2026-2027 წლების სეზონზე საქართველოს მთის კურორტებზე საბაგიროების აბონემენტები, მათ შორის სტუდენტებისთვისაც გაძვირდა. სწორედ ამ საკითხს გამოეხმაურნენ პარლამენტის წევრები 24 ნოემბერს.
კერძოდ, ქართველებისთვის სერვისების ხელმისაწვდომ ფასად შეთავაზების მიზნით, მთის კურორტების განვითარების სააგენტოსთვის დაფინანსების გაზრდა ფინანსთა მინისტრისგან მოითხოვეს დეპუტატებმა ვიკა ფილფანმა და გიორგი შარაშიძემ.
ვიკა ფილფანის განცხადებით, სეზონურ აბონემენტზე გაზრდილი ტარიფების შემდეგ, ქართველი ახალგაზრდებისთვის მთის კურორტებით სარგებლობა შეუძლებელი ხდება:
„მთის კურორტების განვითარების სააგენტომ სეზონური აბონემენტის ღირებულება 53%-ით გაზარდა. მოზარდისთვის – 73%-ით, ხოლო სტუდენტური – 66%-ით გაიზარდა და დღეების რაოდენობა [აბონემენტით სარგებლობის] შეიზღუდა. სეზონური 600 ლარიდან 1 000 ლარი გახდა. სტუდენტური 300 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა. არც განმარტება გაუკეთებია მთის კურორტებს ამასთან დაკავშირებით და არც სხვისგან მოგვისმენია განმარტება. იქნებ, ბიუჯეტის გადანაწილების პროცესში, გაუზარდოთ დაფინანასება მთის კურორტებს, რომ ქართველი მოსახლეობის ხარჯზე არ მოხდეს მათი ხელფასების დაფინანსება და მათი კომფორტის უზრუნველყოფა. ქართველი ახალგაზრდებისთვის ხდება შეუძლებელი სასრიალოდ წასვლა. ოჯახებისთვის ხდება შეუძლებელი, რომ შვილები წაიყვანონ, სრიალი ასწავლონ და თუნდაც, ჯანსაღ გარემოში დრო გაატარონ“.
დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სტუდენტური აბონემენტის ფასი არამარტო გაიზარდა, სერვისებით სარგებლობის უფლებისთვის 20-დღიანი ვადა განისაზღვრა:
„იმ პირობებში, როდესაც ამ სააგენტოს აქვს საკმაოდ დიდი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 73%-ით ფასები არ უნდა იზრდებოდეს. სტუდენტური აბონიმენტი არ უნდა იყოს შეზღუდული 20-დღიანი დაშვებით და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა არის აბონემენტებზე და მთის კურორტები იმისთვის გვინდა პირველ რიგში, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ისარგებლონ – ბავშვებმა, მოზარდებმა, სტუდენტებმა მით უფრო“.
ოპოზიციონერი დეპუტატების პასუხად ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებთან დაკავშირებით, შესაძლებელია ცვლილებების განხილვა იმის მიხედვით, თუ რამდენად მტკივნეულად აისახა მათზე ახალი საფასო პოლიტიკა.
„მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა გასულ წელს, ხორციელდება მიმდინარე წელსაც და ასევე არის დაგეგმილი მომდევნო წლის ბიუჯეტში. ეს ძირითადად, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურული პროექტებია. თუმცა, მთის კურორტების კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ზარალიანი კომპანია არ იყოს. ამ ინვესტიციას ახორციელებს სახელმწიფო და ეს ტარიფში არ აისახება. ტარიფში ასახულია მხოლოდ მიმდინარე ხარჯები და მიმდინარე ხარჯს არსებული შემოსავლები აუცილებლად უნდა ფარავდეს, რომ შევძლოთ, შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ ის ხარისხი, რა ხარისხიც დღეს მთის კურორტებზე გვაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის, რომ იმ თანხაში, რასაც ისინი გადაიხდიან, შესაბამისი სერვისი მიიღონ…
თუ საუბარია რომელიმე კონკრეტულ სოციალურ ჯგუფზე, მათთან მიმართებით, შესაძლებელია, განხილულ იქნას ცვლილებები, არსებითად რამდენად მტკივნეულად და რამდენად მნიშვნელოვნად იქნა ასახული ამა თუ იმ საფასო პოლიტიკაში“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.




