„მგონია, არაფერი ვიცი“ – რას ამბობენ სტუდენტები შფოთვის შემთხვევებზე

სტუდენტური ცხოვრება

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) ახალგაზრდების, კერძოდ კი 18-დან 24-წლამდე საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების მენტალური ჯანმრთელობის შეფასებით დაინტერესდა და საკითხის შესახებ მომზადებული კვლევის შედეგებიც 2023 წლის აპრილში გამოაქვეყნა. UNICEF-მა კვლევა შვიდ სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაატარა. მათ შორის გამოკითხა ქართველი და უცხოელი სტუდენტებიც. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 3 000-მდე ახალგაზრდამ თბილისიდან დარეგიონებიდან.

გაეროს ბავშვთა ფონდი კვლევის რამდენიმე ძირითად მიგნებას გამოყოფს:

  • სტუდენტების 97%-ს სმენია ტერმინი „ფსიქიკური ჯანმრთელობა”, თუმცა მათი მესამედის თქმით, საკითხზე ბევრი არაფერი იცის;
  • 44%-ის თქმით, თუ მიხვდება, რომ სპეციალისტის დახმარება სჭირდება, არავის მიმართავს და პრობლემას თავად მოაგვარებს;
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ახალგაზრდები ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია;
  • გამოკითხულთა უმრავლესობა(72%) ამბობს, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მათთვის ხელისშემშლელი იყო ყოველდღიურ აქტივობებში;
  • გამოკითხულთა მესამედს ერთხელ მაინც უფიქრია სუიციდზე

„საქართველოში გამოკითხული სტუდენტების მესამედს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უფიქრია სუიციდზე“ – UNICEF-ის კვლევის შედეგები

UNICEF-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ ყოველი მეოთხე გამოკითხული განიცდის საშუალო ან ძლიერი შფოთვის სიმპტომებს. „შფოთვა არის განცდა, რომელიც გეუფლება, როცა რაღაცაზე ღელავ ან გეშინია. ეს არის შიშის ან პანიკის ბუნებრივი, ადამიანური შეგრძნება. შფოთვის გადავლის შემდეგ, ჩვენ, როგორც წესი, ვმშვიდდებით და თავს უკეთ ვგრძნობთ”, – შფოთვის (anxiety), ფსიქიკური ჯანმრთელობის ამ მდგომარეობის განმარტებას თავად გაეროს ბავშვთა ფონდი გვაძლევს.

„შფოთვის სიმპტომები ზოგჯერ საკმაოდ კომპლექსურია და შესაძლოა, სტრესული მოვლენიდან დიდი ხნის გასვლის შემდეგაც გამოვლინდეს. შფოთვისთვის დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომებია: ფოკუსირების პრობლემა – კონცენტრაციის ნაკლებობა, პანიკის, ნერვიულობის ან გაღიზიანების შეგრძნება, გადატვირთულობის ან ძლიერი შიშის გრძნობა, კონტროლის დაკარგვის შეგრძნება, დაღლილობა და სიბრაზე”, – წერია გაეროს ბავშვთა ფონდის განმარტებაში.

UNICEF-ის კვლევის მსგავსად, STUDINFO.GE რამდენიმე სტუდენტს ესაუბრა და შფოთვითი აშლილობის საკუთარი გამოცდილების შესახებ ვკითხეთ. დავინტერესდით, აქვს თუ არა კავშირი მათი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებსა და უნივერსიტეტს, ხომ არ არის ეს პრობლემის გამომწვევი, როგორ უყურებენ მომავალს და როგორ უმკლავდებიან შფოთვით აშლილობას.

ჩვენი რესპონდენტები მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების სავარაუდო გამომწვევ მიზეზებზე გვესაუბრნენ. ხატია ნადირაძე და სოფო გიორგაძეც შფოთვის ერთ-ერთ მიზეზად უნივერსიტეტში სწავლას, ამით გამოწვეულ სტრესსა და გამოცდების თუ დედლაინების პერიოდში ბევრ საქმესა და ცოტა დროს ასახელებენ.

„უნივერსიტეტი არ ეხმარება სიტუაციას… ყოველი სემინარი და გამოცდა სტრესულია და შეიძლება, შფოთვებიც გამოიწვიოს. ზოგი ლექსტორის ქცევაც კი მუდმივ სტრესში მამყოფებს“, – ამბობს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი, ხატია ნადირაძე.

„ხშირად მქონია პანიკური შეტევები, რაც, ძირითადად, სტუდენტობას უკავშირდება: ბევრი ტირილი, ხელების კანკალი…,“ – იხსენებს სოფო გიორგაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი.

სტუდენტების თქმით, უნივერსიტეტი მათი შფოთვის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია და შფოთვით კიდევ უფრო რთული ხდება უნივერსიტეტთან, გამოცდებთან გამკლავება და სხვებთან ურთიერთობაც.

„გამოცდების პერიოდში მემართება ასე [შფოთვა] და იმ დროს, როდესაც დედლაინები „მიჭერს“. მგონია, რომ ცოტას ვმეცადინეობ, არაფერი ვიცი და ყველაზე ნაკლებს მე ვაკეთებ. ალბათ, გამოცდებს და ქულებს უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, ვიდრე საჭიროა“, – გვიყვება სოფო გიორგაძე.

საქართველოში სტუდენტების ნაწილს, უნივერსიტეტში სწავლასთან ერთად, მუშაობაც უწევს. მათი დიდი ნაწილი სამომხმარებლო სფეროშია დასაქმებული და ნაწილიც სრული დატვირთვით მუშაობს. სოფო გიორგაძეც სამომხმარებლო სფეროში მუშაობს. სტუდენტი ყურადღებას ამახვილებს თან სწავლისა და თან მუშაობის სირთულესა და მსგავსი ყოველდღიურობის გავლენაზე მენტალურ ჯანმრთელობაზე:

„როცა ამბობენ – თუ მოინდომებ, სწავლას და სამსახურს შეუწყობო, ასე მარტივადაც არაა საქმე, როგორც ჟღერს. ეს მონდომება უძილობას, გამოცდასა და სემინარზე ნახევრად მძინარე ჯდომასა და სამსახურში ძილს გულისხმობს. დრო არასდროს არაფრისთვის გრჩება. როცა სამსახურს ცხრაზე ამთავრებ და სახლში მისულს ძილი კი არა, სწავლა გიწევს, ფიქრიც კი სტრესი და პანიკაა“, – ამბობს სოფო გიორგაძე.

სტუდენტები საუბრისას აღნიშნავენ, რომ საკუთარი მენტალური ჯანმრთელობის გათვალისწინებით, უჭირთ მომავალზე ფიქრი და დაგეგმვა, შესაძლებლობების შეფასება..

„ზოგჯერ შემდეგი დღის დაგეგმვაც კი მიჭირს, შორეულ მომავალზე საუბარიც ზედმეტია“, – ამბობს ხატია ნადირაძე.

ამავეს გვეუბნება სოფო გიორგაძე: „აი, რა მოხდება დღეს, ერთ კვირაში, ორ წელში.. ყველაფერი სამი კვირით ადრე უნდა ვიცოდე, თუ მინდა, რომ შფოთვა თავიდან ავირიდო”.

სოფო გიორგაძე ამატებს: „რაღაც შესაძლებლობები რომ გამომეყენებინა, ვფიქრობდი, რომ უნივერსიტეტს საერთოდ ვერ დავამთავრებდი..“

ჩვენ მიერ გამოკითხული სტუდენტები თავადვე ეძებენ გამოსავალს, თუ როგორ გაუმკლავდნენ შფოთვას.

ხატია ნადირაძე კითხვაზე გვპასუხობს: „ერთადერთი, რაც მეხმარება, არის ჩემი თავის იზოლირება სამყაროსგან. ვერ ვიტყოდი, რომ ყველაზე ეფექტური მეთოდია, მაგრამ გამკლავების სხვა საშუალება არ მაქვს“.

როგორც UNICEF-ის კვლევა და ჩვენი რესპონდენტებიც ადასტურებენ, შფოთვის შემთხვევები სტუდენტებში ხშირია. მათი უმრავლესობა კი პრობლემას უნივერსიტეტს უკავშირებს, ზოგი უნივერსიტეტს გამომწვევ მიზეზად ასახელებს, ზოგიც ფიქრობს, რომ ეს მათ უნივერსიტეტში სწავლაზე გავლენას ახდენს.

თეკლა ხარაზიშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები