დღეს იმ ქვეყნებში, სადაც მარიხუანას მოხმარება კანონმდებლობითაა აკრძალული, მარიხუანას მომხრეების მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს მისი დეკრიმინალიზაციის ან ლეგალიზაციის მოთხოვნა.
საქართველოც არაა ამ მხრივ გამონაკლისი. საქართველოში მარიხუანას მოხმარება–შენახვა ისჯება თავისუფლების აღკვეთით. თუ დანაშაული რამდენჯერმეა ჩადენილი ან პიროვნების მიერ შენახულ დიდი რაოდენობით მარიხუანას აღმოაჩენენ, მაშინ მას, შესაძლოა, იმაზე მკაცრი სასჯელი შეეხოს, ვიდრე აფექტურ მდგომარეობაში მკვლელობას. დღეისათვის მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების განმეორებით მოხმარება ისჯება თავისუფლების აღკვეთით – ვადით 1 წლამდე, ხოლო იმავე კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ აღნიშნული ადამიანი ინახავს მარიხუანას გარკვეულ ოდენობას, იგი შესაძლოა დაისაჯოს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ამავდროულად, იმავე კოდექსის 111-ე მუხლის თანახმად, აღელვების ნიადაგზე განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე. სწორედ ამის წინააღმდეგ გამოდია მარიხუანას მომხრეები და აღნიშნავენ, რომ კანონით მის მოხმარებაზე დასამსჯელო ღონისძიებები შემსუბუქდეს ან შემოიფარგლოს მხოლოდ ფულადი ჯარიმით. მარიხუანას მომხრეების გარკვეული ნაწილი კი მის საერთოდ ლეგალიზებას ითხოვს, რადგან ფიქრობენ, რომ მარიხუანა არაფრითაა ალკოჰოლზე უფრო მეტად მავნებელი და, პირიქით, აღკვეთს აგრესიას. მათი აზრით, ყველა მსურველს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მოიხმაროს მარიხუანა ყველანაირი საკანონმდებლო აკრძალვების გარეშე.
საინტერესოა, რა შეიძლება გამოიწვიოს მარიხუანას დეკრიმინალიზაციამ ან ლეგალიზაციამ. სავარაუდოა, რომ მისი დეკრიმინალიზაცია გაზრდის მარიხუანას მომხმარებელთა რიცხვს ან მოხმარებული მარიხუანას რაოდენობას. ეს თავისთავად გამოიწვევს იმას, რომ ქვეყანაში ან მეტი რაოდენობით შემოვა მარიხუანას ნაწარმი, ან ქვეყნის შიგნით მოხდება მარიხუანას ფარული მოყვანა. ამგვარად, სავარაუდოა, რომ გამოჩნდება ვინმე ან რამდენიმე ადამიანი, ვინც ამ ბიზნესს სათავეში ჩაუდგება. განვითარდება მაფიისმაგვარი დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც მოახდენს მარიხუანას გავრცელება–გაყიდვას. ეს გამოიწვევს ე.წ. „ჩრდილოვანი ეკონომიკის“ განვითარებას, სადაც მარიხუანას ბიზნესის მეპარტონეები არ გადაიხდიან საქმიდან მიღებული მოგების გადასახადს. ამგვარი ფაქტები კი მსოფლიოში მრავლადაა და დაახლოებით „მშრალი კანონის“ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს წააგავს, როდესაც კრიმინალურმა დაჯგუფებებმა ალკოჰოლის კანონსაწინააღმდეგო გასაღებით დიდი ფულიდა ძალაუფლება მოიპოვეს. მაგალითად, დღეს კანაფის შავი ბაზარი მარტო ჩრდილოეთ ამერიკაში, სავარაუდოდ, შეადგენს 60 მილიარდ აშშ დოლარს.
ამგვარად მარიხუანას დეკრიმინალიზაციით დიდი ალბათობაა იმისა, რომ საქართველოში განვითარდება დანაშაულებრივი, კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც სათავეში ჩაუდგებიან მარიხუანას ბიზნესს.
შესაძლოა, ამ ყველაფრის ფონზე, ბევრს მოეჩვენოს, რომ თუ მარიხუანას დეკრიმინალიზაცია გამოიწვევს „ჩრდილოვანი ეკონომიკის“ განვითარებას და მასთან დაკავშირებულ სხვა უარყოფით მოვლენებს, მაშინ გამოსავალი მარიხუანად ლეგალიზაციაა. ამ შემთხვევაში ისინი, ვინც მარიხუანას ბიზნესს ჩაუდგებიან სათავეში გადაიხდიან გადასახადებს და ამით არც ამგვარი კრიმინალური დაგჯუფებები ჩამოყალიბდება და სახელმწიფოს ბიუჯეტიც გაიზრდება. ერთი შეხედვით, ეს შესაძლოა სწორი მოსაზრებაა, თუ არ დავუფიქრდებით იმ მოსალოდნელ შედეგებს, რასაც მარიხუანას ლეგალიზაცია გამოიწვევს. ასეთ შემთხვევაში, მარიხუანას ბიზნესი გახდება საუკეთესო საშუალება ფულის გასათეთრებლად. გაჩნდება მონოპოლიები, რომლებიც მარიხუანას გარდა, სხვა ნარკოტიკულ საშუალებებსაც შემოიტანენ ქვეყანაში ან დაიწყებენ მათ წარმოებას, ხოლო იქიდან მიღებულ ფულს, მარიხუანას ბიზნესით გაათეთრებენ.
მარიხუანას ლეგალიზების შემთხვევაში, ნაწარმი ან საზღვარგარეთიდან შემოვა ან სახელმწიფოს შიგნით დამზადდება. პირველ შემთხვევაში გამოვა, რომ ეკონომიკური კაპიტალი გავა სახელმწიფოს საზღვრებიდან და ამით ქვეყანა სერიოზულ ეკონომიკურ ზარალს ნახავს. მეორე შემთხვევაში კი მარიხუანას ბიზნესი იტრიალებს ქვეყნის შიგნით და არანაირ ეკონომიკურ მოგებას არ მოიტანს ქვეყნისთვის მანამ, სანამ იგი არ გავა ექსპორტზე. ამ შემთხვევაში, საინტერესოა, რომელი ქვეყანა დაუშვებს იმას, რომ საქართველოდან მარიხუანა შევიდეს მათ ქვეყანაში და თანაც კანონიერად.
ნიკა ჩერქეზია