კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ქართველმა მკვლევარმა, ნატო ტეტელოშვილმა განათლება ჰოლანდიის უძველეს და უდიდეს უნივერსიტეტში, ქალაქ გრონინგენში მიიღო. ის აქ მუშაობდა სადისერტაციო ნაშრომზე, როგორც PHD კანდიდატი. სწორედ ამან განაპირობა მისი დაინტერესება იმუნოლოგიით, იმუნოგენეტიკითა და აუტოიმუნური პათოლოგიებით.
☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
“ამჟამად ვმუშაობ ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში რამდენიმე პროექტზე, მათ შორის ვიკვლევ გენეტიკური კომპონენტის როლს დაავადების ჩამოყალიბებაში.
მოლეკულური ინჟინერიის გამოყენებით ვცდილბ დავნერგო უნიკალური ტექნოლოგია. კვლევისთვის ვიყენებ როგორც უჯრედულ კულტურას, ასევე რთული თაგვის მოდელებს და ადამიანის ქსოვილებს. შესაძლებელია პირველი ქართველი მკვლევარიც ვარ კოლუმბიის უნივერსიტეტში, რომელიც ბიო სამედიცინო კვლევებშია აქტიურად ჩართული. იყო მეცნიერი, საჭიროა გქონდეს ამბიცია, გახსნილი გონება, შემოქმედებითი მიდგომა, შრომისმოყვარეობა და საქმისადმი სიყვარული. ჩემს სფეროში წარმატება ნიშნავს: საკუთარი კომპანიის და ლაბორატორიის დაფუძნებას, გრანტების მოპოვებას, სტატიების გამოქვეყნებას, სამეცნიერო კვლევებიდან მიღწეული შედეგების გატანას ბაზარზე, თანამშრომლობას ფარმაცევტულ კომპანიებთან, ყველაფერი დამოკიდებულია შენს მიზანზე.
ჩემი გამოცდილებიდან, ამ სფეროს განვითარებისთვის აუცილებელია შეიქმნას სამეცნიერო პლატფორმა, სადაც მოხდება ინფორმაციის გაზიარება კვლევაში მიღწეულ უარყოფით შედეგებზე, რაც ასევე დაზოგავს დროს და რესურსებს. ვისურვებდი, მეტმა ქართველმა მეცნიერმა შეძლოს უცხოეთში სამეცნიერო კვლევებში ჩართვა და გამოცდილების მიღება. სწავლა ყველა ქვეყანაში უკვე ხელმისაწვდომია, რასაც ვერ ვიტყოდი გამოცდილებაზე, რომელიც აუცილებელია პროფესიული განვითარებისთვის”, – ნატო ტეტელოშვილი.
წყარო: Speech • სფიჩი