„სწავლების ფორმა – „ეს წაიკითხეთ და ხვალ ჩამაბარეთ“, მოძველებულია“ – რა აწუხებთ დღეს სტუდენტებს თსუ-ში

სტუდენტური პრობლემები

სწავლების მოძველებული მიდგომები, ინფრასტრუქტურული გაუმართაობა ან შენობის რემონტი ლექციების პარალელურად, ძველი ყაიდის პროფესორ-მასწავლებლები, თანამედროვე სახელმძღვანელოების დეფიციტი, ადმინისტრაციისგან სტუდენტებისადმი უყურადღებობა სხვადასხვა საკითხზე, ლექტორები, რომელთაც პოლიტიკური კუთვნილება ღიად ემჩნევათ და სტუდენტების გაჩუმების მუდმივი მცდელობები, – არ მოგესმათ, ეს იმ სტუდენტების წუხილების ჩამონათვალია, რომლებმაც რეგიონში აღიარებულ უნივერსიტეტში სწავლა გადაწყვიტეს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სხვადასხვა კორპუსიდან STUDINFO.GE-ს თავიანთ პრობლემებზე ღიად და დაუფარავად უყვებიან.

ჩვენი მიზანია, მათი წუხილი ადმინისტრაციასთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სხვა სტუდენტებთან მივიტანოთ, რათა სწორი თანამშრომლობით ამ საკითხების გადაწყვეტას შევუწყოთ ხელი, რაც სხვა, მომავალი თესუელების სტუდენტურ ცხოვრებას გააუმჯობესებს და მაქსიმალურად კომფორტულს გახდის „ცოდნის ტაძარში“ წლების გატარებას.

ჩვენს მიერ გამოკითხული სტუდენტების დიდი ნაწილი უნივერსიტეტის სხვადასხვა კორპუსში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს და ხშირად, ეს საკითხი პირველია, რომლითაც ისინი ჩვენთან საუბარს იწყებენ:

„ყველაზე მეტად არ მომწონს სასწავლო გარემო, რომელიც ვფიქრობ, ძალიან დიდ გავლენას ახდენს სტუდენტის განწყობაზე. როცა ძველ, მტვრიან აუდიტორიაში მიწევს დიდი დროის გატარება, ლექციის თემატიკაზე ვერ ვკონცენტრირდები. უნივერსიტეტის შენობების ნაწილს, დიდი ხანია, რაც რესტავრაცია არ ჩატარებია“, – ამბობს ტურიზმის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი, მარიამ თოლორდავა, რომელიც მიიჩნევს, რომ ჯავახიშვილში სწავლების მიდგომაც მოძველებულია და სურს, მეტად ინოვაციური, თანამედროვე სტრატეგიებით ისწავლოს და არა ასეთი მიდგომით – „ეს წაიკითხეთ და ხვალ ჩამაბარეთ”.

სტუდენტები იმასაც გვიყვებიან, რომ ინფრასტრუქტურის გამოსწორებას უნივერსიტეტი ასე თუ ისე ცდილობს, მაგრამ ეს მათი თქმით, არასწორ დროს, სწავლის პარალელურად ხდება, რაც სასემინარო და სალექციო პროცესს ხელს უშლის.

„მეექვსე კორპუსში ამჟამად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და ეს ყველაფერი ლექციების დროს ხდება. სტუდენტებისათვის ფერხდება სრულყოფილად სწავლის პროცესი. ვისურვებდი, რომ უფრო კეთილგონივრული და ოპტიმალური დრო გამოეძებნათ აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, ეს იქნებოდა ზამთარი თუ ზაფხული, როცა სტუდენტები არ არიან უნივერსიტეტში, რადგან ხმაურის და მტვერის გამო, ხშირად გვიცდება ლექცია-სემინარები“, – გვეუბნება, ვანო კაკაშვილი, რომელიც ჟურნალისტიკის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტია.

მეორე საკითხი, რომელსაც ის უნივერსიტეტში არსებულ პრობლემად წარმოგვიჩენს, უკავშირდება ლექტორთა პოლიტიკურ განწყობებს, რომელსაც პროფესორ-მასწავლებლები არ მალავენ და ასევე საბჭოთა იდეოლოგიის გატარების მცდელობებს. რაც, ზოგჯერ, ჩვენი რესპონდენტის მონაყოლით, სტუდენტსა და ლექტორს შორის პოლემიკას იწვევს. მან გაიხსენა საკუთარი მაგალითიც, როცა ასეთი შეხედულებათა დაპირისპირების მიზეზით, შედეგად ლექცია დაატოვებინეს.

„ზოგიერთი ლექტორი საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებას თუ ორიენტაციას დაუფარავად გამოხატავს ლექციებზე. ამით ზარალდებიან სტუდენტები და მათი უფლებები ილახება, რადგან მათ, შესაძლოა, განსხვავებული აზრი ჰქონდეთ. ასევე, პრობლემაა საბჭოთა იდეოლოგიის მქონე ლექტორები და ერთ-ერთ ლექციაზე, მას შემდეგ, რაც ლექტორის ასეთი დამოკიდებულება მე რეაგირების გარეშე არ დავტოვე, ის იძულებული გახდა, გავეგდე ლექციიდან. იმედს ვიტოვებ, მსგავსი აღარ განმეორდება“, – იხსენებს ვანო.

უნივერსიტეტის პოლიტიზირებაზე მიუთითებს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ნინო ტაბატაძეც, რომელიც ამბობს იმასაც, რომ თსუ-ში, თავის მიმართულებაზე არსებული განათლების ხარისხით კმაყოფილია:

„ჩემი აზრით, უნივერსიტეტი პოლიტიზირებულია. ეს გამოჩნდა როგორც რექტორის, ასევე თვითმმართვრლობის არჩევნების დროსაც. ამიტომ, სიტყვის თავისუფლების ნაწილში, პრობლემა არის. როდესაც არჩევნები არასამართლიანია და უნივერსიტეტი მიკერძოებული ხდება, იქვე იზღუდება განსხვავებული აზრის გამოთქმის საშუალებაც“.

უჩვეულო რამ ხდება თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე. მაგისტრატურის სტუდენტი ანი ნინუა, თანაკურსელებთან ერთად ოთახის გამოყოფას ითხოვს, სადაც სტუდენტებს პრაქტიკული საგანი ჩაუტარდებათ. ამბობს, რომ აღნიშნული პრობლემა დიდი ხანია არსებობს და ოთახის გამოყოფის მოთხოვნით, რექტორს, ჯაბა სამუშიასაც კი შეხვდნენ ნოემბერში, თუმცა შედეგი ისევ არ აქვთ.

„მაგისტრატურის სტუდენტი ვარ და ჩემთვის პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, მხოლოდ თეორია არ არის საკმარისი. ამჟამად გვაქვს პრაქტიული საგანი, რომელიც არ გვიტარდება, რადგან არ გვაქვს ოთახი, სადაც პრაქტიკის ჩასატარებლად საჭირო აღჭურვილობას განვათავსებთ. ამისთვის დიდი ხანია, რაც ვიბრძვით. ადრე, თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში გამოყოფილი იყო პატარა სახლი, სადაც განთავსებული ჰქონდათ სამეცნიერო კვლევებისთვის ჩასატარებელი საჭრო აღჭურვილობა, რომელიც უნივერსიტეტს საჩუქრად გადაეცა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. ამ კორპუსიდან დიდი ხანია მეტეოროლოგები გამოუშვეს და იქ უნივერსიტეტის თანამშრომლები განათავსეს. სტუდენტები კი მხოლოდ ერთ ოთახს ვითხოვთ, რომ დაკვირვებები ვაწარმოოთ. რექტორთანაც ვიყავით შესული, ვესაუბრეთ, მაგრამ როგორც ჩანს, მაინც ვერ გვარდება ეს საკითხი. მაგისტრანტები და დოქტორანტები ვერ ვასრულებთ ნაშრომებს, რადგან კვლევები არ გვაქვს, მონაცემები, რომელიც შენით უნდა აწარმოო. სად ის, თეორიულად რომ ისწავლი როგორია ღრუბელი, და სად რომ დაინახავ მას რეალურად“, – გვიხსნის ანი ნინუა.

მესამე კურსელ ნინო შერვაშიძეს კი ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე სტუდენტების განაწილების არსებული სისტემა არ მოსწონს და გვეუბნება, რომ მის აზრზეა ფაკულტეტის ყველა სტუდენტიც. სტუდენტის თქმით, ასეთი მიდგომა უმაღლეს სასწავლებელს არ შეესაბამება.

„ძალიან არ მომწონს და მაწუხებს ჩემს ფაკულტეტზე (ინგლისური ფილოლოგია) ბავშვების ჯგუფებში გადანაწილების სტრატეგია. ყოველი სემესტრის დასაწყისში ქულის მიხედვით ვნაწილდებით. მაგალითად, თუ ამ სემესტრში აიღე 54 ქულა მოხვდები ბოლო ჯგუფში, შემდეგ სემესტრში თუ გააუმჯობესებ და აიღებ 98-ს – პირველ ჯგუფში. კურსზე 200-მდე სტუდენტი ვართ და დაახლოებით ასეთი 14-15 ჯგუფი იქმნება. ამის გამო, ბავშვებს ერთმანეთთან ახლო ურთიერთობის დამყარება, დამეგობრება გვიჭირს. სანამ ახალ გარემოსთან მოვახდენთ ადაპტაციას, სემესტრიც მთავრდება. უნივერსიტეტი კი, ვფიქრობ, ის ადგილია, სადაც მეგობრებს იძენ და ქმნი ახალ სოციუმს, რომელშიც სწავლა გაგიადვილდება“, – ამბობს STUDINFO.GE-სთან ნინო შერვაშიძე.

იმედს ვიტოვებთ, რომ ადმინისტრაცია საკმარის ყურადღებას მიაქცევს სტუდენტების წუხილს და მათ თხოვნებსა თუ მოთხოვნებს, როგორც ქვეყნის მთავარ უნივერსიტეტს შეეფერება, ისე მოეკიდება.

ავტორი: კესო კვაჭაძე (სტუდენტი)

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები