტაკლერის საქმე ახლა სასამართლოს ხელშია. პროკურატურამ პროფესორს ბრალი წაუყენა რამდენიმე მუხლით: ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენება, თაღლითობა და ტიტულის/კვალიფიკაციის უკანონო მითვისება.

უფრო მეტიც, ამ “დიადი საქმეების” გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ყველა მისი აკადემიური მიღწევა და ხარისხი, რომლის ნამდვილობაც ასევე გამოძიებამ უნდა დაადასტუროს.

აი, რამდენი იშრომა ფლორენ მონტაკლერმა – როგორც უცხოურ მედიაში იწერება, მან შექმნა ფიქტიური „ფილოლოგიის საერთაშორისო საზოგადოება“, რომლის სახელითაც დაამზადებინა და მიანიჭა საკუთარ თავს გამოგონილი „ფილოლოგიის ოქროს მედალი“, ხოლო საზეიმო ცერემონიით მოატყუა პოლიტიკოსები და მეცნიერები. გარდა ამისა, გამოძიების თქმით, მანვე გააყალბა ამერიკული დიპლომი და ამ ყალბი ტიტულებითა და ჯილდოებით ცდილობდა აკადემიური პრესტიჟისა და ფინანსური სარგებლის მიღებას.

ამჟამად ლექტორს აღარ უკავია არანაირი თანამდებობა უნივერსიტეტში, სადაც ის 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა.

პროფესორს, რომელსაც შესაძლოა, ეს აკადემიური ხარისხიც კი ჩამოართვან, გამოძიებამ უნდა დაუმტკიცოს რომ დამნაშავეა, მაგრამ ზარმაცი რომ ნამდვილად არ არის, ამაში ყველა სტუდენტი დაგვეთანხმება.

საფრანგეთის პარლამენტი ამ ამბის გამო უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგან 2016 წელს დაჯილდოების ცერემონია სწორედ პარლამენტის შენობაში ჩატარდა, სადაც ღონისძიებას მინისტრები და ნამდვილი ნობელის ლაურეატებიც კი დაესწრნენ.

რა თქვა ნობელის ფონდმა: ფონდმა კატეგორიულად უარყო ყოველგვარი კავშირი ფლორან მონტაკლერის „ფილოლოგიის ოქროს მედალთან“. ვინაიდან ნობელის პრემია ლინგვისტიკისა და ფილოლოგიის დარგში არ არსებობს, ფონდმა დააფიქსირა, რომ პროფესორის მიერ მისი ჯილდოს „ნობელის ეკვივალენტად“ გასაღება იყო რეპუტაციის მითვისება.

გარდა ამისა, ამ სქემას გამოეხმაურა UNESCO-ც, რომელმაც ოფიციალურად განაცხადა, რომ არანაირი კავშირი არ ჰქონია პროფესორის მიერ გამოგონილ „ფილოლოგიის საერთაშორისო საზოგადოებასთან“.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები