ელენე ჩოხელი – ჟურნალისტიკის სტუდენტის ერთი დღე

სტუდენტური სახე

ჩვენს გონებაში რომანტიზირებული პროფესიები ხშირად არ ემთხვევა იმ რეალობას, რაც უნივერსიტეტებში გვხვდება. ინფორმაციის ნაკლებობა იწვევს ფაკულტეტის არასწორად შერჩევას და, შემდეგ, დარდს, რომ წლები ტყუილად დავკარგეთ. თუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარებას ფიქრობთ, ეს სტატიაა თქვენთვის არის. გაეცანით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტის ერთ რიგით დღეს.

ელენე ჩოხელი მესამე კურსზეა და წელს, ძირითადად, პრაქტიკულ საგნებს სწავლობს. იგი ამჟამად საკუთარი პროფესიით არ მუშაობს, თუმცა ხშირად მონაწილეობს საუნივერსიტეტო კონფერენციებში და ცდილობს, რომ აქტიური სტუდენტი იყოს.

მისი ორშაბათი დღე, რომელიც მთლიანად უნივერსიტეტს ეთმობა, საკმაოდ დამღლელი და შრომატევადია.

08:00AM – მაღვიძარა გაუჩერებლად რეკავს. ელენე ტელეფონს იღებს და დილის სიახლეებს ამოწმებს, თან გამოფხიზლებას ცდილობს. “აზრზე მოსვლის წუთები” – ასე ეძახის თავად დღის ამ მონაკვეთს.

08:30AM – საწოლიდან ადგომის დროა. საათ-ნახევარი გვაქვს იმისთვის, რომ ვისაუზმოთ, დღის TO DO LIST ჩამოვწეროთ, ჩავიცვათ და ამ გამზადების ფონზე სპორტულ სიახლეებს ვუსმინოთ. “ვინაიდან სპორტის სფერო მაინტერესებს, აქტიურად უნდა ვიყო ამ პროცესებში ჩართული. ეს ვალდებულება არ არის, მაინტერესებს და ჩემი პროფესიისთვის ასეა საჭირო.”

10:00AM – ელენე გარეუბნებში მცხოვრები სტუდენტების ბედს იზიარებს, ამიტომ სახლიდან გასვლა ერთი საათით ადრე უწევს. მეტროში დრო რესპონდენტებზე ინფორმაციის მოძიებაში ან კითხვების მოფიქრებაში გაჰყავს. რუსთაველზე მას თანაკურსელები ხვდებიან და დავალებების განხილვის ფონზე უნივერსიტეტამდე ფეხები თავისით მიიკვლევენ გზას.

11:00AM – იწყება დღის პირველი ლექცია საგანში – “ვიზუალური თხრობა სოციალური მედიისთვის”. სამი საათის განმავლობაში, სტუდენტები სხვადასხვა აქტივობებით არიან დაკავებული. ლექტორმა, ლიანა მარქარიანმა, ბოლო ლექციაზე ახალგაზრდების სამ ჯგუფს ვიზუალური თხრობის წიგნიდან მასალა ჩამოურიგა და მასზე პრეზენტაციის წარმოდგენა დაავალა. სტუდენტები დააკვირდნენ ფოტოებს, მათზე განთავსებულ წარწერებს და დასკვნები სემინარზე ერთობლივად წარმოადგინეს.

01:40PM – თუ ელენეს გაუმართლა, “ვიზუალური თხრობის” ლექცია შედარებით ადრე სრულდება და ჭამისთვის 10-20 წუთი აქვს. რა თქმა უნდა, ეს დრო საკმარისი არ არის, მაგრამ არის დღეები, როდესაც ეს წუთებიც სანატრელია…

02:00PM – ყველა სტუდენტისთვის საყვარელი ლექტორის, დავით გორგილაძის ლექცია იწყება. ბატონი დავითი სტუდენტებს უკითხავს საგანს – “საზოგადოებასთან ურთიერთობა და ამბის თხრობა”. ამ ლექციაზე, ძირითადად, ელენე და მისი თანატოლები საუბრობენ ლიტერატურაზე, ფილმებზე, ასრულებენ კრეატიულ დავალებებს და ლექტორისგან მითითებებს იღებენ. ბოლოს გამართულ შეხვედრაზე სტუდენტებს შემდეგი დავალების შესრულება მოუხდათ – წარმოიდგინე კაფე, დაწერე ქვითარი და გააკეთე ეს ისე, რომ მასში ჩამოთვლილი პროდუქტები გვიყვებოდნენ ამბავს შემკვეთზე და კაფეში არსებულ სიტუაციაზე.

ელენეს ქვითარი ასე გამოიყურება:
“კაფე “პრაქტიკა”
1. სამი ჩაი – 3 ლარი.
გადახდის დრო: 14:11

კაფე “პრაქტიკა”
1. სენდვიჩი. ორი ცალი. – 18 ლარი.
2. პასტა – 13 ლარი.
გადახდის დრო: 19:38”

04:00PM – პრაქტიკული საგნის დროც მოვიდა. ელენე “რადიომედიის” ლექციას ესწრება და ლექტორს თავის ჩანაწერებს ასმენინებს. ეს შეიძლება იყოს ვოქსპოპი, ვოისერი, ახალი ამბები ან მსგავსი. სტუდენტები ერთმანეთს უსმენენ და ერთად განიხილავენ ხარვეზებს.

06:00PM – ლექციები დასრულდა! დროა სახლში წავიდეთ…

07:00PM – პირველი, რასაც ელენე სახლში მისვლისას აკეთებს, ყავის მომზადებაა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაღლილია, საქმე ჯერ არ დასრულებულა.

08:00PM – გადავხედოთ დილით შედგენილ TO DO LIST-ს და შევამოწმოთ რა შევასრულეთ, ან რა დაგვრჩა გასაკეთებელი. ვინაიდან ელენე ნომრის რედაქტორია “ბეჭდური მედიის” საგანში, უწევს გაეცნოს რედაქციის წევრების ნაშრომებს და შეუთანხმდეს რესპონდენტებს. ამას გარდა, მან უნდა შეაგროვოს სპორტული სიახლეები მომდევნო დღისთვის და დაასრულოს სალექციო მასალების კითხვა.

02:00AM – საქმე დასრულდა. ელენეს ხვალ ახალი დღე და გამოწვევები ელოდება. ახლა უკვე ძილის დროა…

ახალი ამბების მუდმივი გადამოწმება, კრეატიული დავალებების წერა და რესპონდენტებთან ურთიერთობა – თუ ელენეს დღეს საინტერესოდ მიიჩნევთ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ნამდვილად თქვენთვის არის!

ავტორი:ზანდა გედენიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები