„ჩემს სპეციალობაზე გამოცდებს თითქმის არ ვაბარებთ“ – ქართველი სტუდენტი ესტონეთიდან

ინტერვიუ

სათამაშოებზე ფიქრს ჯერ კიდევ მაშინ ვწყვეტთ, როცა სკოლის მერხს პირველად მივუსხდებით და თავს ვირწმუნებთ, რომ გავიზარდეთ, სათამაშოების დრო დასრულდა. თუმცა ვახო კაჩუხაშვილმა მათ შექმნაზე ფიქრი ზრდასრულობაში დაიწყო და მეტიც – ამ მიმართულებით სწავლა ესტონეთში მაგისტრატურის საფეხურზე გააგრძელა:

“ესტონეთში სწავლის გაგრძელება 1-წლიანი მოხალისეობრივი პროექტის შემდეგ გადავწყვიტე. 2018-2019 წლებში ესტონეთში, ტალინში, საბავშვო ბაღში, ინგლისურენოვან დამხმარედ წამოვედი. ყოველდღიური რუტინის გარდა ლეგო რობოტიკის, ოზობოტიკისა და ბლუბოტიკის ვორქშოპებს ვმართავდი. საბავშვო ბაღში მიღებულმა გამოცდილებამ გადამაწვეტინა სწავლა ამ მიმართულებით უკვე მაგისტრატურაში გამეგრძელებინა. ტალინის უნივერსიტეტში ვიპოვე სასურველი პროგრამა სახელწოდებით “ციფრული შემეცნებითი თამაშები” (Digital Learning Games) და უნივერსიტეტში ჩასაბარებლად მზადება დავიწყე.

ესტონეთში, უნივერსიტეტში, ჩაბარება არც ისე ადვილია, რადგან გარდა ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატისა საჭიროა წარადგინოთ ქვედა საფეხურის, ჩემ შემთხვევაში ბაკალავრიატის, დიპლომის დანართი თავისი ნიშნების ფურცლითა და დათვლილი საშუალო შეფასებით. ამასთანავე, საჭიროა გააგზავნოთ cv და სამოტივაციო წერილი სპეციალური პროგრამით. როდესაც უნივერსიტეტის მხრიდან თქვენი მონაცმების შეფასება მოხდება გენიშნებათ გასაუბრება, რომლის მიმდინარეობისას უნდა დაასაბუთოთ, თუ რატომ გინდათ მოცემულ პროგრამაზე სწავლა. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის უნივერსიტეტში ჩაირიცხებით”.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

– უცხო ქვეყანაში ცხოვრების სირთულეები…

– როდესაც ესტონეთში წამოვედი 24 წლის ვიყავი. რა თქმა უნდა, ყველა ცვლილება რთულია და დრო გჭირდება შეეგუო, მით უმეტეს როდესაც საქართველოდან ისეთ ცივ ქვეყანაში გადადიხარ, როგორიც ესტონეთია. ქვეყანაში, სადაც ზამთარში 4 საათზე ღამდება და ტემპერატურა შესაძლოა -30-გრადუსამდე დაეცეს, თუმცა პირადად მე დიდი მოტივაცია მქონდა ევროპაში ცხოვრებისა და სწავლის, შესაბამისად, არ გამჭირვებია.

– განსხვავება ესტონურ და ქართულ განათლების სისტემებს შორის…

– როგორც ზემოთ აღვნიშნე “ციფრული შემეცნებითი თამაშების” სპეციალობაზე ვსწავლობ, რაც სხვადასხვა სფეროს მოიცავს – დიზაინი, ფსიქოლოგია, პედაგოგიკა და სხვა. როგორც ვიცი საქართველოში მსგავსი სპეციალობა არ არის. როდესაც აქაურ შთაბეჭდილებას ქართველ მეგობრებს ვუზიარებ, ყველაზე მეტად ის უკვირთ, რომ ძირითადად სასწავლო პროცესი ყოველდღიურ დავალებებზეა აგებული და, შესაბამისად, მაგისტრატურის სტუდენტი თვითგანათლებას ეწევა. ჩემს სპეციალობაზე გამოცდები თითქმის არ არის, ჩვენ ვფასდებით ყოველკვირეული დავალებების ხარისხის მიხედვით.

– სტუდენტური ცხოვრების ერთი დღე…

– ჩემი დღე იწყება 7 საათზე. ამ დროს მე უკვე სამსახურში უნდა ვიყო საიდანაც საღამოს პირდაპირ უნივერსიტეტში წავალ (მაგისტრატურის სტუდენტებს სწავლა საღამოს ან ღამე აქვთ, რათა მათ მუშაობაც შეძლონ). ტალინში უახლოეს მეგობართან ერთად ვცხოვრობ. ასე რომ, სიმრთლე გითხრათ, საერთო საცხოვრებელში ყოფნის გამცდილება არ მაქვს. რაც შეეხება კურსელებს მართლაც ძალიან საინტერესო ადამიანები არიან. ჩემს სპეციალობაზე 80% უცხოელია, დანარჩენი – ესტონელი. როდესაც ასეთი საერთაშორისო გარემო გაქვს შენი ყოველი დღე საინტერესო მომენტებითაა სავსე. არა მარტო სწავლობ, არამედ ეცნობი სხვადასხვა კულტურასაც.

– ყველაზე კრეატიული ლექცია გაიხსენე…

– ჩემი სპეციალობის სპეციფიკიდან გამომდინარე ყოველი ლექცია კრეატიული და საინტერესოა. ჩემს შემთხვევაში საგამოცდო ქულა თამაშის მოფიქრებაში იწერება. მაგალითად რომ გითხრათ, როდესაც ფსიქოლოგიის კურსს გავდივართ, ჩვენ მოძიებულ, ფსიქოლოგიურ თეორიებზე დაყრდნობით უნდა შევქმნათ თამაში რომელის ავთენტურობასაც მოძიებული თეორიების სიმყარე დაამტკიცებს, თუ კურსის ბოლოს თამაში მზად გვექნება და თან ფსიქოლოგიაზე დაყრდნობით დავამტკიცებთ რატომ ითამაშებს ადამიანები ამ თამაშს საგამოცდო ქულა გვეწერება.

– ლექტორებთან ურთიერთობა რამდენად მარტივია?

ლექტორები ძალიან გახსნილები და მეგობრულები არიან. აქ საქართველოსგან განსხვავებით უნივერსიტეტის პერსონალს გათავისებული აქვს რომ უნივერსიტეტი სტუდენტებისაა და არა ლექტორების.

– სტუდენტები ქულაზე ორიენტირებულნი არიან თუ სწავლაზე?

– გამომდინარე იქიდან, რომ მე მაგისტრატურაში ვსწავლობ, ყოველი სტუდენტი სწავლაზეა ორიენტირებული და არა ნიშანზე. ამ მომენტს ისიც უწყობს ხელს რომ გამოცდები არ გვაქვს, შესაბამისად, ყველა აკეთებს თავის მაქსიმუმს რომ გარკვეული ინფორმაცია შეიმეცნოს. ამასთანავე, როდესაც ევროპაში ადამიანები მაგისტრატურაში აბარებენ მათ სწავლა უნდათ, აქ საქართველო არ არის რომ ვინმე უნივერსიტეტში დიპლომის გამო წავიდეს.

– რას აპირებ სამომავლოდ? როგორ გგონია, საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას შეძლებ?

– სამომავლოდ დიდი გეგმები მაქვს. რასაც ამ წუთას მკაფიოდ ვხედავ ისაა, რომ სიამოვნებით შევუწყობდი ამ სპეციალობის გახსნას ხელს ჩემი ქალაქის უნივერსიტეტში. ასევე, ძალიან მინდა საკუთარი კომპანია მქონდეს, რომელიც სამაგიდო თამაშებს შექმნის ყველა ასაკის ადამიანებისთვის.

ავტორი: მარიამ ელიაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები