ლიეტუვაში, კაუნასის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელიკურსები ამოქმედდება. კურსებზე სწავლა მიმდინარე სასწავლო წლის მეორე სემეტრიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ღვაჩლიანი კაუნასის ვიტაუტას დიდის უნივერსიტეტის რექტორს, იუოზას აუგუტის შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რექტორის მოადგილე ინეტა დაბაშინსკიენე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ილონა კაზლაუსკაიტე.
სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა უნივერსიტეტში ქართული კურსის დამატება.
ამასთან, კაუნასის ვიტაუტას დიდის უნივერსიტეტში არსებული შოთა რუსთაველის სახელობის აუდიტორიაში საქართველოს ელჩი ამავე უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე ელჩმა სტუდენტებს მიულოცა სასწავლო წლის დაწყება, ესაუბრა მათ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, ლიეტუვა-საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების შესახებ.
ასევე, სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია საელჩოში სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის გავლის და საკონსულო მომსახურებების შესახებ. ელჩმა სტუდენტებს ასევე მოუწოდა ფართოდ ჩაერთონ ლიეტუვაში საქართველოს წარმოჩენის საქმეში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.
წყარო: imedinews.ge