„აუდიტორიებში არმატურები და ბეტონი ჩანს კედელში“ – რა აწუხებთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს

სტუდენტური პრობლემები

STUDINFO.GE აგრძელებს სტატიების სერიას, სადაც სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან იმ წუხილებზე გვიამბობენ, რომელიც მშობლიურ უნივერსიტეტში აწუხებთ და ხშირად, ამ პრობლემებს მხოლოდ ისინი ამჩნევენ. კმაყოფილებით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი წინა სტატია ამ საკითხებზე, რომელიც თსუ-ის სტუდენტების წუხილის ადმინისტრაციამდე მიტანას ისახავდა მიზნად, შედეგიანი აღმოჩნდა, შესაბამისი პირები მას ნამდვილად გაეცნენ და შედეგიც – ახალგაზრდების თხოვნის გათვალისწინება, ვიმედოვნებთ, მალე დადგება.

ამ სტატიაში კი უკვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) სტუდენტებს გავესაუბრეთ, ისევ სხვადასხვა კორპუსში და ისევ სხვადასხვა მიმართულებებიდან. ამ შემთხვევაშიც, STUDINFO.GE-ის მიზანია, ადმინისტრაციამდე მივიტანოთ სტუდენტების სათქმელი, რათა ამ საკითხების გადაწყვეტას შევუწყოთ ხელი, რაც სხვა, მომავალი სტუდენტების ცხოვრებას გააუმჯობესებს და მაქსიმალურად კომფორტულს გახდის უნივერსიტეტებში წლების გატარებას.

თუკი ვთანხმდებით, რომ უნივერსიტეტი ის ადგილია, სადაც სტუდენტები ვითარდებიან და სამომავლო მიზნების მიღწევისთვის ემზადებიან, მათ არ უნდა ექმნებოდეთ ისეთი სახის დაბრკოლებები, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაასახელეს: მოუწესრიგებელი და გაუმართავი საპირფარეშოები, წყლის მიწოდების პრობლემა, ინფრასტრუქტურული გაუმართაობა, ადმინისტრაციის უყურადღებობა, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, სტუდენტს სტუდენტური ცხოვრების მიღმა ტოვებს, თავისუფალი, ლექციებს შორის მოსაცდელი სივრცის არ არსებობა, რომელსაც ალტერნატივად დროის ქუჩაში გატარება აქვს და ლექციების განრიგი, რომელსაც სტუდენტი უნივერსიტეტის მიღმა განვითარების მიზნითაც ვერ აკორექტირებს.

აქვე აღსანიშნი და სამწუხაროა ის გარემოება, რომ ჩვენთან საუბრისას სტუდენტების უმრავლესობამ ანონიმურად დარჩენა ისურვა, როგორც ისინი ამბობენ, მეტი უსაფრთხოებისა და ასევე, სხვადასხვა უთანხმოებებისათვის თავის არიდების მიზნით, ურჩევნიათ, უნივერსიტეტში არსებული პრობლემები ანონიმურად გაავრცელონ, თუმცა, თსუ-ის მსგავსად, თამამი სტუდენტები აქაც შეგვხვდნენ და მათ ვინაობა არ დაუმალავთ.

ყველაზე დიდი მოულოდნელობა კი ის საპირფარეშოა, რომელსაც მოცემულ ფოტოზე ხედავთ და რომელიც მას შემდეგ გადავიღეთ, რაც სტუდენტების მონაყოლის გადამოწმების მიზნით, მისი მონახულება განვიზრახეთ.

ეს საპირფარეშო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსშია გადაღებული, მაგრამ ჩვენ არაერთ კორპუსს ვესტუმრეთ და უნდა გითხრათ, რომ გამოკითხული სტუდენტების დიდი უმრავლესობა სწორედ საპირფარეშოებში არსებულ პრობლემებზე, მათ მოუწესრიგებლობაზე მიუთითებს.

სამშენებლო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტები ერთხმად წყლის გაუმართავ სისტემასა და სისუფთავის დაუცველობაზე წუხან:

„სისუფთავე არ არის საპირფარეშოებში. სამი წელია, აქ ვსწავლობთ და ეს საკითხი მუდმივად მოუგვარებელია. ყველაფერთან ერთად, წყლის სრულფასოვნად მოწოდებაც ვერ ხერხდება, თავი რომ დავანებოთ ხელსახოცსა და საპონს, რომლებიც ელემენტარული ჰიგიენის ატრიბუტებია. აღსანიშნავია, რომ ლექტორებისთვის ცალკეა „ვიაიპი“ საპირფარეშო და სტუდენტებისთვის, ბოდიში და სოფლის ტუალეტიც მონაგონია“.

გამოკითხული სტუდენტების დიდი ნაწილი კიდევ ერთ მთავარ პრობლემად ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ასახელებს და ეს არის საკითხი, რომელიც თითქმის ყველა კორპუსის სტუდენტს აერთიანებს. ელენე ზაზაშვილი სამშენებლო ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია და გვიყვება, რომ მას, როგორც ახალბედა სტუდენტს, „იმედები გაუცრუვდა არასრულფასოვან სასწავლო გარემოში შემობიჯებით“.

„რესტავრაცია სჭირდება ძალიან ბევრ კორპუსს. ლექციები მაქვს, პირველშიც, მეორეშიც, მესამეშიც და მეოთხეშიც. ყველას რესტავრაცია სჭირდება, რაც შეიძლება მალე“, – ამბობს ის.

მეორე საკითხი, რომელზეც ელენე ყურადღებას ამახვილებს სტუდენტების მისამართით „ლექტორების არასწორი დამოკიდებულებაა“. ჩვენთან საუბრის დაწყებამდე ის სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებულ ფაქტს განიხილავდა მეგობართან, რომელსაც ლექტორთან უთანხმოება მოუვიდა.

„არ მომწონს რამდენიმე ლექტორის დამოკიდებულება ბავშვების მიმართ. მაგალითად, ბავშვი როდესაც სვამს კითხვას იმაზე, რაც ვერ გაიგო, პასუხია – „რას ჰქვია ვერ გაიგე?!. ჩემი წარმომავლობის გამო, მეგრელი ვარ თუ სვანი, ამომიჩემოს და მეჩხუბოს? ახლა გამოვედით ლექციიდან სადაც შევესწარი ზუსტად მაგ ფაქტს“.

ამ თემას აგრძელებს ჩვენი რესპონდენტის მეგობარიც (ვისი გვარ-სახელიც ვიცით, მაგრამ მისი სურვილით არ ვასახელებთ ავტ.), რომელსაც უშუალოდ შეეხო ეს ამბავი:

„დღეს, თურმე იყო რაღაც შეკრება, რომლის შესახებ არც ერთ ლექტორს არ უთქვამს ჩემთვის და დღეს, როდესაც დერეფანში მივესალმე ერთ-ერთ ლექტორს, ის მეჩხუბა, თუ რატომ არ ვიყავი ამ შეკრებაზე. ვუპასუხე, რომ არ ვიცოდი ამის შესახებ, მისი კომენტარი კი ასეთი იყო: „საიდან გეცოდინებოდა სვანს“ (STUDINFO.GE იმედს იტოვებს, რომ ეს ინციდენტი გამონაკლისი შემთხვევა იყო).

„სწავლების ფორმა – „ეს წაიკითხეთ და ხვალ ჩამაბარეთ“, მოძველებულია“ – რა აწუხებთ დღეს სტუდენტებს თსუ-ში

ჩვენთან საუბარში ასევე ირკვევა ისიც, რომ რიგი ფაკულტეტის სტუდენტებს არ აქვთ საშუალება, სწავლების გრაფიკი დაალაგონ ან მინიმუმ, გარკვეული ცვლილებები შეიტანონ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით. მეტიც, ჩვენ შევხვდით სტუდენტებს, რომლებსაც მუდმივად შაბათის ჩათვლით აქვთ ლექციები და ზოგჯერ, დღეში მხოლოდ 1 ლექცია. ამბობენ, რომ თუ ადმინისტრაციისგან ლექციების გრაფიკის დალაგების უფლება მიეცემათ, სწავლა მათთვის უფრო კომფორტული გახდება და ხელი შეეწყობა მათ განვითარებას უნივერსიტეტის გარეთ. თემაზე უფრო მეტს სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტი გვიყვება:

„არ მომწონს სწავლების გრაფიკი, ვსწავლობ შაბათის ჩათვლით და ყოველდღე მაქვს თითო ლექცია, ამას მირჩევნია, ვისწავლო 2 დღე და მქონდეს 3-4 ლექცია დღეში. ლექტორები რაღაცებს ითვალისწინებენ და შეგიძლია გადაწიო ან გადმოწიო ლექციის დრო, მაგრამ ეს ბევრს არაფერს არ ცვლის. ადმინისტრაციამაც უნდა გაითვალისწინოს, რომ ზოგი სტუდენტი მუშაობს, ამიტომ გვინდა, დრო ისე გავანაწილოთ, რომ რაღაც შედეგი გამოიღოს ჩვენმა ცხოვრებამ. სამწუხაროდ, სტუდენტები ვცხოვრობთ, მაგრამ ვერ ვცხოვრობთ, იმიტომ რომ ყოველდღე, ხაზს ვუსვამ, უნივერსიტეტში ვართ ერთი ლექციისთვის. პირადად მე, დასაქმება მჭირდება, თუმცა ამ გრაფიკის გამო, ვერ ვმუშაობ“.

STUDINFO.GE-ს კიდევ ერთი რესპონდენტი, გვანცა კვაჭანტირაძე ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტია, ის უმეტესად ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსშია და, როგორც თვითონ ამბობს, ეს შენობა ავარიულია, „დერეფნებში და აუდიტორიებში არმატურები და ბეტონი ჩანს კედელში“.

ამასთან ერთად, გვანცა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან, სტუდენტების ინფორმირებულობის ნაკლებობას განიცდის. რის გამოც, როგორც თავად ჰყვება, ხშირად გამოუტოვებია მისთვის საინტერესო სხვადასხვა ღონისძიებები. გვანცა ამ თემას დიდ პრობლემად მიიჩნევს.

„არ მომწონს რომ სტუდენტების მობილიზება არ ხდება, როდესაც ფაკულტეტზე რაიმე ღონისძიება ტარდება ან იგეგმება ყველას ბოლომდე ვერ ატყობინებენ და სამი ოთხი ბავშვი მიდის ერთი ფაკულტეტიდან. ადმინისტრაცია ვერ გვაწვდის ინფორმაციას და ვინც კურსიდანაა ჩართული, ისინიც არ აკეთებენ დიდად არაფერს. ვფიქრობ, ამ 2-3 ბავშვის გარდა უნდა იყოს კიდევ ვიღაც, ვინც დროულად გაგვაგებინებს ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებზე. ლექცია-სემინარების გარდა, სწორედ დამატებითი ღონისძიებები ზრდის სტუდენტის განათლების დონეს“, – ამბობს ჩვენთან საუბარში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტი.

არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტები კი მეტ საერთო სტუდენტურ სივრცეს ითხოვენ და მიიჩნევენ, რომ ამ სურვილის დაკმაყოფილება უნივერსიტეტს თავისუფლად შეუძლია.

„სტუდენტებს ლექციებს შორის ინტერვალის დროს დასასხდომი, კომფორტული მოსაცდელი სივრცე, ადგილი არ გაგვაჩნია. ზამთარში, ძირითადად გარეთ გვიწევს დასხდომა, რაც ნამდვილად არაკომფორტულია. სივრცე არის, ამიტომ იმის საშუალებაც არის უნივერსიტეტში, რომ ეს სივრცეები მოეწყოს. წყლის დისპენსერები მაინც დაგვიდგან, გარეთ გავდივართ და იქ ვყიდულობთ წყალს, ამის საშუალება კი ყველას არ აქვს“.

STUDIFNO.GE იმედს იტოვებს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია საკმარის ყურადღებას მიაქცევს და გაითვალისწინებს სტუდენტების წუხილს, მათ თხოვნებსა თუ მოთხოვნებს, ახალგაზრდების კეთილდღეობისა და უკეთესი მომავლისთვის.

ავტორები: კესო კვაჭაძე, edu.aris.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები