ვინ არის იოანე პეტრიწი?

იოანე პეტრიწი

მიყვარს ფეხით სიარული და ქუჩების თვალიერება. ერთ ჩვეულებრივ დღეს მე და ჩემი მეგობარი კოლმეურნეობის მოედანს მივუყვებოდით. აქ ხშირად დავდივართ და მხოლოდ მაშინ მიიქცია ჩვენი ყურადღება იქვე მდარმა მონუმენტმა. ახლოს მივედით და ამოვიკითხეთ – „იოანე პეტრიწი“. სახელი გვეცნობოდა.

ამ დროს სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა მამაკაცი მოგვიახლოვდა და გვკითხა:

John_Petritsi_(17)– იცით ეს ვისი მონუმენტია?
– დიახ, იოანე პეტრიწის. – დავიტრაბახეთ 2 წუტის წინ მიღებული ცოდნით.
– იცით ვინ იყო იოანე პეტრიწი?
– არაა, სამწუხაროდ…

არ ვიცი რისი შემრცხვა, ჩემი უვიცობის თუ ახალგაზდრდასთან გაწითლების. იქნებ ორივესი ერთად.
– იოანე პეტრიწი დიდებული ადამიანი იყო, რომელიც დავით აღმაშენებლის დროს მოღვაწეობდა გელათის აკადემიაში. – თქვა და ისე ჩაფიქრდა, თითქოს მონატრებული ადამიანი გაახსენდა.
დავემშვიდობეთ.

როგორც კი მივედი სახლში, იოანე პერტიწზე დავიწყე კითხვა:

„იოანე პეტრიწი XI-XII საუკუნეების ქართველი ფილოსოფოსია (გადმოცემით იოანე ფილოსოფოს ჭიმჭიმელსაც უწოდებდნენ). მასზე ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება, მხოლოდ XVIII საუკუნის მწიგნობარნი იუწყებიან, რომ სამცხიდან იყო, დიდგვაროვანი ჩამომავლობისა. ახალგაზრდობაში სწავლობდა კონსტანტინოპოლში. შემდგომ პეტრიწონის მონასტერში გადასახლდა. ერთ ხანს, შავ მთაზე ეფრემ მცირესთან იყო, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა გელათის აკადემიას.

იოანე პეტრიწმა ფილოსოფიური ნაშრომების გარდა დაგვიტოვა მნიშვნელოვანი თარგმნილი და ორიგინალური ლიტერატურული მემკვიდრეობა: ბერძნულიდან ხელახლა თარგმნა ბიბლიური წიგნები და იოანე სინელის „კლემაქსი“ („კიბე“). ბერძნულიდანვე გადმოაქართულა მეტაფრასული ჰაგიოგრაფიული საკითხავები — წმინდათა ცხოვრებანი და წამებანი (მაგ., ცნობილია თეოდორა ალექსანდრიელისა და მერკვირის „ცხოვრებანი“, ზოსიმესა და ბარბარეს „მარტვილობანი“), აგრეთვე იოსებ ფლავიუსის საისტორიო შრომა „მოთხრობანი იუდაებრივისა სიტყუადაასაბამობისანი“ („მსოფლიო ისტორის იოსიპოსისაჲ”), რომლის თხუთმეტმა წიგნმა ჩვენამდე მოაღწია და სხვა.

იოანე პეტრიწმა დაწერა ორიგინალური ასკეტიკურ-მისტიკური პოეტური ტრაქტატი „სათნოებათა კიბე“, რომელსაც საფუძვლად დაედო „კლემაქსის“ ექვთიმე მთაწმიდლისეული ქართული თარგმანი. გალექსა „სათვეო სჳნაქსარი“ ანუ „გალობანი ყოველთა წმინდათანი“. მასვე მიაკუთვნებენ მცირე ზომის იამბიკურ ლექსებს, რომელთაგან ზოგს ჩვენამდე არ მოუღწევია.

იოანე პეტრიწმა შექმნა ლიტერატურულ სკოლა, აღზარდა მრავალი მოწაფე, გამოუჩნდნენ მიმდევრებიც. თავისებურია მისი ენა და სტილი. იგი ქმნიდა ახალ ფილოსოფიურ ტერმინოლოგიას, ბერძნულიდან დედანთან ზუსტი მიმართების მიზნით უხვად იყენებდა ქართული ენის ბუნებისათვის შეუფერებელი მიმღეობანი კონსტრუქციების წინადადებებს, რაც ართულებდა მის სამწერლო ენას. იოანე პეტრიწმა დიდი გავლენა მოახდინა ძველი ქართული ფილოსოფიურ აზროვნებაზე, საერო პოეზიასა და საისტორიო მწერლობაზე.“

ყოველთვის, როცა ამ მონუმენტთან ჩავივლი, მახსენდება ეს ერთი შეხედვთ უწყინარი შემთხვევა. მე მიყვარს ჩემი ისტორია და ჩემი ქვეყნის წარსული. ამ ამბის შემდეგ არ ვკმაყოფილდები იმით, რომ რომელიღაც დიდი პიროვნების სახელი მაქვს გაგებული და ყოველთვის ვცდილობ გავიგო უფრო მეტი ვიდრე გამოჩენილი ადამიანის სახელი და გვარია.

ავტორი: ელისაბედ ებრალიძე

იხილეთ ასევე: 

elbaqidze ვის სახელს ატარებს ელბაქიძის დაღმართი?

zaa  ეს ჯაზის ქუჩაა

d7fc4a00-6a26-4448-ab22-7f1d279ba012 აქ ცხოვრობდა შოთა ჩანტლაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები