თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ლექტორი

საინტერესო ფაქტები

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებმა, თორნიკე ქოროღლიშვილი ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ლექტორად დაასახელეს, ჰო და იმედია, როგორც ბატონი თორნიკე ამბობს – „ღმერთები ამ ცოდვებს ნამდვილად აპატიებენ“, ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. რაც შეეხება, ბატონ თორნიკეს, იგი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი და ფილოსოფიის დოქტორანტია, რომელიც, ფილოსოფიაში ეგზისტენციალიზმის და ფუნდამენტური ონტოლოგიის საკითხებზე მუშაობს და ამავდროულად, საქართველოს აგრარული და თავისუფალ უნივერსიტეტის მოქმედი ლექტორია.

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

 – კითხვაზე, თუ რას ნიშნავს მისთვის სიტყვა „ლექტორი“ და ლექტორობა მან ასე გვიპასუხა:

– ჩემთვის საინტერესო და აზარტული ლიტერატურის კითხვის ანაზღაურებად შესაძლებლობას. არა, მართლა. თქვენ შეხედეთ: ვკითხულობ იმას, რაც იმთავითვე მაინტერესებს, ვმუშაობ იმ ავტორებსა და ტექსტებზე, რომელიც ჩემი ყოველდღიური და სასურველი რუტინაა, შემდეგ ამავე ტექსტებსა და ავტორებზე ვმსჯელობ და ვკამათობ სტუდენტებთან და ამაში ფულსაც კი მიხდიან. ეგეთი, ინტელექტუალური და სამსახურებრივი ჰარმონიაა. მეტი რა უნდა სურდეს ჩემისთანა ორფეხას?

სტუდენტობის დროიდან მაქვს შენიშნული, რომ ლექტორი, არსებითად, ვერაფერს და არაფერს გასწავლის. თუ რამეს ვსწავლობ, ჩემით ვსწავლობ. ეგრე არ არის? ბიბლიოთეკითა და სამკითხველო მანიაკალიზმით ხდება ცოდნის მოკრებაცა და დამარაგებაც. სად არის აქ ლექტორი? არ მჯერა, რომ შესაძლებელია ინფორმაცია მიაჩეჩო მას, ვისაც პრინციპულად არ სურს ეს ამბავი. ხოლო ვისაც სურს და საამისოდ შესატყვისი ნებისყოფაც აქვს, მიაგნებს ბიბლიოთეკას. დარწმუნებული ვარ ამაში. აქედან, წესით, ასეთი კითხვა გამოდის: რაღაში გჭირდებათ ჩემი ჯიშის ხალხი? არა, მაინც გჭირდებით. კაი ხალხი ვართ ჩვენა.

მცირედ მატყუარა ენით ვიტყვი: ბერძნულ მითოსში იყო ასეთი ღმერთი – პეითო. მოკლედ, პეითო დარწმუნებას ნიშნავს. ერთია, რომ აფროდიტე ტრფიალის უძველესი სულია, ხოლო მეორეა, რომ იგი მოკვდავამდე პეითოს, დარწმუნების, მოხიბვლის საშუალებით აღწევს. ეს პეითოა, რისი მიღებაც და წამოღებაც შეიძლება ლექტორისაგან. ზოგადად, მასწავლებელს პეითო მოაქვს. ყველაფერი, რასაც ის ამბობს – გასცემს ინფორმაციას, იყენებს თვალსაჩინოებას, პერფორმანსს მიმართავს და სხვა – პეითოსთვის, დაწმუნებისა და მოხიბვლისათვის უნდა კეთდებოდეს. ხოლო თუ მასწავლებელი ამას ვერ ახერხებს, არცა გაკვეთილიდან, ლექციიდან გამოდის რამე. ანუ იმდენად უნდა ვიყო შემსჭვალული, დავუშვათ, ამავე ფილოსოფიით, რომ ფილოსოფოსობა გადავდო მას, ვინც მისმენს.

 – გქონიათ თუ არა, რაიმე კურიოზული შემთხვევა ლექციის ჩატარებისას?

 – კი, ბევრი… ოღონდ ეგ ჩამჭრელი კითხვაა. მაგალითად, ერთი ლექცია მახსოვს, პირდაპირი გაგებით, ორი საათი ვიქადაგე ბოროტების ფილოსოფიის შესახებ. მთელი ჩემი და საკაცობრიო ცოდნის სალარო იქვე ვშობე. ჰოდა, როცა მეგონა, რომ აუდიტორიამ გასხივოსნების მიღმა გადააბიჯა უკვე და აი, აგერ, ახლა უნდა აღსრულდეს ზეციური საქართველოს ყველა ოცნება, წინა რიგებიდან შთაგონებული სახით წამოდგა ერთი ყმაწვილი და მეკითხება: “ბატონო თორნიკე, მაინც რა არის ბოროტება?” ხო, ეგეთი, ფილოსოფიური და დეპრესიულ-კომიკური სიტუაცია წარმოიქმნა.

ისე, მე, ამ თვალსაზრისით, უიმედო ცხოველი ვარ. მოფილოსოფოსე ქართლელი – იუმორის პანაშვიდივით ჟღერს. შესაბამისად, სრულიად პატიოსნად, ვაფრთხილებ ხოლმე ჩემს სტუდენტებს, რომ როცა ხუმრობას გადაწყვეტენ, გამაფრთხილონ წინასწარ; მე, ცხადია, მოწადინებულად ჩავდგები სიცილისა და გამზადებული ხითხითის პოზაში, და ასე მაინც გამოვა ამ საქმიდან რამე. რამდენად ამართლებს ეს და ან რამდენად ეწამებიან ჩემი სტუდენტები, ეგ არ ვიცი. მაგას, დიდი ალბათობით, მიღმიერში განაჩენისას შევიტყობ.

 – დღეს უკვე ყველასთვის საყვარელი ლექტორი, ფანტასტიური სტუდენტი ყოფილა, ოღონდ ზედმეტად დიდხანს იყო ყოველმხრივ დავარცხნილი. მიუხედავად მუდმივი მეცადინეობისა და კითხვისა, ის რასაც წმინდა შემეცნების სურვილს ვუწოდებთ, როდის დაიბადა თქვენში?

 – კარგი მოსწავლეობის ინერციით კარგი სტუდენტობა გავაგრძელე. გამართლებად ის მაქვს, რომ 16 წლისა უკვე სტუდენტი გავხდი და, გასაგებია, რა შემეცნებაზეც იქნებოდა საუბარი. ხო, სადღაც მეორე კურსის ბოლოდან, მესამე კურსიდან, სხვაგვარად შევიმსჭვალესავით. ეგრე როგორღაც. არა, ბევრი კარგი ლექტორიც მყავდა. სხვათა შორის, მქონდა ბედნიერება და გალაკტიონის ძმისშვილს, ნოდარ ტაბიძეს ვიცნობდი. დღემდე საპატიოდ მეგულება ეს ამბავი. თავიდან ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე და აქ ასწავლიდა ბატონი ნოდარი. ძველი თაობის არისტოკრატებს წააგავდა ეს კაცი. თან თავადვე დამიახლოვდა და ერთი ხანობა ხშირად ვიყავი ხოლმე მასთან, ბევრს ვსაუბრობდით და ვკამათობდით კიდეც სხვადასხვა თემებზე. არა, მართლა ისეა, რომ არაერთი კარგი მასწავლებელი და ლექტორი მაგონდება ახლაც. ყისმათიანი ყმაწვილი ვარ ზოგადად.

 – ბავშვობიდანვე გქონდათ სურვილი ფილოსოფოსი გამხდარიყავით?

 – ბავშვობაში ზოოპარკში მუშაობა მსურდა, სრული სერიოზულობით ვგეგმავდი ცხოველების მომვლელად ყოფნას, მაგრამ, როგროც ვხედავთ, ეს სურვილი არ განხორციელებულა და დღეს ფილოსოფიის სფეროში ვმოღვაწეობ, რომელიც ჩემთვის, სპეციფიკური ცხოვრების წესი, ანუ მჭერმეტყველებით ცხოვრებაა.

ფილოსოფიის გარდა, ხანდახან ხატვაც მიპყრობს ხოლმე, ხოლო, აკადემიურ ნაწილში, ფიზიკიდან დაწყებული კოდიკოლოგიით დამთავრებული, ბევრი რამ მიტაცებს. დიდად კომპეტენტურობა შეიძლება ვერ დავიკვეხნო, მაგრამ მაინც ისეა, რომ ჩემს მდინარეს ბევრი ჭრელი სათამაშო ჩამოაქვს ჩემთან, საყვარელი საკითხავი ლიტერატურაც საკმაოდ განსხვავებული მაქვს, მაგალითად: მაჰაბჰარატა, იტიჰასები მთლიანად, ანუ ვალმიკის რამაიანაც და მაჰა-რამაიანაც, უპანიშადები, ბრაჰმანები, ვედები, ვედანგას სხვადასხვა ტექტები, მათ შორის პატანჯალის გრამატიკა, მაჰაბჰაშია და სხვა, მოკლედ ინდოეთი დიდხანს და მთლიანად. სტუდენტობისას ცხრაგზის და ცხრაჯერ ცხრაგზის მაქვს წაკითხული კიკნაძისეული “ გილგამეშის ეპოსი.” ოღონდ სიტყვასიტყვითი თარგმანი აქვს ფანტასტიკური, თავისი კომენტარებითა და სამეცნიერო აპარატით. კიკნაძისა “ანდრეზებიც ” მიყვარს. ძალიან მნიშვნელოვანი შრომაა. მოკლედ, ეგრე, ბევრია…

 – და ბოლოს, რითი ამაყობთ?

 – ხომ იცით, სტივენ კინგის The Dark Tower-ის ფინალის ამბავია ეგეც. ახლა სპოილერს ჩავიდენ და ვისაც არ აქვს წაკითხული, წაუყრუეთ: არავითარი ბნელი კოშკი, როგორც საბოლოო და ბოლოვადი მიზანი, არ არსებობს. ან უფრო ზუსტად, კი არსებობს ბნელი კოშკი, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდება, რომ ის არ ყოფილა მიზანი, მეტიც, არავითარი იმთავითვე განსაზღვრული და სტატიკური მიზანი არ არსებობს. არის მხოლოდ მუდმივად გამეორებადი პროცესი. ამ პროცესში ჩართულობა და მისით ტკბობა, სასიცოცხლო ენერგიის, სიცოცხლისუნარიანობის ტესტია. როლანდი ყველა ჯერზე თავიდან იწყებს უდაბნოში შავოსანის დევნას, და ეს სრულიად ფანტასტიკური რამეა. ისე გამოდის, რომ ერთ რიგიან სიცოცხლეს ათასი დაბადების შნო და ონსილა უდევს საფუძვლად. მეც ეგრე მგონია

ავტორი: თეკლა ადამია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები