იცოდით, რომ ისლანდიაში დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით, ერთ სულ მოსახლეზე სტატისტიკურად ყველაზე მეტი წიგნი მოდის და მათი უმეტესობა სექტემბრიდან ნოემბრამდე პერიოდში იყიდება? ამ უცნაური ფაქტის უკან საშობაო ტრადიციაა. ისლანდიელები შობის წინ ერთმანეთს წიგნებს უცვლიან და შობის ღამეს ამ წიგნების კითხვაში ატარებენ, თან შოკოლადს მიირთმევენ.
შობას ყველა ქვეყანა მისთვის დამახასიათებელი უნიკალური ტრადიციით აღნიშნავს. მაგალითად, გერმანიაში პატარებს ტკბილეულითა და სათამაშოებით წმინდა ნიკოლოზი ასაჩუქრებს. ურჩ ბავშვებს კი კნეხტ რუპრეხტი ამათრახებს.
☼ გსურს იტალიური ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
კნეხტის მსგავსად, ურჩ ბავშვებზე ქუჩაში სანადიროდ გადის ავსტრიელი კრამპუსიც. რომელიც სანტა კლაუსის ანტიპოდად მოიაზრება. ევროპის ქალაქებში გამართულ საშობაო აღლუმებზე დემონის ფორმებში გადაცმულებს ხშირად შეხვდებით.
ნორვეგიაში შობის წინა ღამეს მოსახლეობა ცოცხებს მალავს. რამდენიმე საუკუნოვანი ტრადიცია ალქაჯებსა და ბოროტ სულებს უკავშირდება, რომლებიც შობის ღამეს საფრენად ცოცხებს ეძებენ.
ტრადიციას არ ღალატობს შვედეთიც. ჩალისგან დამზადებული 13 მეტრის სიმაღლის თხის ქანდაკება ევლეში წელსაც აღმართეს. გაძლიერებული დაცვის მიუხედავად, გარანტია იმისა, რომ თხა შობას უვნებლად გადაურჩება, არ არსებობს. ყოველწლიურად მის დაწვას ვანდალები ცდილობენ. ხშირად წარმატებულად.
ესპანელებს კი, ტიო დე ნადელი ჰყავთ. მომღიმარი ხის პატარა მორი, რომელზე ზრუნვასაც კატალონიელი ბავშვები 8 დეკემბრიდან იწყებენ, თბილ პლედში გახვეულს ტკბილეულით უმასპინძლდებიან, შემდეგ კი, Caga Tio მათ საჩუქრებს ახვედრებს.
„ბოლოკების ღამე“ ყოველწლიური ფესტივალია მექსიკაში. ოახაკას მაცხოვრებლები ბოლოკისგან საშობაო თემატიკაზე სხვადასხვა ფიგურას ქმნიან. შემდეგ კი ბაზრობაზე გამოაქვთ.
სალაჯლენდი – 4 მილიონი მოციმციმე ნათურით მორთული უბანია ხორვატიაში, რომელიც რიგითმა მოქალაქემ, ზლატო სალაჯიმ ბავშვობის ოცნების განსახორციელებლად, ჯერ კიდევ 2000 წელს, საკუთარი სახლის გაფორმებით დაიწყო. თუმცა შედეგი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ გამვლელებისა და ტურისტების ყურადღება მალევე მიიპყრო. საშობაო დეკორაციებში განათების ელემენტების შემოტანა ტომას ედისონის ასისტენტის, ედუარდ ჯონსონის იდეაა. განათების სისტემების თანდათან დახვეწასთან ერთად კი, ახალ ტრადიციებსაც ჩაეყარა საფუძველი.
გიგანტური ფარნების ფესტივალით ეგებებიან შობას ფილიპინელები. შეჯიბრში მონაწილეობას 11 სოფელი იღებს და ყველა მათგანი ცდილობს ააგოს ყველაზე რთული მოდელი. ზოგიერთ შეთხვევაში ფარნების სიმაღლე 6 მეტრს აღწევს. შემწვარი ინდაური, საშობაო პუდინგი, ხილის ღვეზელი, ხელჯოხის ფორმის კანფეტი – ამ ყველაფრის გარეშე საშობაო სუფრა წარმოუდგენელია.
უჩვეულო ტრადიცია აქვთ საფრანგეთის სამხრეთშიც – 13 დესერტი, რომელიც სიმბოლურად
ქრისტესა და მისი 12 მოციქულს განასახიერებს. ყველა კერძი აუცილებლად შობის ღამეს უნდა შეიჭამოს.
წყარო: 1tv