„პრაქტიკა არ გვაქვს, ეს უბრალოდ თეორიის სწავლაა“ – რა გამოწვევებითა და მიღწევებით ხვდებიან ახალგაზრდები სტუდენტთა საერთაშორისო დღეს

სტუდZona

17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღეა. რა გამოწვევებით ან მიღწევებით ხვდებიან საქართველოში სტუდენტები ამ დღეს, რაში გრძნობენ უნივერსიტეტისა და სახელმწიფოს მხარდაჭერასა თუ დახმარებას და რა არის ის, რაც მათ სჭირდებათ და ამაზე არავის უზრუნია – EDU.ARIS.GE-მ გადაწყვიტა, ამ კითხვებზე პასუხები თავად სტუდენტებისგან მიეღო და ამ მიზნით, დღეს, 17 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა.

ჩვენი პირველი რესპონდენტი ჯიმშერ მამუკელაშვილია გორიდან. ის პირველ კურსზეა და რუსულ ფილოლოგიას სწავლობს. როგორც ჯიმშერი გვეუბნება, უნივერსიტეტი, კონკრეტულ პროგრამაზე სწავლების გარდა, საშუალებას აძლევს სტუდენტებს, რომ განვითარდნენ და სხვადასხვა სფერო და ამ სფეროში საკუთარი თავი აღმოაჩინონ:

„უნივერსიტეტს აქვს წრეები, რომლებშიც შეგიძლია ჩაერთო. მაგალითად, ჩემი კურსელი სიმღერის წრეზე დადის და დღეს კონცერტი აქვს. მეც მუსიკოსი ვარ, ვუკრავ, გორში ბენდიც გვაქვს. ჩემი აზრით, ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ ნიჭი, მაგრამ აქამდე შეხება არ ჰქონიათ აუდიტორიასთან, ეს ძალიან კარგი გამოცდილებაა საწყის ეტაპზე“.

გარდა ამისა, მისივე თქმით, ფინანსური კუთხით სახელმწიფოც და უნივერსიტეტიც ზრუნავენ სტუდენტზე – ერთი მხრივ, სწავლა სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო გახდა, მეორე მხრივ კი თსუ-სა და სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლობის შედეგად, ხშირად სტუდენტები სხვადასხვა მომსახურებებს სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით იღებენ, რაც ჯიმშერ მამუკელაშვილის აზრით, განსაკუთრებით რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის, დიდი შეღავათია.

ერთადერთი, რაც ჩვენს რესპონდენტს არ მოსწონს, უნივერსიტეტში სწავლების პერიოდში პრაქტიკული გამოცდილების მიღების შეუძლებლობაა და სწორედ ამ მიმართულებით ისურვებდა გაუმჯობესებას:

„პრაქტიკა არ გვაქვს, სამწუხაროდ. შენ შეიძლება ჩააბარო კონკრეტულ ფაკულტეტზე, მაგრამ ეს არის უბრალოდ თეორიის სწავლა. თეორია და პრაქტიკა კი საკმაოდ განსხვავდება ერთამენეთისგან. ამან, შესაძლოა, დიდი დაბრკოლება შეგიქმნას მომავალში. კარგი იქნებოდა, თუ ცოტა დრო მაინც იქნებოდა გამოყოფილი და შევხვდებოდით იმ სფეროს პროფესიონალებს, რასაც ვსწავლობდით, ჩავაყენებდით თავს დასაქმებულის მდგომარეობაში – ეს აუცილებელია“.

თსუ-ში ქართულ ფილოლოგიას სწავლობს პირველკურსელი ნინი ცქიტიშვილი. ამბობს, რომ ჯერ ახალია და შიდა სამზარეულოს კარგად არ იცნობს, თუმცა ამ ეტაპზე მისთვის ყველაფერი დამაკმაყოფილებელია. ნინის განსაკუთრებით უფასოდ სწავლის შესაძლებლობა მოსწონს და ფიქრობს, რომ ამით ბევრ ახალგაზრდას დამატებითი მოტივაცია მიეცა:

„უნივერსიტეტი მეხმარება, რომ გავიფართოო თვალსაწიერი ჩემი პროფესიის მხრივ. ვგრძნობ დახმარებას უშუალოდ სტუდენტებისგან, თვითმმართველობისგან, რაც დასაფასებელია.

სტუდენტს, ზოგადად, ბევრი ხარჯი აქვს. სწავლის გადასახადის გარდა, კიდევ ბევრი სხვა რამ არის საჭირო, რაც საერთო ჯამში, ოჯახისთვის სირთულეს ქმნის და ბევრი სწავლას ვერ აგრძელებს. პირადად მე, ისედაც თსუ-ში ჩაბარება მინდოდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ ახალგაზრდას მისცა უფასო სწავლების დანერგვამ მოტივაცია, რომ ეშრომათ და ეს შესაძლებლობა მოეპოვებინათ. პირველკურსელი ვარ და შიდა სამზარეულოს კარგად არ ვიცნობ. თუმცა, ამ პერიოდში, რაც უკვე გავიარე, დასაწუნი არაფერი მაქვს. მე რაც მეხება, იდეალურად არის“.

EDU.ARIS.GE პირველკურსელების გარდა, ესაუბრა დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც, რომლებმაც უნივერსიტეტის კედლებში უკვე რამდენიმე წელი გაატარეს და სასაუბროც უფრო მეტი აქვთ. ასეთია საბა არჩუაძე, რომელიც მე-4 კურსზეა და ამერიკისმცოდნეობაზე სწავლობს. საბა, რომელიც უნივერსიტეტმა ბიბლიოთეკაში დაასაქმა, კმაყოფილია ლექცია-სემინარებით, გარემოთი, აკადემიური პერსონალით, სხვადასხვა ტიპის ხელშეწყობით, თუმცა არ მალავს, რომ პრობლემას წარმოადგენს შუალედური გამოცდებისთვის განკუთვნილი მოკლე პერიოდი, რაც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველა სტუდენტს ერთნაირად აწუხებს და აი, რატომ:

„როდესაც იწყება საგამოცდო პერიოდი, შუალედურები თითქმის ყოველდღე გვაქვს და ფიზიკურად ვერ ვასწრებთ მასალის გადამეორებას. ვინც დასაქმებულია, მისთვის ძალიან რთულია ყოველდღე ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სიარული. ეს პრობლემა ყველა ფაკულტეტს არ ეხება, ასე მხოლოდ ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ვართ. სხვებს ორ კვირაზე აქვთ გადანაწილებული შუალედურები და გამოცდას 2-3 დღეში ერთხელ აბარებენ“.

სტუდენტი ასევე ისურვებდა, რომ სახელმწიფოს უფასო სწავლის შესაძლებლობა არამარტო 2026 წლის მისაღები გამოცდებით და მის შემდგომ ჩარიცხული სტუდენტებისთვის, არამედ „ძველი და აქტიური“ სტუდენტებისთვისაც მიეცა:

„სხვა მხრივ, პრეტენზია იმაზე გვაქვს, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, უფასო სწავლება ახალ ჩარიცხულ სტუდენტებს რომ შეეხოთ, ვინც აქტიური სტუდენტები ვართ, ჩვენც რომ შეგვხებოდა, უკეთესი იქნებოდა. გარდა ამისა, ამავე რეფორმის ფარგლებში, მართალია, მე არ შემეხო, მაგრამ ზოგადად, მინდა აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რც ბაკალავრიატი 4-წლიანის ნაცვლად, 3-წლიანი გახდა, სტუდენტებს ბევრ საგანი მოაკლდათ. ჩვენ სპეციალობის გარდა, ამ სპეციალობასთან დაკავშირებული ბევრი სხვა რამეც გვაინტერესებს. ცვლილებით კი არჩევანი შეიზღუდა“.

შუალედურ გამოცდებსა და პრაქტიკის არარსებობას მიიჩნევს მთავარ გამოწვევად ჩვენთან საუბრისას ასია ბალასანიანი, რომელიც თსუ-ში არმენოლოგიას სწავლობს. მეოთხეკურსელს, გამოწვევებთან ერთად, მიღწევებზეც არ უჭირს საუბარი და აცხადებს, რომ ქართული ენის შესწავლასა და გაუმჯობესებაში სწორედ უნივერსიტეტი და სტუდენტური ცხოვრება დაეხმარა.

„ის არის ცუდი, რომ პრაქტიკა არ არის ჩვენთან და კარგი იქნებოდა, ორი ან სამი თვით მაინც რომ ყოფილიყო რაღაც დაწესებულებებში. მე მაგალითად, რადგან არმენოლოგი ვარ, თარგმნის მიმართულებით ან თუნდაც ხელნაწერთა ინსტიტუტში მინდოდა…

ეროვნებით სომეხი ვარ, ახალქალაქიდან. ჩვენთან კომუნიკაცია მხოლოდ სომხურ ენაზეა და აქ ვისწავლე ქართული. ეს არის სახელმწიფო ენა და ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის მისი ცოდნა. 1+4 პროგრამის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში ვსწავლობდი ქართულს, თუმცა ერთ წელში ენას სრულყოფილად ხომ ვერ ისწავლი. თუმცა, შემდეგ უკვე ქართველებთან კომუნიკაციით გავაუმჯობესე და ეს ჩემი პირველი მიღწევაა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და იქაც ვისწავლე საფინანსო სერვისები. ესეც ერთ-ერთი მიღწევაა ჩემთვის, რომ კიდევ ერთ პროფესიას დავეუფლე“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ასია ბალასანიანმა.

ცნობისთვის, სტუდენტთა საერთაშორისო დღე 1946 წლის 17 ნოემბერს პრაღაში, სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე, ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად დაწესდა. საქართველოში ეს დღე 2009 წლიდან აღინიშნება. სტუდენტთა საერთაშორისო დღე პირველად სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ აღნიშნა.

ასევე იხილეთ:

უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 2030 წელს 80%-მდე უნდა გაიზარდოს – მთავრობა

ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები