რატომ გვიყვარს ცხარე – 3 თეორია

საინტერესო ფაქტები

მსოფლიოში ცხარე კერძების მილიარდობით მოყვარულია. BBC-მ ამ საკითხს ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომელშიც ცდილობს უპასუხოს კითხვას – რატომ გვიყვარს ცხარე? – სტატიაში ამ კითხვაზე სამი სავარაუდო პასუხია წარდგენილი.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

პირველი თეორიის თანახმად, ადამიანებმა წიწაკა ჩილის მოხმარება მისი ანტიბაქტერიალური თვისებების გამო დაიწყეს. მეცნიერების აზრით, გარკვეულ პერიოდში ადამიანები მიხვდნენ, რომ თუ საკვები ცხარეა, მისი გაფუჭების რისკი ნაკლებია. შესაბამისად, სიცხარე უსაფრთხოებას ნიშნავდა. ეს თეორია 1998 წელს კორნელის უნივერსიტეტის ბიოლოგებმა ჯენიფერ ბილინგმა და პოლ შერმანმა წარადგინეს. მათ 36 ქვეყნის სამზარეულოს ტრადიციული რეცეპტები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ქვეყნებში თბილი კლიმატით, სადაც პროდუქტები სწრაფად ფუჭდება, საჭმელში მეტ სანელებელს იყენებენ.

მეორე თეორია ანთროპოლოგ კაორი ოკონორს ეკუთვნის. მისი აზრით, საქმე გემოშია. ჩილის, ისევე როგორც შაქრისა და კარტოფილის შესახებ ევროპაში მრავალი საუკუნის განმავლობაში არაფერი იცოდნენ. ეს პროდუქტები მსოფლიოში ამერიკის აღმოჩენის შემდეგ გავრცელდა. უჩვეულო გემოს წყალობით წიწაკამ სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი ეროვნულ სამზარეულოებში. ოკონორის თქმით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იმ დროს ევროპულ კერძებს მკაფიო გემო არ ჰქონდა, ჩილიმ კი ეს შეცვალა.

არსებობს მესამე თეორიაც, რომლის მიხედვით ჩვენს ცხარე საკვებისადმი სიყვარულს ადამიანის რისკისადმი ლტოლვა განაპირობებს. ამ კონცეფციის ავტორი პენსილვანიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი პოლ როზინია. მან ექსპერიმენტი ჩაატარა – მოხალისეებს სულ უფრო და უფრო ცხარე წიწაკას აჭმევდა, სანამ ისინი არ ამბობდნენ, რომ აღარ შეუძლიათ. მერე კი ეკითხებოდა, რომელმა წიწაკამ მიანიჭა ყველაზე მეტი სიამოვნება. უმეტესობა ამტკიცებდა, რომ ყველაზე მეტად ბოლო, ყველაზე ცხარე წიწაკა მოეწონათ. როზინი ამტკიცებს, რომ ცხარეს ჭამისას ისეთივე სიამოვნებას განვიცდით, როგორსაც საშინელებათა ჟანრის ფილმების ყურებისას.

მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ქალებს და კაცებს ცხარე საკვების შერჩევისას სხვადასხა მიზეზი ამოძრავებთ. კერძოდ, ხშირ შემთხვევაში კაცები წიწაკას სხვებზე შთაბეჭდილების მოსახდენად ირჩევენ, ქალებს კი უფრო სიცხარის დონე აინტერესებთ.

წყარო: imedinews.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები