„იყავით მიმართული პროფესიული სრულყოფილებისკენ“ – ქართველი სტუდენტის გზა მიმტანობიდან უფროსობამდე

ინტერვიუ

გიორგი ედიბერიძის ცხოვრება ჰოლივუდური ფილმის სიუჟეტს მოგაგონებთ, რომლის მთავარი გმირი კარიერას ნულიდან იწყებს და მიზნისკენ გზას თავადვე იკვალავს.  გიორგის ცხოვრება 2013 წელს რადიკალურად შეიცვალა, როცა “ვენდისში” მიმტანის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა. დღეს ის “ვენდისის” რესტორანთა ქსელის სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსია. საკუთარი ცხოვრების შესახებ გიორგი studinfo.ge-ს მკითხველს უყვება,  ახალგაზრდებს გამოცდილებას უზიარებს და რჩევებსაც აძლევს.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

– ვენდისში როგორ მოხვდით? ვაღიაროთ, რომ  ქართველი ბიჭების დიდ ნაწილს მიმტანობა ეთაკილება, როგორც ჩანს, თქვენთვის ეს პრობლემა არ იყო, მაგრამ როგორ აღიქვა ირგვლივ მყოფებმა თქვენი მაშინდელი გადაწყვეტილება?

– ვენდისში მოვხვდი 2013 წელს აბსოლუტურად სხვა გასაუბრებიდან, საზაფხულოდ  სმარტის სუპერმარკეტების ქსელში მინდოდა დავსაქმებულიყავი. CV-ში მეწერა, რომ ვეუფლებოდ​ი საკვების ბიოტექნოლოგიებს, ეიჩარმა მირჩია, დამეცადა და ვენდისში დამეწყო მუშაობა. მაშინ არც კი ვიცოდი, რა იყო “ვენდისი”. გუგლის საშუალებით მოვიძიე ინფორმაცია და საბოლოოდ, 12 სექტემბრიდან დავიწყე მუშაობა “ვენდისის” პირველ რესტორანში, იმის გამო, რომ ძალიან მიყვარდა ის საქმე, რასაც ვაკეთებდი, ალბათ, არც მაინტერსებდა სხვების აზრი, თუმცა ხშირად მსმენია ახალგაზრდებიდან მსგავსი ტიპის ნარატივები, რაც ძალიან მიუღებელია ჩემთვის.

– მიმტანობიდან მოწინავე თანამდებობებს მიაღწიეთ. თქვენი ისტორია ბევრი ახალგაზრდისთვის სტიმულის მიმცემია. მოკლედ მოგვიყევით თქვენი გზის შესახებ.

– ჩემი კარიერული აღმასვლა ცალსახად დაკავშირებულია იმ ხალხთან, რომლებიც გარშემო მყავს. გარდა იმისა, რომ ვენდისმა საკმაოდ დიდი გამოცდილება მომცა, შემძინა მეგობრები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი არიან ჩემთვის.

მეამაყება, რომ ნამუშევარი მაქვს ყველა პოზიციაზე, თუმცა ყველაზე დიდი ტრიუმფით მაინც პირველი დაწინაურება მახსენდება, როცა გავხდი ცვლის მენეჯერი და მკვეთრად შეიცვალა ჩემზე დაკისრებული საქმიანობა, ხოლო პასუხისმგებლობა ერთიორად გაიზარდა. ერთი წლის შემდეგ შევქმენი კომპანიის შიდა სატრენინგო პლატფორმა, რომელიც ონლაინ რეჟიმში ატრენინგებს ახალ თანამშრომლებს. გამომდინარე აქედან, გავხდი მსოფლიოში ყველაზე დიდი ” ვენდის” რესტორნის ტრენინგ მენეჯერი, რამდენიმე თვეში გავხდი “ვენდისის” რესტორანთა ქსელის ერთ-ერთი ფილიალის გენერალური მენეჯერი, სადაც განუზომელი გამოცდილება მივიღე როგორც მენეჯმენტში, ისე ადამიანებთან ურთიერთობაში. იქ დავაფასე, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდს, რომელიც მუდამ მხარში გიდგას და გეხმარება პრობლემების დაძლევაში. ერთი წლის შემდეგ “ვენდისის” რესტორნების ქსელში მოხდა ინოვაციური გადატრიალება. კომპანია გადავიდა ლოკალურ, საქართველოში წარმოებულ პროდუქტებზე (საქონლის და ქათმის ხორცი, პური, ნაყინი). საჭირო გახდა კადრი, რომელიც გააკონტროლებდა ამ პროდუქტების ხარისხს. კომპანიის საოპერაციო დირექტორის რეკომენდაციით გადავედი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის პოსტზე.

– წარმოუდგენელია წარმატება მარცხის გარეშე. თუ გახსენდებათ ყველაზე მძიმე დაცემა, რომელმაც არჩეული გზის სისწორეზე დაგაფიქრათ?

– ნამდვილად არსებობს ფაქტორები, რომლებიც მოტივაციას გვაკარგვინებს. მთავარია ძალიან კარგად ვაცნობიერებდეთ, რას ვაკეთებთ და რამდენადაა ეს საქმე “ჩვენი”. თუკი გვეცოდინება ეს ყველაფერი, თითოეული ჩავარდნა თუ შეფერხება გამოწვევად წარმოგვიდგება და აუცილებლად დავძლევთ.

– საქართველოში სწავლის პარალელურად მუშაობა რომ რთულია, ამაზე ბევრი საუბრობს. როგორც ვიცი, დღემდე სტუდენტი ხართ. ეს ხომ არ გიქმნით დისკომფორტს?

– სწავლა და მუშაობა სავსებით შესაძლებელია, სიტუაცია რთულდება, როდესაც თამაშში კარიერულ წინსვლაზე ზრუნვა შემოდის. ეს იმთავითვე ორმაგ რესურსს მოითხოვს ადამიანისგან.  დროისა და რესურსის გადანაწილება ორ ცხოვრებისეულად ფუნდამენტურ მიმართულებაზე მარტივი არაა. ეს ფაქტორები პირადად ჩემთვისაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა, სამსახურის დაწყებამდე ძალიან აქტიური საუნივერსიტეტო ცხოვრება მქონდა.  ჩართული ვიყავი ბევრ პროექტსა თუ კვლევაში. იმ ეტაპზე, როდესაც სამსახურმა გადაწონა ეს აქტივობები, ძალიან დამეხმარა ის, რომ პროფესიით ვმუშაობდი და არ ჩამოვრჩენილვარ თანამედროვე სიახლეებს ჩემს სფეროში, როგორიცაა სურსათის უვნებლობა, მიკრობიოლოგია და ბიოლოგია.

– ხშირად ამბობენ ფრაზას „წარმატების საიდუმლო“, თუმცა ეს ძალიან ჯადოსნურად და დამაბნევლად ჟღერს. უბრალოდ გვითხარით, ახლანდელი გადმოსახედიდან რა არის მთავარი, რამაც წარმატებულ პიროვნებად გაქციათ?

– წარმატების საიდუმლო ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია. საზოგადოა ის, რომ ყველა ადამიანმა შესრულებულ საქმიანობაში უნდა ჩადოს საკუთარი მაქსიმუმი. ჩემთვის მიუღებელია ნახევრად შესრულებული საქმე, ნახევარი პასუხისმგებლობა და მისთ. პირადად მე, ჩემს წარმატებას ვუმადლი ადამიანებს, რომლებმაც არ დაიზარეს და გამიზიარეს საკუთარი ისტორიები, გამოცდილებები, მაძლევდნენ მითითებებს და მასწავლიდნენ იმ ძირითად საკითხებს, რაც კვალიფიციურ, კონკურენტუნარიან კადრად ჩამოყალიბებაში დამეხმარა. რაც შეეხება პიროვნულ მახასიათებლებს, არ მიყვარს შაბლონური მიდგომები, ყოველთვის ვცდილობ, ვიყო კრეატიული, ასევე, მაქვს ბევრი ინტერესი, რომელთა დაკმაყოფილებისკენ მუდმივად მივილტვი. მიმაჩნია, რომ ინტერესი, კრეატივი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა წარმატების გასაღებია.

– რას ურჩევთ სტუდენტებს? რისკენ უნდა ისწრაფოდეს ახალგაზრდა?

– სტუდენტებს ვურჩევ, იყვნენ მიზანდასახულები და ინტერესიანები, ყოველთვის არსებობს გზა ინტერესის დასაკმაყოფილებლად. წარმატების გზაზე ბევრი დაბრკოლებაა, რომელთაც არ უნდა შეუშინდნენ, ყოველთვის მზად უნდა იყვნენ ახალი გამოწვევებისთვის. განსაკუთრებული, რაც შემიძლია ყველა ახალგაზრდას ვუთხრა არის ის, რომ არასდროს დანებდნენ და არ ჩაიქნიონ ხელი, იყვნენ მიმართული პირადი, პროფესიული და კარიერული სრულყოფილებისკენ.

ავტორი: მარიამ ელიაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები