პრაქტიკული რჩევები ქართველი სტუდენტისგან, რომელსაც სწავლების ამერიკული, გერმანული და ბრიტანული გამოცდილება აქვს

სტუდენტური ცხოვრება

ნატალია ჭამიაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრია, რომელიც ბაკალავრიატის განმავლობაში ჯერ გერმანიაში Viadrina European University-ში, ხოლო მოგვიანებით, ამერიკაში Endicott-ის კოლეჯში სწავლობდა. ამჟამად იგი მაგისტრატურის საფეხურს ინგლისში, იორკის უნივერსიტეტში გადის, კერძოდ კი ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამას – გენდერისა და ქალთა კვლევებს შეისწავლის. იგი საკუთარ გამოცდილებას STUDINFO.GE-ის მკითხველს უზიარებს.

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

– მოკლედ მოგვიყევი რა მიმართულებაზე სწავლობ? 

– სამაგისტრო პროგრამას Gemma ჰქვია, რომელიც დაფინანსებულია ერასმუს მუნდუსის მიერ, თავის მხრივ კი, ერასმუს მუნდუსი ფინანსდება ევროკომისიის მიერ. ეს არის 2-წლიანი სამაგისტრო პროგრამა, აქედან წელიწად-ნახევარს პირადად მე ინგლისში გავატარებ, ნახევარ წელს კი ავსტრიაში. Gemma ეს არის გენდერისა და ქალთა კვლევები (gender and women’s studies), რომელშიც რამდენიმე მარშრუტი არსებობს.

– რა გზა გაიარეთ ინგლისში წასასვლელად და რამდენად საკმარისი აღმოჩნდა საქართველოში მიღებული განათლება?

– აქამდე, მხოლოდ საქართველოში არ მიმიღია განათლება, ჯერ გერმანიაში ვისწავლე, ხოლო შემდგომ ამერიკაში – ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროგრამით Global Ugrad-ით, ასე თუ ისე საერთაშორისო გამოცდილებაც მქონდა. მაგრამ, პროგრამაზე მოხვედრაში ქართული განათლება და ქართველი ლექტორები დამეხმარნენ. მათ მომცეს სარეკომენდაციო წერილები და ისე დამახასიათეს, რომ ინგლისის უნივერსიტეტში ვეღარ უარმყვეს, ერთ-ერთი ლექტორისგან მადლობის წერილი მომივიდა ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე. მაგრამ, მაინც მგონია, რომ არ ვიმსახურებდი ამ ყველაფერს.

რაც შეეხება თვითონ, პროექტს თუ რა ეტაპები გავიარე, თავდაპირველად ჩვენი ფბ-ჯგუფისთვის „W4W-ისთვის“ ვამზადებდი პოსტს, სადაც აღვწერდი სამაგისტრო პროგრამის სხვადასხვა მიმართულებას. ვიცოდი, რომ ჩემი ნაცნობი გიორგი დუნდუა სწავლობდა ამ მიმართულებაზე, ამიტომ მას ვთხოვე, ამ პროგრამის აღწერა გამოეგზავნა, გიორგიმ აბსოლუტურადყველაფერი გამომიგზავნა და მითხრა, რომ ამჟამად პროგრამა ღიაა და თუ ვინმეს ექნებოდა მონაწილეობის სურვილი სიამოვნებით დაეხმარებოდა. ეს პოსტი ჩვეულებრივ დავდე ჩვენს ჯგუფში და მეც გადავწყვიტე, რომ შემევსო აპლიკაცია. დედლაინამდე მაქსიმუმ 5 დღე იყო დარჩენილი, დარწმუნებული ვიყავი რომ ვერ გავიდოდი, თან ასე უცბად შევსებულზე რა უნდა გამეკეთებინა. ჩემს ლექტორებსა და თანამშრომლებს დავურეკე სარეკომენდაციო წერილებისთვის და გავგზავნე. შემდეგ გადავედი გასაუბრების ეტაპზე და ესეც ძალიან უცნაურად წარიმართა. გასაუბრებისას ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვიდეო, მაგრამ, ჩემი ვიდეო რატომღაც არ ჩაირთო, ისინი ვერ მხედავდნენ, მეც საოცარ სტრესში ვიყავი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მომივიდა პასუხი რომ პროგრამაში მიღებული ვიყავი.

– გაგვიზიარე რამდენიმე რჩევა, რაც ერასმუს მუნდუსის პროგრამის შესახებ უნდა ვიცოდეთ.

– მუნდუსის პროგრამები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია და ბევრ სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. საერთო რაცაა არის ის, რომ თავიანთ აპლიკაციაში სტუდენტებმა უნდა აჩვენონ, რომ, სწავლის დასრულების შემდეგ ისინი ნამდვილად გამოიყენებენ ამ ცოდნას და შეცვლიან თავიანთ გარშემო არსებულ საზოგადოებას უკეთესობისკენ. ძალიან მნიშვნელოვანია აჩვენონ თავიანთი ლიდერული უნარ-ჩვევები და გამოცდილება, მოტივაცია და პლუს ამას მომავალი გეგმები დაკავშირებული უნდა იყოს ამ კონკრეტულ მიმართულებასთან რასაც ირჩევენ. თუ აქვს ვინმეს სურვილი და შესაძლებლობა, რომ ბაკალავრიატზე, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაზე ერთი და იმავე ხაზს გაყვეს, ეს უფრო მომგებიანი იქნება სტიპენდიის მოპოვების კუთხით, იმიტომ რომ კარგად ჩანს რა გზა აქვს ადამიანს არჩეული და რას მიჰყვება.

ასევე ვურჩევდი რომ, აპლიკაციის შევსება დაიწყონ საკმაოდ ადრე, დაახლოებთ 3 თვით ადრე ვიცით ხოლმე როდის არის ბოლო ვადა და ამ სამი თვის განმავლობაში შესაძლებელია გამოცდისთვის კარგად მომზადება.

სარეკომენდაციო წერილებსა და თვითონ აპლიკაციას რაც შეეხება, სამი თვე იქნება ძალიან კარგი დრო, რომ წყნარად, მშვიდად გავაკეთოთ ყველაფერი. სტუდენტებს ვურჩევ რომ, საქართველოს ბიუროკრატიას მოერგონ და გაცილებით ადრე დაიწყონ ამაზე მუშაობა. სამოტივაციო წერილიც თვე-ნახევრით ადრე დაწერონ და ხშირად გადახედონ ხოლმე, დაიწყონ მის გაუმჯობესებაზე ფიქრი, რადგან სამოტივაციო წერილი საკმაოდ მოცულობითა.

ჩემ შემთხვევაში Gemma-ზე, არა თუ წერილი, არამედ რამდენიმე შეკითხვა პატარა თემასავით უნდა დაგვეწერა, რაც უფრო მეტად ორიენტირებული იყო, ჩვენ თავზე, ჩვენ პირად გამოცდილებაზე, ვიდრე მოტივაციაზე. ყველა პროგრამას სხვადასხვა სპეციფიკა აქვს და აი ეს სპეციფიკა კარგად უნდა დაიჭირონ, კარგად უნდა წაიკითხონ ამ პროგრამების აღწერები. ამის შემდეგ, საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, რომ დაფიქრდე და მოარგო შენი პიროვნება ამ ყველაფერს. ასევე, მნიშვნელოვანია კარგად ისწავლონ საბაკალავრო საფეხურზე, რადგან, მუნდუსის შემთხვევაში GPA მნიშნველოვანია.

– რა განსხვავება დაინახე ქართულ და ინგლისში მიღებულ განათლებას შორის? 

– საქართველოში მაგისტრატურაზე არ მისწავლია, არ ვიცი შეიძლება მაგისტრატურაზე სულ სხვა სპეციფიკაა, მაგრამ, აქ ინგლისში განათლების სისტემა მთლიანად სტუდენტზეა მორგებული. თუნდაც COVID-19-ის პერიოდში, სტუდენტებს გაუჭირდათ კონცენტრაცია, პლუს ამას პროგრამაზე ძირითადად სხვადასხვა ქვეყნიდან ვართ, თავიდან ყველანი ვნერვიულობდით, დავიწყეთ ჩვენი თავებისთვის რაღცების დაბრალება, მაგალითად, ის რომ დრო სწორად ვერ განვსაზღვრეთ, დედლაინის ვადა უკვე გვეწურება და სხვა. საბოლოოდ, ლექტორებს დაველაპარაკეთ ჩვენი შეგრძნებების შესახებ და ეს იმიტომ, რომ თავად ლექტორებმა გვკითხეს. მანამდე გვქონდა სესიები, თუ როგორ არ დავისტრესოთ კოვიდ სიტუაციისგან, ასევე მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რა კავშირში არის ჩვენი აკადემიური ნაშრომის წერა ჩვენ მენტალურ ჯანმრთელობასთან, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს ერთად და სხვა. ამ სესიებზე სტუდენტებმა გამოთქვეს თავიანთი პრობლემები, ლექტორებმა კი გადაწყვიტეს აბსოლუტურად ყველა სტუდენტისთვის, ვისაც პრობლემა ჰქონდა გადაეტანათ დედლაინი, ჩათვალეს, რომ კოვიდის მიერ გამოწვეული მენტალური პრობლემები საკმარისი იყო ამისთვის და არავისთვის არ მოუთხოვიათ რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი. პლუს ამას, შეიცვალა სისტემა და GPA-ის გმოთვლაში ყველაზე დიდი წონა ექნება იმ საგნებს, რომელშიც სტუდენტებს ყველაზე კარგი ქულები ექნებათ, ანუ თუ ერთ საგანს ჩააგდებ იმდენად სანერვიულო არ არის, რადგან, გამოთვლისას საშუალო ქულაში ნაკლები წონა ექნება. გარდა ამისა, ვისაც ინტერნეტის პრობლემა აქვს ყველას ეხმარებიან, ყიდულობენ როუტერებს, ტექნიკური პრობლემა თუ აქვთ აგზავნიან სპეციალისტებს, თუ ვინმეს არ აქვს ინტერნეტის საფასურის გადახდის საშუალება უნივერსიტეტი უხდის. აი ძალიან დიდი მხარდაჭერა არის სტუდენტების მიმართ.

თვითონ ლექციას რაც შეეხება, ძირითადად დისკუსიის ხასიათი აქვს. თავიდან 20-წუთიანი ვიდეოა ატვირთული სისტემაში, ვუყურებთ ამ ვიდეოს, გვაქვს ძალიან ბევრი საკითხავი მასალა, ვკითხულობთ იმისთვის, რომ ავიღოთ ინსპირაცია იქიდან და ეს ინსპირაცია საჭიროა ჩვენი აკადემიური ნაშრომების დასაწერად. არ ვკითხულობთ იმისთვის, რომ დავიზეპიროთ რაღაცები და მერე გამოცდები ჩავაბაროთ. ძალიან განსხვავებული მიდგომაა ამ კუთხით, თან იმდენად საინტერესოა მასალები, რომ სიამოვნებით მიდის ეს პროცესი, არანაირი ძალდატანება არ მჭირდება მეცადინეობისთვის. ლექცია-სემინარი ერთად არის და ცოტა უცნაური ფორმატია, ამჟამად ონლაინ სწავლება გვაქვს, ამიტომ ზუმში ტარდება ხოლმე ყველაფერი, გვაქვს დისკუსიები და ამ დისკუსიების ძალიან დიდი ნაწილი არის ერთმანეთისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება და უკეთესი პრაქტიკების მოძიება. ძალიან საინტერესოა, რადგან ბევრი ქვეყნიდან არიან წარმოდგენილები ადამიანები და უამრავ საინტერესო ისტორიას ვეცნობი. ამ დისკუსიების განმავლობაში კარგი დამოკიდებულებაა ერთმანეთის აზრების მიმართ, აქებენ და ახალისებენ ხოლმე ერთმანეთს, რათა კიდევ უფრო მეტი იფიქრონ. აბსოლუტურად სხვა გარემოა იმასთან შედარებით, რაც აქამდე გამომიცდია. როდესაც ვიღაცას აზრის ჩამოყალიბება უჭირს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უცხოელია და მშობლიურ ენაზე მოსაუბრე ბევრი არ არის, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ყველას აქვს გამოყოფილი დრო, რომ იფიქროს კარგად ჩამოაყალიბოს თავისი სათქმელი და თუ ვერ ჩამოაყალიბებს მერე სხვები ეხმარებიან, რათა რაღაცნაირად გამოთქვას თავისი აზრი. ძალიან დიდი ბედნიერებაა ესეთ გარემოში სწავლა.

ყველაზე მეტად ჩემთვის მნიშვნელოვანია ლექტორების დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ, ჩემი ჩამოსვლის პერიოდში აქ საშობაო არდადეგები იყო, შესაბამისად ყველა წასული იყო ქალაქიდან. როდესაც ჩამოვედი, 2 კვირის განმავლობაში მიწევდა თვითიზოლაციაში ყოფნა. არ მქონდა უფლება, რომ საჭმლის საყიდლად გავსულიყავი გარეთ და მაშინ ჩემმა ლექტორებმა, მიუხედავად იმისა რომ არ მოეთხოვებოდათ არანაირად, რამდენჯერმე დამირეკეს და შემომთავაზეს, რომ თვითონ მომიტანდნენ საკვებს, რაც ძალიან გულის ამაჩუყებელი მომენტი იყო ჩემთვის. სწორედ ლექტორები, რომლებიც ამ სისტემას ქმნიან, განაპირობებენ ესეთ პოზიტიურ გარემოს.

– რამდენია სტიპენდია და რამდენად საკმარისია იგი საცხოვრებლად?

– ერასმუს მუნდუსზე ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც არ უნდა წახვიდე თვის განმავლობაში გამოყოფილია 1000 ევრო. მაგრამ ეს 1000 ევრო მაგალითად, ბუდაპეშტში არის ძალიან კარგი, რადგან, ფასები დაბალია და საცხოვრებელში ცოტას გადახდა გიწევს, შესაბამისად, საკმაოდ ბევრი გრჩება, რომ იმოგზაურო და რაღაცები გააკეთო. ინგლისისთვის 1000 ევრო არ არის კარგი სტიპენდია, რადგან უკვე სახლში 500 ფუნტს ვიხდი, რომელიც 600-ევრომდე არის და ფაქტობრივად 400 ევრო რჩება სხვა რაღაცებისთვის. საკვებისთვის აბსოლუტურად საკმარისია, პლუს დაზღვევა ცალკე აქვს ერასმუს მუნდუსს და საბაზისო რაღაცებს საკმაოდ კარგად ფარავს. აქამდე გერმანიაშიც ვიმყოფებოდი, სადაც 850 ევრო მქონდა სტიპენდია და გაცილებით მსუბუქად ვცხოვრობდი იქ, არ მიწევდა რაღაცების დაზოგვა, ვიდრე აქ.

ევროში ჩარიცხული სტიპენდია უნდა გადმოვიყვანო ფუნტებში, ამაშიც თნახა იკარგება, პლუს ამას, კურსი როგორ იცვლება ამაზე ვარ დამოკიდებული. სტიპენდია საბაზისო რაღაცებს ფარავს და თუ ჭკვიანურად დაგეგმავ მოგზაურობასაც შეძლებ, უბრალოდ, სხვა ქვეყნებთან შედარებით, სადაც აქამდე მიცხოვრია ყველაფერი ძვირი არის მართლა და მთავარი „თიფი“, რაც შემიძლია სტუდენტებს ვუთხრა, არის ის, რომ ლარებში არ დაიწყონ აზროვნება, იმიტომ რომ ლარებში როდესაც გადმოიყვანენ მაშინვე ტრაგედიაა!

ვურჩევდი, რომ ყურადღებით იყვნენ ქვეყნების არჩევისას, ერასმუს მუნდუსზე სტიპენდია ერთი და იგივეა ყველა ქვეყანაში, ხოლო როდესაც გადათვლიან ხარჯებს, იცოდნენ რომ ინგლისი არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი მიმართულება, შემდეგი არის ჰოლანდია და სკანდინავიის ქვეყნები.

– გრჩებათ თუ არა თავისუფალი დრო, როგორ ატარებთ მას და არის თუ არა დასაქმების შესაძლებლობები?

– ჩემ შემთხვევაში, თავისუფალი დრო რაც ჩამოვედი არ მქონია, სულ 2 თვეა რაც აქ ვარ. პარალელურად ვმუშაობ მოხალისეთა ჰაბში, სადაც ვარ ტრენერი და კომუნიკაციების მენეჯერი, შესაბამისად, ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს. მაგრამ, მაინც გამოვყოფ ხოლმე დროს, კვირაში ერთ დღეს მაინც, რომ რაღაცა საინტერესო ვნახო გარშემო. თვითონ იორკი, სადაც ვცხოვრობ ძალიან საინტერესო ქალაქია, ბევრი რაღაცის ნახვა და გაკეთება შეიძლება. პლუს ეს ქალაქი არის ჰარი პოტერის ინსპირაცია. ლოკდაუნამდე ყველაფერი ძალიან სასიამოვნო იყო, მაგრამ, ახლა რადგან ჩაკეტილია ყველაფერი, მოცდის რეჟიმზე ვარ.

ზოგადად ერასმუს მუნდუსის სტუდენტებისთვის მარტო სასწავლო პროგრამას თუ ავიღებთ, შესაძლებელია თავისუფალი დროის გამოყოფა, მოგზაურობა, გართობა და ასევე მუშაობა პარალელურ რეჟიმში. ჩემ შემთხვევაში, 20 საათი ნებისმიერი სახის სამუშაოზე შემიძლია ვიმუშაო, კვირის განმავლობაში. თვითონ უნივერსიტეტშიც არის პატარ-პატარა შესაძლებლობები, მაგალითად, ენების სწავლების, შეგიძლია იყო სტუდენტების წარმომადგენელი და ამაში გარკვეულ თანხას იხდიან, უბრალოდ მე არ მიმიღია ამ რაღაცებში მონაწილეობა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი საქმე მქონდა ძალიან ბევრი საქართველოდან წამოღებული. რეალურად არის შესაძლებლობები.

პანდემიიდან გამომდინარე ბევრი რაღაც შეიცვალა, მაგალითად, ადმინისტრაციული საქმეები რაც იყო ეგ აღარ სჭირდება უნივერსიტეტს და უფრო შემცირდა ეს სამუშაოები. ასევე, უნივერსიტეტის გარეთაც ძალიან ბევრი სტუდენტი მუშაობდა, როგორც მიმტანის ან დელივერის სერვისებზე. მაგრამა ახლა, რადგან შეზღუდვებია, უფრო რთულია ესეთ რაღაცებზე დასაქმება.

– თქვენი მრავალფეროვანი გამოცდილებიდან გამომდინარე, მაინტერესებს რა არის საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების ყველაზე რთული მხარე?

– თავიდან, რასაც შევეჩეხე საკუთარ თავში იყო ეგ პრობლემა, რატომღაც მეგონა. რომ როდესაც საზღვარგარეთ წავიდოდი არანაირი პრობლემა არ შემექმნებოდა ემოციურად, არაფერი მომენატრებოდა ქართული, იმიტომ რომ ისედაც ცოტა ხნით მივდიოდი. მაგრამ, დაახლოებით 1 თვეში დამეწყო საშინელი სევდა, ისე მენატრებოდა ყველაფერი, ძალიან რთული იყო ამასთან გამკლავება ჩემთვის. მეორე და მესამე წამოსვლაზე უკვე ვიცოდი და რაღაც სტრატეგიებიც მქონდა, შესაბამისად მშვიდადა და წყნარად მივუდექი ამ ყველაფერს.

მეორე სირთულე, ეს არის სისტემები, რაც სხვადასხვანაირია. აი მაგალითად, თსუ-ში ხომ არის LMS TSU, გერმანიაში მქონდა 3 ეგეთი სისტემა, ენებისთვის ცალკე იყო მაგალითად, ჩემი მიმართულებისთვის ცალკე იყო, დამატებით საგანს თუ ავიღებდი ეგეც ცალკე იყო და ამ სისტემებში გარკვევა იყო ჩემთვის კატასტროფა.

პლუს საგამოცდო სისტემებიც სხვადასხვანაირია, ჩვენთან ხომ დასწრებაში, აქტიურობაში ცალ-ცალკე იწერება ქულა, ესეს თავისი წონა აქვს, გამოცდას თავისი. გერმანიაში კი არანაირ შეფასებას არ იღებდი, როგორც კი დასრულდებოდა მეცადინეობები, ესე გვქონდა დასაწერი ან გამოცდა ჩასაბარებელი და ის ერთი რაღაც წყვეტდა მთლიანი სემესტრის ქულას. ამასთან შეგუება ცოტა გამიჭირდა, განსაკუთრებით იმიტომ რომ, საქართველოში აკადემიური ნაშრომების წერის კარგი გამოცდილება არ მქონდა და ძალიან მეშინოდა, რომ ცუდად დავამთავრებდი. პლუს ამას, ძალიან დიდი სტრესი იყო მთელი სემესტრის განმვლობაში, რადგან არ ვიცოდი საით მივდიოდი და პროგრესსაც ვერ ვხედავდი, აბსოლუტრად განსხვავებულ სამყაროში ხარ და რამდენად არაადეკვატური ან ადეკვატური ხარ ამ სამყაროში ვერ ხვდები, სანამ არ დამთავრდება სემესტრი, ეს ძალიან რთული იყო ჩემთვის.

ამერიკაში ცოტა სხვანაირი პრობლემები მქონდა, აქ საგნები სხვანაირად იყო მოწყობილი, აი საქართველოში კვირაში ერთხელ გაქვს ლექცია და სემინარი, ხშირად ესენი ერთად არის ხოლმე. ამერიკაში კი, როგორც სკოლაში გვაქვს საგნები, ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი ან სამშაბათი, ხუთშაბათი, ზუსტად ასე იყო განაწილებული საგნები, პლუს გაცდენა იყო კატასტროფა, არანაირად არ უნდა გამეცდინა. ჩემი ცხრილი გაწელილი იყო მთელ კვირაზე, შესაბამისად მოგზაურობის შესაძლებლობა იმდენად არ იყო.

აქ ინგლისში, რადგან გამოცდილება უკვე მიღებული მაქვს, უფრო მარტივია რაღაცებთან შეგუება. ამერიკაშიც იყო Writing Center – ანუ ცენტრი, რომელიც გეხმარება შენი ნაშრომი აკადემიურად ძალიან მაღალ დონეზე დაწერო, მიუხედავად იმისა, რომ ენა არ იცი ისევე კარგად, როგორც ინგლისელებმა ან ამერიკელებმა იციან. ძალიან კარგად ვიყენებდი ამ სერვისს ამერიკაში და ახლაც ვიყენებ ინგლისშიც. უნივერსიტეტს ასევე აქვს სხვა სერვისებიც, მაგალითად, არსებობენ ტუტორები, ამ ადამიანებს უნივერსიტეტი უხდის ფულს, იმისთვის რომ, მაგალითად, თუ რაღაცა ვერ გაიგე რომელიმე საგანში დასხდნენ შენთან ერთად და აგიხსნან. გასაოცარი რაღაც იყო ჩემთვის ეს სერვისები, ძალიან გაამარტივა ამ ყველაფერმა ჩემი ცხოვრება და სტრესიც მოიხსნა, ბევრი დამტებით რესურსი არსებობს, რაც მეხმარება საბოლოოდ კარგი შედეგის მიღწევაში.

– კორონავირუსის პანდემიის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის საკითხები, ამ კუთხით რა განსაკუთრებული პრივილეგია აქვთ სტუდენტებს? 

– ერასმუს მუნდუსელებს გვაქვს ერთი და იგივე დაზღვევა, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია და ისედაც მოიცავს ყველაფერს, ანუ გაუმჯობესებული პაკეტი მე მგონი, არ არსებობს, ამიტომ ვერ ვიტყვი სხვა სტუდენტებთან დაკავშირებით. რაც შეეხება უნივერსიტეტს, იგი გვაძლევდა ტესტის გაკეთების შესაძლებლობას, ოღონდ ჩემ შემთხვევაში, როდესაც ზამთრის არდადეგებზე ჩამოვედი ტესტი ვერ მივიღე, რადგან, თვითონ უნივერსიტეტი ისვენებდა. სხვები, რომლებიც ოდნავ მოგვიანებით ჩამოვიდნენ მივიდნენ უნივერსიტეტში ან უნივერსიტეტის წარმომადგენელი მივიდა მათთან, ტესტი გაუკეთეს და აღარ დასჭირდათ თვითიზოლაციაში ყოფნა. ეს სერვისი ნამდვილად ჰქონდათ, მაგრამ, მე ვერ გამოვიყენე.

– როგორ ახერხებთ კომუნიკაციას მეგობრებთან და რამდენად სტრესულია ეს პერიოდი თქვენთვის, რა შეზღუდვები მოქმედებს ამ ეტაპზე ინგლისში? 

ყველაფერი დაკეტილია, რესტორნები, მუზეუმები და ძალიან გული მწყდება. მაღაზიები თვითონ ღიაა, ასევე ყავის მაღაზიები, პარკები, საჯარო ტრანსპორტი მუშაობს ჩვეულებრივად და უნივერსიტეტიც დაკეტილია. ჩემს კურსელებსაც არ შევხვედრილვარ, სამწუხაროდ. ერთადერთ ადამიანს შევხვდი, რომელიც თვითიზოლაციაში ყოფნისას მეხმარებოდა საკვებთან დაკავშირებულ საკითხებში. ახლა ჩემს ერთ-ერთ კურსელთან ერთად ვცხოვრობ, ეს არის ჩემი ერთადერთი კომუნიკაცია, ვისთანაც მაქვს ფიზიკურად. დანარჩენებს ონლაინ ვხვდები ხოლმე ლექციებზე.

ლექციების გარდა, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი დამატებითი შესაძლებლობა, მაგალითად შეხვედრები, როგორ დავწეროთ აკადემიური ნაშრომი, მენტალური ჯანმრთელობის თემაზე, ასევე გვაქვს იოგას სესიებიც სადაც, ჩემი სხვა კურსელები შედიან და იოგას აკეთებენ ერთად ან მედიტირებენ ერთად, კიდევ ძალიან ბევრი რამ. ის განცდა არ მაქვს, რომ ვიღაცას არ ვიცნობ სხვათა შორის, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს. როდესაც შევხვდებით ალბათ, ძალიან მარტივი იქნება კომუნიკაცია.

– როგორია ხალხის დამოკიდებულება უცხოელი სტუდენტების მიმართ, იყო ისეთი ჩვევები რასთან შეგუებაც გაგიჭირდა? 

– სტუდენტებსაც და ლექტორებსაც ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ, თვითონ ლექტორებიც არიან სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგალითად ერთი ბულგარეთიდანაა და ერთიც ვიეტნამიდან, ანუ ცდილობენ რომ ეს მრავალფეროვნება ჰქონდეთ ლექტორებშიც. სტუდენტებში ძალიან წახალისებულია, რომ რაც შეიძლება მეტი სხვადასხვა გამოცდილების ადამიანი იყოს ერთად. ოღონდ ეს ჩემ მიმართულებაზე, აქ განსაკუთრებით არის მიმღებლობა, რადგან ქალთა კვლევებში და გენდერულ კვლევებში ძალიან მნიშვნელოვანია ეთნიკურობის კომპონენტი და რასიზმი.

წეს-ჩვეულებას რაც შეეხება, ტრადიცია არ ვიცი რამდენადაა ეს მაგრამ, ონკანები არის ცოტა უცნაურად მოწყობილი, ანუ ხელსაბანის ერთი ონკანის მაგივრად გვაქვს 2 ონკანი, ერთიდან მოდის ძალიან ცხელი წყალი და მეორედან ძალიან ცივი. როცა გინდა რომ ხელი დაიბანო თბილი წყალი არ გამოდის არსაიდან და მანდ ხელების დაბანის სწავლა იყო ურთულესი მომენტი, ჯერ ერთ ხელს ცხელ წყალს ვუშვერდი და მეორეს ცივს და არ გამოდიოდა ეგრე ან ერთი მეწვებოდა ან მეორე მეყინებოდა, მერე ვცვლიდი ამეებს და ძალიან ბევრი ვიწვალე. საბოლოოდ, როგორც იქნა ვისწავლე როგორ უნდა დავიბანო სახე და ხელები. კიდევ გზების თვალსაზრისით იყო რთული, ჩვენთან სხვა მხარეს ატარებენ მანქანებს და ინგლისში სხვა მხარეს. სულ ვიბნევი ხოლმე, გზაზე გადასვლისას ყველა მხარეს ვიყურები. მერე ესეთი სტრატეგია მქონდა, რომ ვიღაცას ამოვირჩევდი ხოლმე და იმას ვუყურებდი როგორ გადადიოდა გზაზე და მეც მივყვებოდი. საბოლოოდ, აღმოვაჩინე, რომ არც თვითონ უყურებენ არც საგზაო წესებს და არც შუქნიშანს.

– როგორია სამომავლო გეგმები და უკავშირდება თუ არა ის საქართველოს?

– პროგრამის დასრულებისთანავე ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას. ასევე მუშაობის გაგრძელებას ქალებისა და ახალგაზრდების მიმართულებით, მაინტერესებს განათლების სფერო და აი ამ სამი კომპონენტის ერთმანეთთან დაკავშირებას ვგეგმავ. პლუს მოხალისეთა ჰაბი და W4W არის ძალიან მნიშვნელოვანი ორი ინიციატივა, რომლის გაგრძელება და განვითარებაც მსურს, ახალი გეგმებიც მაქვს. დოქტორანტურის გაგრძელებაც მინდა, რადგან ჩემი ოცნებაა ვიყო ლექტორი, დოქტორანტურის საფეხურზე, ალბათ, განათლების მიმართულებით ვისწავლი და რაც ყველაზე მეტად მინდა, არის საქართველოს რეგიონების წინა პლანზე წამოწევა.

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, რაც სიარული დავიწყე რეგიონებში ძალიან ბევრ ისეთ პრობლემას წავაწყდი, რაც არასდროს მიფიქრია, რომ სადმე შეიძლება პრობლემა ყოფილიყო. თვითგამოხატვის შესაძლებლობები არ არის ელემენტარული. ძალიან მინდა, რომ საქართველოს რეგიონებში აქტიურად ვიმუშაო ახალგაზრდების გაძლიერების კუთხით და ახალგაზრდების განვითარების შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით, ვნახოთ, იმედია გამომივა ეგ ამბავი.

– რჩევა რომელიც სტუდენტებისთვის გექნებათ…

– ჩემი რჩევაა, რომ სანამ სწავლას დაიწყებენ გაარკვიონ როგორი სისტემა არის უნივერსიტეტში, როგორ იწერება ქულები, ონლაინ სივრცე როგორი არის, საიდან უნდა გადმოწერონ რაღაცები, სად უნდა ატვირთონ თავიანთი ნაშრომები და სხვა. მე, როდესაც უნივერსიტეტში მოვხვდი, პირველ დღეს არაფერი ვიცოდი და სიტყვა კრედიტი რომ გავიგე მეგონა კრედიტის აღებას მთხოვდნენ, ძალიან ბევრი ვინერვიულე. ესეთი თავგადასავალი რომ არ გადახდეთ ჯობია რომ თავიდანვე გაერკვიონ სისტემებში და თუ აქვთ შესაძლებლობა სანამ ჩააბარებენ, მანამდე, დაესწრონ ლექციებს იმ უნივერსიტეტში, სადაც სწავლის გაგრძელება სურთ და ნახონ ნამდვილად ის არის, რაც წარმოუდგენიათ თუ არა. რადგან საქართველოში ხშირია ხოლმე იმედგაცრუება, სულ სხვა რაღაცას ელოდებიან და მერე სულ სხვა ხვდებათ. ესეთი განცდა რო არ ჰქონდეთ, ჯობია წინასწარ მიიღონ ამის გამოცდილება და მზად იყვნენ ამისთვის, კიდევ GPA-ის შესახებ თავიდანვე იცოდნენ სტუდენტებმა, მე და ჩემმა კურსელებმა ცოტა მოგვიანებთ აღმოვაჩინეთ, რომ GPA არსებობდა, ასევე იცოდნენ რომ არსებობს წითელი და ლურჯი დიპლომი. ესეთი რაღაცები ძალიან გვიან გავიგეთ ჩვენ, თავიდანვე როდესაც იციან ადამიანებმა გაცილებით უკეთ შეუძლიათ დაგეგმონ ყველაფერი.

ავტორი: თეკლა ადამია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები