საქართველოს უსდ-ების სტუდენტები პირად სწავლას უფრო მეტ დროს უთმობენ, ვიდრე ლიეტუვას, ლატვიის, ჩეხეთის, თურქეთის და სხვა ევროპული ქვეყნების უნივერსიტეტების სტუდენტები.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უსდ-ში) სწავლის პერიოდში, სტუდენტის მიერ სწავლაზე დახარჯული დრო ხარისხიანი განათლების მიღების ერთ-ერთი განმსაზღვრელია. ამ საკითხის ირგვლივ საერთაშორისო კვლევა „ევროსტუდენტი VI“-ს ფარგლებში შეგროვებული მონაცემები, საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ როგორ ანაწილებენ ქართველი სტუდენტები დროს სწავლასა და მუშაობაზე.
კვლევის შედეგებიდან ჩანს, რომ საქართველოში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები სწავლებაშიც (სალექციო დრო, უნივერსიტეტში სასწავლო აქტივობებში გატერებული დრო და სხვ.) და პირად სწავლაშიც (მეცადინეობა სახლში, ბიბლიოთეკაში და სხვ.) მნიშვნელოვან დროს ხარჯავენ. კვირის განმავლობაში, სტუდენტები ლექციების მოსმენას და სწავლების სხვა აქტივობებს 19,6 საათს, ხოლო პირად სწავლას 17,7 საათს უთმობენ.
საქართველოში უსდ-ების სტუდენტების მიერ პირად სწავლაზე დახარჯული დრო ჩამორჩება ისეთი ქვეყნების მაჩვენებლებს, როგორიცაა მალტა, ისლანდია, იტალია და ავსტრია, თუმცა აღემატება ბევრი ევროპული ქვეყნის მაჩვენებელს – მათ შორისაა, ლიეტუვა, ჩეხეთი, თურქეთი და სხვ.
დასაქმებული სტუდენტისთვის მნიშვნელოვანია სწავლასა და მუშაობაზე დახარჯული დროის დაბალანსება. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია მაგისტრატურის საფეხურზე. როგორც აღმოჩნდა, საქართველოს უსდ-ების სტუდენტები სწავლას შედარებით მეტ დროს უთმობენ, ვიდრე ანაზღაურებად სამსახურს. შედარებისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა მალტა, გერმანია, იტალია, პორტუგალია და სხვ., სტუდენტები გაცილებით დიდ დროს ხარჯავენ სწავლაზე, ვიდრე მუშაობაზე, ხოლო ლატვიაში, თურქეთში და რუმინეთში პირიქით, მაგისტრატურის სტუდენტები სამსახურს უფრო მეტ დროს უთმობენ, ვიდრე სწავლას.
წყარო: ipm.ge