სტუდენტი თელავიდან: – ჩვენზეა დამოკიდებული ქალაქების, რეგიონებისა და ქვეყნის ბედი

სტუდენტური სახე

 

მაკა ბოტკოველი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტია, ჩართულია არა ერთ პროქტსა თუ სამეცნიერო საქმიანობაში და ფიქრობს, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონის უნივესიტეტში.

 – მაკა, რომელ ფაკულტეტზე სწავლობ?

2014 წელს ჩავირიცხე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ისტორიის მიმართულებით. ამჟამად ვარ II კურსზე.

– რატომ მაინც და მაინც თელავი?

ამ კითხვას ხშირად მისვამენ და პასუხიც ყოველთვის მზად მაქვს. მე აქ დავიბადე, გავიზარდე და მინდა, რომ განათლებაც ამ ქალაქში მივიღო. და ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც აქ დავსაქმდები.

– მოგვიყევით თქვენი წარმატების შესახებ.

უნივერსიტეტის ჩაბარებისთანავე, აქტიურად ჩავერთე უნივერსიტეტში განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებში. გარდა ამისა, გადავწყვიტე, ჩვენი უნივერსიტეტის სახელი რეგიონის გარეთაც გამეტანა. ვმონაწილეობდი ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის მიერ გამართულ VII სტუდენტური რეგიონთაშორის კონფერენციაზე, ხოლო 2015 წლის ზაფხულში, 10 დღით გავემგზავრე ბათუმში, სადაც მონაწილეობა მივიღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ საზაფხულო სკოლაში. ჩემს ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმატებად მივიჩნევ, კახეთის მაშტაბით ინტელექტუალური თამაშში – ,,რა? სად? როდის?” – გამარჯვებას, სადაც გუნდის კაპიტანი ვიყავი, ეს ძალიან ამაღელვებელი და დასამახსოვრებელი დღე იყო.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

გარდა იმისა, რომ ჩართული ვარ უნივერსიტეტს მიღმა მიმდინარე აქტივობებში, ჩემი აკადემიური მოსწრებითაც კმაყოფილი ვარ, პირველი კურსიდან დღემდე, სახელმწიფო სტიპენდიას ვიღებ და ჩემი GPA-იც (Grade Point Average) 4.0-ია.

– რა დამატებით ღნისძიებებში მონაწილეობ პროფესიული ცოდნის გასაღრმავებლად?

მაგალითად, ზაფხულში, კულტურის სამინისტრომ, არქეოლოგ გიორგი ლაღიაშვილის ხელმძღვანელობით სოფელ ვანთის (კახეთი) ტერიტორიაზე ჩაატარა არქეოლოგიური გათხრები, სადაც აქტიურად ვიყავი ჩართული ჩემი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდებტებთან ერთად. შემდგომში კი, უკვე გათხრების დროს აღმოჩენილი არტეფაქტების დასათაურებაშიც ვმონაწილეობდი და ყოველივე ამან უდიდესი ცოდნა და გამოცდილება შემძინა.

12698975_809738835820155_1622465058_o

– გიფიქრია თუ არა საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამით წასვლაზე და აქვს თუ არა თქვენს უნივერსიტეტს კავშირი სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებთან?

ჩემს უნივერსიტეტს მჭიდრო კავშირი აქვს როგორც ევროპის, ისე აზიისს უნივერსიტეტებთან. 2015 წლის შემოდგომაზე ის სტუდენტები, რომლებმაც წარმატებით ავითვისეთ თურქული ენა, მიგვიწვიეს თურქეთში, რიზეს უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის დათვარიელების შემდეგ დიდი სურვილი გამიჩნდა, გაცვლით პროგრამებშიც ჩავერთო.

– უახლოესი გეგმების შესახებაც გვითხარით.

ახლო მომავალში ორ ზამთრის სკოლაში მონაწილეობა მაქვს დაგეგმილი, – ერთი 19 თებერვალს იწყება, ესაა ,,ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა – 2016“, რომელსაც ახორციელებს ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ხოლო, მეორე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებითა და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“  დაფინანსებით გამართული ზამთრის სკოლაა, რომლის ფარგლებშიც სკოლის მონაწილეები ფაშიზმს, როგორც ფილოსოფიურ იდეოლოგიას განვიხილავთ.

– და ბოლოს, რას ეტყოდით იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ სად გააგრძელონ სწავლა?

არჩევანი მათ დამოუკიდებლად უნდა მიიღონ. მხოლოდ ვიტყოდი, რომ ჩვენ, სტუდენტები, ახალგაზრდები, – წარმოვადგენთ რეგიონების (საბოლოო ჯამში კი მთელი საქართველოს) მაცოცხლებელ ძალას, ამიტომ ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენი ქალაქების, რეგიონებისა და ქვეყნის ბედი. მსურს, ყველამ ხარისხიანად აკეთოს თავისი საქმე. ვფიქრობ, აქტიურობა და შრომისმოყვარეობა ყველა სტუდენტს აუცილებლად დაუფასდება იმის მიუხედავად, თუ რომელ უნივერსიტეტში სწავლობს.

ავტორი: ეკა ბოტკოველი
იხილეთ ასევე:    სტუდენტი, ეროვნებით აზერბაიჯანელი, სულით – ქართველი

მელანო ფისაძე – წარმატებული სტუდენტის წარმატებული კარიერა

მარიამ კეჩხუაშვილი – გზა გორიდან ესპანეთამდე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები