სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 25 ოქტომბერს გამართულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში სტუდენტების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო მოძრაობასთან დამარცხება აღიარა. ვადამდელ საბარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ოპოზიციურმა სამოქალაქო პლატფორმამ, „სტუდენტურმა სიამ“ (Studentska lista) მოიპოვა, რომელმაც ვუჩიჩის პარტიის (SNS) მრავალწლიანი მმართველობა დაასრულა.
„ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს საბოლოო შედეგები, ნიმუშის საფუძველზე… ცხადია, რომ ჩვენ წავაგეთ ეს არჩევნები, სტუდენტურმა სიამ გაიმარჯვა, მათ 135-დან 140-მდე ადგილი ექნებათ, ჩვენ კი 105, პარლამენტში სხვა არავინ შესულა“, – თქვა reuters-ის ცნობით ალექსანდარ ვუჩიჩმა.
არჩევნების სადამკვირვებლო ჯგუფის, CRTA-ს ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „სტუდენტური სია“ 51.2 პროცენტით ლიდერობს, ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესულ პარტიას“ კი 40.4 პროცენტი აქვს.
მანამდე კი გავრცელდა Ipsos/CeSID-ის ეგზიტპოლის შედეგები, რომლის მიხედვითაც, სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „სტუდენტური სია“ 52 პროცენტით ლიდერობს, ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესულ პარტიას“ კი 39.3 პროცენტი აქვს.
სერბეთის პრეზიდენტის მიერ ვადამდელი არჩევნები სტუდენტების მიერ ორგანიზებული თითქმის ორწლიანი დემონსტრაციების შემდეგ დაინიშნა, რომლებიც კორუფციისა და მზარდი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ იყო მიმართული. დემონსტრაციები 2024 წელს ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანის გარდაცვალებით იყო გამოწვეული.




