რჩევები ქართველი სტუდენტისგან, რომელმაც ჩეხეთის მთავრობის სტიპენდია მოიპოვა

ინტერვიუ

თემო ცენტერაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ტექნოლოგიების ბაკალავრია. სტუდენტობის პერიოდში იგი ხშირად იღებდა მონაწილეობას არაფორმალური განათლების მიმართულებით განხორციელებულ სხვადასხვა ტრენინგებსა თუ ღონისძიებებში. 2021 წელს თემო ჩეხეთის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მის გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე თემო STUDINFO.GE-სთან საუბრობს.

– თემო, გაგვიზიარე მცირედი შენს შესახებ, კოკრეტულად რომელი უნივერსიტეტი და ფაკულტეტი დაამთავრე, ამჟამად რა არის შენი ძირითადი საქმიანობა?

– დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტი, მათემატიკის სპეციალობით. ამჟამად ვმუშაობ საქართველოს SOS ბავშთა სოფელში მათემატიკის მასწავლებლად და ასევე AIESEC საქართველოში, სადაც ვარ მოხალისეობრივი გაცვლითი პროგრამების შემომყვანი დეპარტამემტის  ეროვნული  ხელმძღვანელი. სხვა აქტივობებს რაც შეეხება, არსებული რეალობიდან გამოდინარე ვცდილობ მივიღო მონაწილეობა სხვადასხვა ონლაინ აქტივობებში და არაფორმალური განათლების კუთხით მივიღო დამატებითი ცოდნა.

– როგორც ვიცით, ჩეხეთის სამთავრობო სტიპენდია მიიღე, მოგვიყევი საიდან გაიგეთ პროგრამის თაობაზე და რამ გადაგაწყვეტინა მასში მონაწილეობის მიღება?  

– დიახ, ახლახან მივიღე ჩეხეთის მთავრობის ყოველწლიური სტიპენდია განვითარებადი ქვეყნის სტუდენტებისათვის (Czech Government Scholarship) და ჩავირიცხე  ჩარლზის უნივერსიტეტში, სადაც ერთი წლის მანძილზე შევისწავლი ჩეხურ ენას. პროგრამის შესახებ ინფრომაცია მომაწოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა. ყოველთვის მიზნად მქონდა, რომ უმაღლესი განათლების რომელიმე საფეხურზე მესწავლა ევროპის რომელიმე ქვეყანაში და მიმეღო ევროპული განათლება. ვფიქრობ, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლება სტუდენტს ეხმარება უფრო მეტი შეიმეცნოს და უფრო მეტად განვითარდეს. როცა სხვა ქვეყანაში იღებ განათლებას და შეხება გაქვს სხვადასხვა ეროვნების სტუდენტებთან, იძენ უამრავ გამოცდილებას და ხვდები მრავალფეროვან გარემოში, რაც პირველ რიგში, პიროვნულად განვითარებს.

– რა იყო ყველაზე დიდი სირთულე პროგრამაზე მიღების პროცესში?

ყველაზე რთული იყო გასაუბრების ეტაპი, როდესაც ჩეხეთის საელჩოში შეხვედრა მქონდა პროგრამის ხელმძღვანელებთან და ჩეხეთის ელჩთან საქართველოში. მიმაჩნია, რომ სწორად უნდა შეარჩიო ის მთავარი მოტივაცია, რაც სხვასაც დაარწმუნებს, რომ შენი წარსული გამოცდილება რელევანტურ კავშირშია შენს ამჟამინდელ არჩევანთან და მომავალთანაც ასევე.

– როგორ ფიქრობ, შენ მიერ არჩეული ფაკულტეტით რა კუთხით შეიძლება განვითარდეს ქართველი სტუდენტი ჩეხეთის რესპუბლიკაში?

– ჩემ მიერ არჩეული ფაკულტეტი, როგორც აღვნიშნე, ინფრომაციული ტექნოლოგიებია, რომელიც, ვფიქრობ დღეს ყველაზე მეტად მოთხოვნადი პროფესიაა არამარტო ჩეხეთში, არამედ მთელს მსოფლიოში. დარწმუნებული ვარ რომ ამ მიმართულებით ჩეხეთში პერსპექტივა იქნება, თუმცა ვაპირებ რომ დავბრუნდე და ჩემი მიღებული ცოდნა გავუზიარო ქართველ ახალგაზრდებს.

– რა არის საჭირო იმისათვის, რომ სტუდენტი მუდმივად აქტიური იყოს და განვთარება არ შეწყვიტოს?

– გეთანხმებით, სტუდენტი უნდა იყოს მუდმივად აქტიური და არ უნდა წყვეტდეს განვითარებას ცხოვრების არცერთ ეტაპზე. ფორმალურ განათლებასთან ერთად უნდა მიიღოს არაფორმალური განათლება და ისწრაფოს სრულყოფილებისაკენ. საბედნიეროდ, დღეს საქართველოში უამრავი შესაძლებლობა ეძლევა სტუდენტებს, რომ არ გაჩერდნენ და ყოველდღიურად მიიღონ ახალი გამოცილება. ჩემი გადმოსახედიდან, მთავარია მიზნების კარტოგრაფიულად შედგენა და მათი სწორად ფორმულირება განხორციელებამდე. მიზნების მისაღწევად კი ძალიან დიდი შრომაა საჭირო და ხანდახან, რა თქმა უნდა, სწორ ადგილაზე ყოფნაც.მინდა აღვნიშნო, რომ სწორი გარემო და მეგობრებიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილეება ამ პროცესების განმავლობაში.

ბოლოს კი დავამატებ ჩემს საყვარელ ამონარიდს მგზავრის წერილებიდან: „მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი!“. დაე ვიმოძრაოთ და არასდროს გავჩერდეთ მიზნების მისაღწევად.

ავტორი: თინათინ დადუნაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები