რა პროფესიებია ,,დეფიციტური“ და ,,პოპულარული“ საქართველოში დღეს

დასაქმება

დღესდღეისობით საქართველოში, ფაქტია, რომ ახალგაზრდები ილტვიან იმ სფეროსკენ, რომელიც უფრო პერსპექტიულად ესახებათ.თუმცა აქ მნიშვნელოვანია ხარისხი. ის ადამიანები, რომლებიც ამთავრებენ „პრესტიჟულ“ სპეციალობებს, ხშირ შემთხვევაში არ გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა და უნარები, რის გამოც, შემდგომში იცვლიან სფეროს და სრულიად უკმაყოფილონი მიდიან სხვა, შედარებით ნაკლებად პრესტიჟული მიმართულებით.

დღეს საქართველოში ყველაზე ჭარბად იურისტები და ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტები გვხვდებიან. იქედან გამომდინარე, რომ აბიტურიენტების მხრიდან მოთხოვნა მაღალია აღნიშნულ პროფესიებზე დასაქმების შანსიც მცირდება. დეფიციტური კი, აგრომიმართულება და საინჟინრო ტექნოლოგიებია. 

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქართველი სტუდენტები უპირატესობას ძირითადად ჰუმანიტარულ ფაკულტეტებს ანიჭებენ, ძირითადად კი მდედრობითი სქესის წარმომადგენლები, მაშინ როდესაც სრულიად შესაძლებელია დეფიციტური და დასაქმებადი, ეგრედ წოდებული მომავლის პროფესიების ათვისება და აღნიშნულით მარტივად დასაქმება.

შრომის ბაზარზე მოთხოვნადია სხვადასხვა პროფესიული საქმიანობა, როგორებიცაა: საბანკო-საფინანსო საქმე, ბუღალტრული აღრიცხვა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგი, სარესტორნო მომსახურება, შინმოვლა, სადღესასწაულო ორგანიზების დაგეგმვა და სხვა.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აქტიურად ეწევა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროფესიული პროგრამების შეთავაზებას ბენეფიციართათვის, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვინც აპირებს სრულიად შეიცვალოს პროფესია და დაეუფლოს ახალს. ისინი პროფესიულ კოლეჯში შეძლებენ სწავლას, რის შემდეგაც გაიცემა სერთიფიკატი.

ავტორი: თინათინ დადუნაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები