სტუდენტები მას ყოველთვის სახელით მიმართავენ – ცოტა რამ IBSU-ს ლექტორზე

საინტერესო ფაქტები

ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ, ცნობილია, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მაღალკვალიფიციური ლექტორებითაა გამორჩეული. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, თუ რატომ ვირჩევთ ჩვენ „იბსუს“. გარდა პროფესიონალიზმისა ჩვენი ლექტორები სტუდენტებთან განსაკუთრებული დამოკიდებულებითაც ხასიათდებიან. მხოლოდ ზოგადად რომ არ ვისაუბრო, მოვიყვან ერთ კონკრეტულ მაგალითს და ვეცდები მოგიყვეთ ცოტა რამ ქალბატონ ქეთევან გოდერძიშვილზე.

სტუდენტები მას ყოველთვის მეგობრულად ესაუბრებიან და მიმართავენ, როგორც ქეთის. პირადი გამოცდილებიდან, რომ ვთქვა, სწორედ მან ჩამიტარა პირველი სალექციო საათი. უნივერსიტეტში აღელვებული და ცოტათი დაბნეული პირველკურსელი, რომ სრულიად უცხო გარემოს ეჭვის  თვალით ვაკვირდებოდი, უეცრად მეტად სანდომიანი და მომნუსხველი ქალბატონი გამოჩნდა, რომელმაც მოგვახსენა, რომ ჩვენი ლექტორი უნდა ყოფილიყო. ქეთი ძალიან ენერგიული და აქტიური ადამიანია, არასოდეს იღლება საყვარელი საქმის კეთებით. აქვს არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა და უზომოდ მხიარულია, რის გამოც ყველა სტუდენტის გულის მოგებას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ახერხებს.

პროფესიით ფილოლოგია, როგორც თავად ამბობს, ეს სფერო იმიტომ აირჩია, რომ მოწოდებით ჰუმანიტარია. რაც შეეხება ხარისხების მოპოვებას, პროცესი სპეციალობის არჩევიდან დღემდე, დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა. ძალიან მოსწონდა თეატრი და ტელევიზია, ამიტომ ამ პროფესიების არჩევაზეც ფიქრობდა, თუცა საბოლოოდ მაინც ფილოლოგობა გადაწყვიტა. ჩააბარა უმაღლესი ქულებით, გაიარა ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, აიღო დოქტორის ხარისხი და ასე მოვიდა დღემდე. სწავლობდა ძველ ქართულს, კლასიკურ ფილოლოგიას, ბიზანტისტიკას. რაც შეეხება მის სალექციო კურსებს, ესენია: აკადემიური წერა, ქართული ენა, მეტყველების კულტურა და ქართული კლასიკური მწერლობა.

გარდა პროფესიული საქმიანობისა, მუშაობს ენერგეტიკის სფეროში (საქართველოს გაზსაცავის კომპანია) ადმინისტრაციული მენეჯერია და როგორც თავად ამბობს, ეს საქმეც ძალიან მოსწონს. ასევე ქალბატონი ქეთი ხშირად აწყობს პოეზიის საღამოებს, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ახლა ამას ვირტუალურად აკეთებს. ხშირად იწვევდნენ სატელევიზიო შოუებში ქართულ მწერლობაზე სასაუბროდ, ასევე რამდენჯერმე შეასრულა ეპიზოდური როლები ქართულ ტელესერიალებში. იგი მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანია, უკრავს, მღერის, ცეკვავს, წერს მოთხრობებს, ასევე გატაცებულია კულინარიით. თავისუფალ დროს ოჯახთან ან მეგობრებთან ატარებს, უყვარს სეირნობა, თეატრსა და კინოში სტუმრობა.

დღევანდელი ვითარება ქეთისთვის გამოწვევაა და ვირტუალურ სამყაროშიც თამამად, იმავე პროფესიონალიზმით, ენერგიით და შემართებით შეაბიჯა, თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც ყველას, მასაც ძალიან ენატრება აუდიტორია და სტუდენტებთან ცოცხალი ურთიერთობები. იმედოვნებს, რომ ძალიან მალე ეს ყველაფერი „სასიამოვნო“ მოგონებად დარჩება და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

ავტორი: IBSU-ს სტუდენტი ანო ტვილდიანი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები