რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სტუდენტი, რომ ანაზღაურებადი სტაჟირება აუდიტის სამსახურში გაიაროს – წესი და პირობები

სტუდZona

თუ ხარ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, ეს ინფორმაცია შენთვისაა.

დამტკიცდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირების გავლის წესი, რომელიც დამამთავრებელი კურსის სტუდენტს ან საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა და აქვს უმაღლესი განათლება, აძლევს შესაძლებლობას, ანაზღაურებადი სტაჟირება აუდიტორ-სტაჟიორის/სტაჟიორ-ანალიტიკოსის/სტაჟიორის თანამდებობაზე გაიაროს.

სამსახურში აუდიტორ-სტაჟიორის/სტაჟიორ-ანალიტიკოსის/სტაჟიორის მიღება გენერალური აუდიტორის ბრძანებით გამოცხადებული კონკურსით მოხდება. სტაჟიორთა კონკურსი შეიძლება ჩატარდეს რამდენიმე ეტაპად: წერილობითი და ზეპირი (გასაუბრების) ფორმით.

სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა ელექტრონული ფორმით უნდა წარადგინოს:

ა) შესაბამისი განაცხადი (სააპლიკაციო ფორმა);
ბ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) დიპლომის და ნიშნების ფურცლის ასლი ან ცნობა ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე სწავლის ან გავლის შესახებ.

სტაჟიორობის კანდიდატმა, რომელმაც წარმატებით გაიარა კონკურსი, სამდივნოს უნდა წარუდგინოს:

ა) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოწმობის ასლი;
ბ) ფოტოსურათი (ელექტრონული სახით);
გ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ე) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
ვ) დიპლომისა და ნიშნების ფურცლის ასლი ან ცნობა ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე სწავლის ან გავლის შესახებ;
ზ) შრომის წიგნაკი ან ცნობა შრომითი საქმიანობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

სამსახურში აუდიტორ-სტაჟიორის/სტაჟიორ-ანალიტიკოსის სტაჟირების ვადა 12, ხოლო სტაჟიორის – 6 თვით განისაზღვრება.

აუდიტორ-სტაჟიორის/სტაჟიორ-ანალიტიკოსის სტაჟირების ექვსი თვის ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო სტაჟიორის სტაჟირების სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ, გონივრულ ვადაში, კომისიის მიერ ხორციელდება შუალედური შეფასება წერითი დავალების ან/და ზეპირი გასაუბრების ფორმით და სტაჟირების ხელმძღვანელის დახასიათების გათვალისწინებით.

კომისია უფლებამოსილია გენერალურ აუდიტორს წარუდგინოს შუალედური შეფასების საუკეთესო შედეგების მქონე აუდიტორ-სტაჟიორის/სტაჟიორ-ანალიტიკოსის/სტაჟიორის თაობაზე ინფორმაცია, რომელიც გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილებით, შეიძლება ვადაზე ადრე, სამსახურში შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნოს.

დადებითი შეფასების შედეგების მქონე აუდიტორ-სტაჟიორი/სტაჟიორ-ანალიტიკოსი/სტაჟიორი, რომელიც არ იქნა მიღებული სამსახურის შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე, ერთი წლის ვადით, რეზერვში ჩაირიცხება.

აუდიტორ-სტაჟიორს/სტაჟიორ-ანალიტიკოსს/სტაჟიორს, რომელიც ვერ გაივლის შუალედურ შეფასებას, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, სტაჟირება ვადაზე ადრე შეუწყდეს.

სტაჟირების გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი, სტაჟირების ვადა კი შრომით სტაჟში ითვლება.

ბრძანება, რომელსაც ხელს აწერს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი გიორგი გაბიტაშვილი, ძალაშია 10 ნოემბრიდან.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები