ელექტრონული საგამოცდო სისტემის ხარვეზის გამო, რამაც სტუდენტთა საგამოცდო ნაშრომების წაშლა გამოიწვია, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ფინალური გამოცდები 2-ჯერ, პირველად ელექტრონულად და მეორედ წერილობით ჩააბარეს. მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტში საგამოცდო ტესტების შტრიხ–კოდების ამოცნობა ვერ ხერხდებოდა, ამიტომ რამდენიმე დღის წინ დეკანატიდან დაახლოებით 44 სტუდენტს დაუკავშირდნენ და განუმარტეს, რომ ისინი უნივერსიტეტში უნდა მისულიყვნენ საკუთარი ნამუშევრების ამოსაცნობად. უნივერსიტეტში ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებმა ორ გამოცდაზე მათ მიერ დაწერილი ტესტები ამოიცნეს და ამიტომ ხელახლა, ანუ მესამედ, ფინალურ გამოცდის დაწერა აღარ მოუწევთ.
„შტრი-ხკოდზე სველი ხელი ჰქონდა გადატარებული და ამის გამო ვეღარ ამოიცნო აპარატმა. ეს ყველაზე დიდ ჯგუფში მოხდა, რადგან შტრიხ-კოდთან შეხება, როგორც სტუდენტების, ასევე, ლექტორების მხრიდან სწორედ ამ ჯგუფში მოხდა“, – ამბობს განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სპეციალისტი ლაურა თარხნიშვილი.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნიკო ახალკაცი ამბობს, რომ მათ შეძენილი სხვადასხვანაირი შტრიხკოდი ჰქონდათ: „როგორც ჩანს, რამდენიმე პარტია შტრიხ-კოდებისა უხარისხო აღმოჩნდა და ამან გამოიწვია ეს პრობლემაც“.
შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში მიმდინარე წლის იანავარში ელექტრონულად ჩაბარებული გამოცდების შედეგები წაიშალა. მაშინ ის სერვერი დაიწვა, რომელზეც სტუდენტების შედეგები ინახებოდა.
წყარო: sknews.ge