თუ გიყვართ კომპიუტერული თამაშები, ალბათ, ხშირად გეჩხუბებიან რატომ კარგავთ დროს თამაშში უაზროდ. ,,დაგეთხრება თვალები”, ,,რას მიშტერებიხარ 24 საათი ამ კომპიუტერს”… ამ და კიდევ სხვა ფრაზებს ალბათ ხშირად გეუბნებიან თქვენი ოჯახის წევრები, თუმცა კვლევების შედეგად აღმოაჩნდა, რომ ვიდეო თამაშები არათუ ,,დასაშტერებელი”, არამედ აზროვნების განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ყოფილა.
მართალია, ვიდეო თამაშებს ცუდი რეპუტაცია აქვთ. მათ ხშირად ახასიათებენ, როგორც ძალადობრივ, და დროის უაზროდ ფლანგვის საშუალებას, რომელიც უსაქმურობისკენ უბიძგებს ადამიანებს. მაგრამ, ეს მონეტის მხოლოდ ერთი მხარეა.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
ვირტუალური თამაშების უმეტესობა შეიძლება ისე იქნეს შემუშავებული, რომ მან მოთამაშეს საგანმანათლებლო თვალსაზრისით სარგებელი მოუტანოს. თამაშები, რომლებიც მოიცავს განმეორებად ქმედებებს, მაგალითად, ჩოგნის მოქნევას ან მოძრავი საგნის მიზანში მოხვედრებას, წვრთნის გონებასა და უნარებს, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში მსგავსი ქმედების უკეთესად განხორციელებაში დაგეხმარებათ. კვლევებმა დაადასტურა, რომ ვიდეო თამაშებით ტვინი ისევე ვარჯიშდება, როგორც წიგნის კითხვით ან ველოსიპედის ტარებით.
1. ვიდეო თამაშების მოთამაშე ადამიანები გადაწყვეტილებებს 25%-ით სწრაფად იღებენ
სწრაფ ტემპიანი ვიდეო თამაშები როგორც წესი, სიტუაციების სწრაფად გააზრებას მოითხოვს. შესაბამისად, University of Rochester-ის კვლევის მიხედვით, აქტიურ მოთამაშეებს რეალურ ცხოვრებაშიც უკეთესად შეუძლიათ ირგვლივ მიმდინარე სიტუაციის გააზრება და გადაწყვეტილების სწრაფად მიღება.
2. ვიდეო თამაშები მხედველობას აუმჯობესებს
კიდევ ერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ ვიდეო თამაშები მხედველობას აუმჯობესებს, რადგან მოთამაშენი უფრო მგრძნობიარენი ხდებიან ფერთა სხვადასხვა ჩრდილების მიმართ. ამას კონტრასტის სენსიტიურობას უწოდებენ.
3. ქირურგებმა თავიანთი ლაპარასკოპიული უნარები გაიუმჯობესეს ვიდეო თამაშებით
ჟურნალ PLOS One-ის კვლევის მიხედვით, ქირურგებს, რომლებმაც ვიდეო თამაშების თამაში დაიწყეს, გაუუმჯობესდათ თვალითა და ხელებით კოორდინაციის უნარი, რომელიც საჭიროა ლაპარასკოპიული ოპერაციების ჩატარების დროს, რადგან პროცედურაც ორგანოების დასანახად სხეულში წვრილი მილით კამერის შეყვანას გულისხმობს და პაციენტის ფართოდ გაჭრის მაგივრად, ოპერაცია ეკრანის დახმარებით ტარდება.
4. ვიდეო თამაშები ფიზიკურ აქტივობას ახალისებს
კომპიუტერის წინ საათობით ჯდომა წონის კლებას ნამდვილად არ უწყობს ხელს. მაგრამ, თამაშების ახალ სახეობები, რომლებსაც exergames-ს უწოდებენ (მაგალითად, Dance Dance Revolution, რომელიც მოითხოვს ფეხების მოძრაობას ხმოვანი სიგნალების მიხედვით) თამაშის დროს ფიზიკურ აქტივობას მოითხოვს.
5. ვიდეო თამაშების შემდეგ, დისლექსიის მქონე ბავშვებმა უკეთ შეძლეს კითხვა
ჟურნალ Current Biology-ის კვლევის მიხედვით, ექშენ ვიდეო თამაშების მეშვეობით, რომელთაც სწრაფი რეაქციები სჭირდებათ, დისლექსიის მქონე ბავშვებმა კითხვის სისწრაფე გააუმჯობესეს.
6. ვიდეო თამაშები დამწვრობის მსხვერპლთ ტკივილის მართვაში ეხმარება
University of Washington-ის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ თამაში ერთგვარი ყურადღების გადამტანია ადამიანებისათვის, რომლებიც დამწვრობის მსხვერპლნი არიან. „ეს სხვა სამყაროში გადართვაა, რომელიც დიდ ყურადღებას მოითხოვს და გონებას ნაკლები დრო აქვს ტკივილის სიგნალების აღსაქმელად.“
7. თამაშებს შეუძლიათ, ბიოლოგიური პროცესები შეგვასწავლონ
ვიდეო თამაშები არა მხოლოდ გასართობად იქმნება,არამედ საგანმანათლებლო დანიშნულებისათვის შექმნილ თამაშს შეუძლია, ადამიანს ბიოლოგიური ან სხვა სამეცნიერო პროცესები სახალისო და საინტერესო გზით შეასწავლოს. ისე, რომ დამღლელი და მომაბეზრებელი არ იყოს იგი მისთვის.
8. ვიდეო თამაშებს შეუძლია, უკეთესი ადამიანი გაგვხადოს
ნელ, თანმიმდევრულ, სტრატეგიულ თამაშებს ჩვენი აზროვნების უნარის შეცვლა შეუძლია, რათა უფრო ბრძნული და გააზრებული გადაწყვეტილებები მივიღოთ რეალურ ცხოვრებაშიც. თამაშები, რომლებიც სხვადასხვა დილემის, პრობლემის გადაწყვეტას საჭიროებს, გვაჩვევს იდეების სხვებისთვის გაზიარებასა და განხილვის შედეგად ბრძნული გადაწყვეტილებების მიღებას.
9.წინასასკოლო ასაკის ბავშვებს, რომლებიც ვიდეო თამაშებით ერთობიან, ფიზიკური მოძრაობის უკეთესი უნარები აქვთ
ავსტრალიის Deakin University-ში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ 3-6 წლის ბავშვებს, რომლებიც ინტერაქტიულ ვიდეო თამაშებს თამაშობდნენ, ჰქონდათ ფიზიკური მოძრაობის უკეთესი უნარები. იგულისხმება ბურთის სროლის, დარტყმისა თუ ჰაერში დაჭერის უნარები. ყოველივე ეს კი იმის გამოა, რომ თამაშები თვალისა და ხელის კოორდინაციას აუმჯობესებს.
10. ტრანსპორტის მართვასთან დაკავშირებული ვიდეო თამაშები ხანდაზმულ ადამიანებში მეხსიერებასა და ფოკუსირების უნარს ამახვილებს
The New York Times-ის მიხედვით, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მანქანებით მიხვევა-მოხვევები და საგზაო ნიშნებისა და ქულების მოკრება ვიდეო თამაშებში მოკლევადიან მეხსიერებასა და ყურადღების უნარს აუმჯობესებს. კვლევა 60-85 წლის ადამიანებში ჩატარდა და თამაშის დაწყებიდან 6 თვეში მათ საგრძნობლად მოემატათ ინფორმაციის მოკლე პერიოდში დამახსოვრების და ყურადღების გამახვილების უნარები.
წყარო: www.Bussinesinsider.com
გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, გიყვართ კომპიუტერული თამაშები და რომელ თამაშებს ანიჭებთ უპირატესობას