არსებობს მოსაზრება, რომ 21-ე საუკუნეში კარიერული წინსვლისთვის მთავარია პირადი კონტაქტები, სოციალურ ქსელში თვითრეკლამა, საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილება და სხვა. სწორედ ესენი ეხმარება ადამიანს წარმატების მიღწევაში და არა მუშაობაში დახარჯული დრო, თუმცა გერმანული კვლევითი ინსტიტუტის ცნობით, ეს ასე არ არის. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Tages-Anzeiger-ი ავრცელებს.
გერმანიის შრომის ეკონომიკის ინსტიტუტმა შეისწავლა დანიაში ჩატარებული ორი გრძელვადიანი ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ 1994 წლიდან მოყოლებული კარიერულ კიბეზე 170 ათასი დანიელი დაწინაურდა. ექსპერიმენტის მონაწილეები კი რეგულარულად პასუხობდნენ შეკითხვას: 1. კვირაში რამდენი საათის განმავლობაში მუშაობდნენ; 2. კომპანიის იერარქიის რომელ საფეხურზე იყვნენ.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ის ადამიანები, რომლებიც განყოფილების ხელმძღვანელობიდან კომპანიის დირექტორის თანამდებობაზე დაწინაურდნენ, კვირის განმავლობაში საშუალოდ 42.1 საათს მუშაობდნენ. ის ადამიანები კი, რომლებიც კვლევიდან კვლევამდე პერიოდში კარიერულ საფეხურზე ვერ დაწინაურდნენ, საშუალოდ, კვირაში 36.5 საათს მუშაობდნენ.
კვლევის ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ის, ვინც უფრო მეტ დროს ატარებს სამსახურში, აუმჯობესებს თავის შესაძლებლობებსა და ცოდნას და, შესაბამისად, უფრო კვალიფიციური კადრი ხდება. ამასთან, მეცნიერთა აზრით, საუბარია არა მხოლოდ ზეგანაკვეთურ მუშაობაზე, არამედ კოლეგებთან შედარებით მუშაობისთვის უფრო მეტი დროის დათმობაზე. თუმცა მხოლოდ სამუშაო დრო კარიერული წინსვლის გარანტი არ არის. გამოცემის ცნობით, აუცილებელია, რომ დასაქმებულს ჰქონდეს მოტივაცია, ადაპტაციის უნარი, შეეძლოს დატვირთული რეჟიმით და ჯგუფური მუშაობა.