„თუ დაბალი GPA გაქვს, მუშაობას ვერ დაიწყებ?“, – რა გავლენას ახდენს რეალურად უნივერსიტეტის ნიშნები სტუდენტთა დასაქმებაზე

დასაქმება

საქართველოში სტუდენტებისთვის ყოველდღიურად ათეულობით ვაკანსია იდება, სადაც დამსაქმებელი აპლიკანტს სხვადასხვა კრიტერიუმით ირჩევს – გამოცდილება, უცხო ენის ცოდნა, კომპიუტერული პროგრამების კარგად ფლობა და სხვა. მაგრამ, ოდესმე გინახავთ ვაკანსია, სადაც დამსაქმებელი რეზიუმეში თქვენი GPA-ის მითითებას ითხოვს?

სწორედ ამიტომ, STUDINFO.GE დაინტერესდა, რეალურად რა გავლენას ახდენს საქართველოში სტუდენტის GPA მის მომავალ დასაქმებასა და კარიერულ წინსვლაზე.

პირველ რიგში, შეგახსენებთ, რომ GPA აბრევიატურაა, რომელიც იშიფრება, როგორც – Grade Point Average და წარმოადგენს თქვენი ნიშნების საშუალო მაჩვენებელს. იგი სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემის შემადგენელი ნაწილია და გამოიანგარიშება სტუდენტის მიერ საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ყოველ სასწავლო კომპონენტში მიღებული შეფასების ნამრავლით, ამავე სასწავლო კომპონენტის კრედიტზე. საგნებისა და კრედიტების ნამრავლი ჯამდება და იყოფა გავლილი სასწავლო კომპონენტის კრედიტების ჯამურ რაოდენობაზე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ახალგაზრდების აზრის მოსასმენად, STUDINFO.GE-ის ჟურნალისტი „საქართველოს უნივერსიტეტს“ ეწვია.
გამოკითხული სტუდენტების უმეტესობამ, ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ მათი აზრით, GPA დასაქმების კუთხით გადამწყვეტ როლს არ თამაშობს.

გიორგი ჟამერაშვილი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ამბობს, იგი საერთოდ არ აქცევს სწავლისას საკუთარ GPA-ის ყურადღებას და ფიქრობს, რომ GPA ზოგადად დასაქმებაზე გავლენას არ ახდენს. გიორგის თქმით, შესაძლოა სტუდენტს საკმაოდ დიდი ცოდნა ჰქონდეს, მაგრამ უნივერსიტეტში შესაბამისი ქულა სხვადასხვა მიზეზის გამო არ ჰქონდეს მიღებული.

გიორგის მსგავსი მოსაზრება აქვთ გოგი ჩაჩანიძეს და ლაშა ჩოხელს, არქიტექტურის და ინტერიერის დიზაინის სტუდენტებს, რომლებიც თვლიან, რომ პიროვნულ უნარებსა და გამოცდილებას უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ დამსაქმებლები, ვიდრე GPA-ის.

განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, ასევე არქიტექტურის და ინტერიერის დიზაინის სტუდენტი, ნია კარიჭაშვილი:

„ჩემი აზრით, ჩემს GPA-ის სამომავლოდ დასაქმებაზე გავლენა ექნება, რადგან დამსაქმებლები, ვფიქრობ, რომ აქცევენ ყურადღებას პოტენციური კანდიდატის განათლების ხარისხს“, – განაცხადა ნია კარიჭაშვილმა STUDINFO.GE-სთან.

და მაინც, რა არის რეალობა? ადარდებთ თუ არა მსხვილ კომპანიებს სტუდენტის GPA, როდესაც საქმე მის სამსახურში აყვანას ეხება?

ამის გასარკვევად,  Georgian Service Group 2007-ის HR მენეჯერს, მაკა გველესიანს დავუკავშირდით. GSG 2007 კომპანიაა, რომელიც უცხოურ კომპანიებს კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯმენტში ეხმარება.

ადამიანური რესურსების სპეციალისტმა განგვიცხადა, რომ კომპანიაში ახალი თანამშრომლის აყვანისას სტუდენტის GPA-ის ყურადღებას საერთოდ არ აქცევენ. საუბრიდან ასევე ირკვევა, რომ კომპანიაში აპლიკანტს ე.წ შიდა ტესტირების გავლა უწევს, რის შემდეგაც წყდება მისი სამსახურში აყვანის ბედი.

STUDINFO.GE აგრეთვე ესაუბრა “ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის“ დირექტორს, მაკა კუკავას, რომელიც ახალგაზრდების დასაქმების და სტაჟირების ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობს.

საუბარში მან აღნიშნა, რომ GPA-ის ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ისეთ ინტელექტუალური მომსახურების სექტორებში, სადაც მნიშვნელოვანი თეორიული ცოდნაა, მაგალითად, როდესაც საქმე ბუღალტერიასა და ფინანსებს ეხება.

„GPA ნამდვილად ახდენს გავლენას აპლიკანტის სამსახურში აყვანაზე. ჩემს პრაქტიკაში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც კანდიდატები იმ თვალსაზრისით „დარეჯექტდნენ“, რომ დაბალი GPA ჰქონდათ.

რა თქმა უნდა, GPA-ის გარდა, ყურადღება ექცევა სამსახურის მიძიებლის გრაფიკს, უცხო ენის ცოდნას, კომპიუტერულ/ტექნიკურ უნარებს.

მიუხედავად სტუდენტის განათლების ხარისხის მნიშვნელობისა, საქართველოში არ არის იმის პრაქტიკა, რომ დამსაქმებლებმა ვაკანსიებში მიუთითონ ერთ-ერთ მოთხოვნად GPA-ის რეზიუმეში აღნიშვნა და ამას ძირითადად გასაუბრებისას განიხილავენ ხოლმე.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ როდესაც საქმე ტექნოლოგიური სფეროს მიმართულებით დასაქმებას ეხება, შესაძლოა საერთოდ სხვა ფაქტორებს მიექცეს ყურადღება და GPA-ის მნიშვნელობამ უკანა ფლანგზე გადაინაცვლოს, რადგან შესაძლოა ამ სფეროში ადამიანი თვითნასწავლიც კი იყოს“, – განაცხადა მაკა კუკავამ STUDINFO.GE-სთან.

საბოლოოდ, GPA სწორხაზოვნად რომც ახდენდეს, ან არ ახდენდეს გავლენას სტუდენტის დასაქმებაზე, ნებისმიერ შემთხვევაში სტუდენტი მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, რომ კარგად ისწავლოს და მაღალი ხარისხის განათლება მიიღოს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები