ცნობილია რა მთავარი კრიტერიუმით შეირჩევიან კურსდამთავრებულები ანაზღაურებადი სტაჟირებისთვის – „მზად ვართ, ძალიან ბევრი დავტოვოთ სამსახურში“

სტუდZona

„ჩვენ მზად ვართ, ძალიან ბევრი მათგანი დავტოვოთ სამსახურში”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა კურსდამთავრებულებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ პირდაპირ ეთერში საუბრისას 27 მარტს განაცხადა და ახალგაზრდებს ინფორმაციაც მიაწოდა, რომ 3 000-ზე მეტი კუსდამთავრებული 4 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებაზე მიმდინარე წლის ივლისის თვიდან შეირჩევა, სტაჟირება კი უკვე სექტემბრის თვიდან დაიწყება.

გიორგი ამილახვარის განცხადებით, სტუდენტებთან შეხვედრების ფორმატში ზუსტდება ის კრიტერიუმები, რომლებიც სტაჟიორთა შერჩევის პროცესში ობიექტური და სამართლიანი უნდა იყოს და თვლის, რომ GPA და მაღალი აკადემიური მოსწრება არის შერჩევის სამართლიანი ინდიკატორი, თუმცა შესაძლოა, მას სხვა კომპენენტებიც დაემატოს.

“რა თქმა უნდა, ბევრი მათგანი დარჩება სახელმწიფო სამსახურში. მაგალითად, მე შემიძლია გითხრათ ჩვენი უწყების მაგალითზე, ასეულობით ვაკანსია გვაქვს ახლა სისტემაში და პირიქით, ჰაერივით გვესაჭიროება ახალი, მოტივირებული, ცოდნამიღებული ახალგაზრდები, რომლებიც გამოიჩენენ თავს და სტაჟირების პროგრამაში სწორად გაართმევენ თავს თავიანთ უფლება-მოვალეობებს მენტორების დავალებებით და მეთვალყურეობის ქვეშ. ჩვენ მზად ვართ, ძალიან ბევრი მათგანი დავტოვოთ სამსახურში“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები