სტუდენტი, ეროვნებით აზერბაიჯანელი, სულით – ქართველი

სტუდენტური სახე

 

ჯეიხუნ ნარზალოვი 1987  წლის 10 ივნისს დავიბადა ქალაქ რუსთავში. 4 წლის იყო, როდესაც საცხოვრებლად მარნეულის რაიონში გადავიდა დედასთან ერთად, რომელიც მისი ოჯახის ერთადერთი წევრია.  სკოლა მარნეულის რაიონის სოფელ ბეგლიარში, მშობლიურ ენაზე დაამთავრა. იგი საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეა და ახლა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის მიმართულებაზე სწავლობს.

,,საქართველო ჩემი არამარტო სამშობლო, არამედ ჩემი აკვანი, ოჯახი და ის ადგილია, სადაც ჩემი სხეული დაიკრძალება. საქართველოში ცხოვრება ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, აქ ჩემი მიწიერი სამოთხეა’’, ეს სიტყვების ჯეიხუნს ეკუთვნის. საქართველოს გარდა კიდევ რა არის მისთვის მნიშვნელოვანი? რა ღირებულებებისა და შეხედულებების მატარაებელია ჯეიხუნი? რა გეგმები აქვს მას სამომავლოდ და რას ურჩევს ახალგაზრდობას? ამ ყველაფერს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

როგორ მოხვდი თსუ-ში?

თსუ-ში  4+1 პროგრამით მოვხვდი, ანუ – ქართული ენის მოსამზადებელი კურსების დახმარებით ჩავაბარე. 4+1 პროგრამა გულისხმობს, რომ  ეთნიკური უმცირესობის აბიტურიენტი თავის მშობლიურ ენაზე აბარებს ზოგადი უნარების ეროვნულ გამოცდას. შემდეგ, 1 წლის განმავლობაში ქართულს ვსწავლობთ, ამის საფუძველზე კიდევ ერთ გამოცდას ვაბარებთ ქართულ ენასა და ზეპირ მეტყველებაში, შემდეგ  ჩვეულებრივად ვირჩევთ იმ ფაკულიტეტს, რომელიც გვინდა.

12115991_1012212218843272_1738573267273031970_nატომ აირჩიე პროფესიად ჟურნალისტიკა?

ჟურნალისტიკას სანამ ავირჩევდი, მანამდე ფილოსოფია მინდოდა, მაგრამ მერე გადავიფიქრე. ისე, ბავშობიდან ერთი თვისება მაქვს, მიყვარს საზოგადოების შუაგულში ყოფნა და საზოგადოებრივ აქტივობებში მონაწილეობის მიღება. მოკლედ რომ გითხრათ, მიყვარს ადამიანის დახმარება და ადამიანის სახეზე ღიმილის დანახვა, ეს მანიჭებს უდიდეს სიამოვნებას. აქედან გამომდინარე, ვიფიქრე, ვერცერთი პროფესია ისე ვერ დამეხმარება ოცნების ასრულებაში, როგორიცაა ჟურნალისტიკა. ჟურნალისტი ხომ საზოგადოების თვალი, ყური და მომსახურე პირია?!.

რა დადებით და უარყოფით მხარეებს ხედავ ამ პროფესიაში?

ამ პროფესიაში უარყოფით მხარეებს საერთოდ ვერ ვხედავ. ჟურნალისტიკაში საჭიროა გამბედაობა, შრომა, განათლება, რისკი და სინდისის ქენჯნა…

მათ, ვისთვისაც ქართული ენა მშობლიურია, უჭირს ზოგიერთი ქართული საგნის ჩაბარება, შენ როგორ უმკლავდები ასეთი სირთულის საგნებს?

რა თქმა უნდა, მეც მიჭირდა თავიდან, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა ბევრი სწავლითა და შრომით, შევეჩვიე. ისე, ახლაც მიჭირს რაღაცები, მაგრამ სირთლეების გარეშე ხომ არცერთი წარმატება არ არსებობს, შესაბამისად, სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები ბუნებრივია…

ლექტორებს როგორი დამოკიდებულება აქვს შენს მიმართ? გიწევენ რაიმე სახის შეღავათს ბარიერების გადასალახად?

ლექტორებთან ძალიან კარგი და განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. დიდ პატივს მცემენ და ასეთივე დამოკიდებულება მაქვს მეც მათ მიმართ. რაც  შეეხება შეღავათებს, სხვა სტუდენთებთან შედარებით ჩემ მიმართ არ არიან მკაცრები.

სტუდენტებთან ურთიერთობა ხომ არ გიჭირს?

სტუდენტებთან ურთიერთობაზე ბევრი რამ შემძლია გითხრა, კარგიც და ცუდიც. ზოგიერთი სტუდენტი ისე აღმიქვამს, როგორც უცხოპლანეტელს, მაგრამ ბედნიერი ვარ იმით, რომ არსებობენ ისეთი სტუდენტები, რომლებიც ამ ყველაფერს მავიწყებენ, ისინი ჩემთვის და-ძმასავით არიან.

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

გარდა სწავლისა რით ხარ დაკავებული? მუშაობ სადმე?

სერიოზული სამსახური არ მაქვს. საზოგადოებრივი აქტივობებით უფრო ვარ დაკავებული. სწავლა მიშლის ხელს რომ სერიოზლი საქმიანობით დავკავდე.

კონკრეტულად რომელი რელიგიური მიმდინარეობის აღმსარებელი ხარ და რა არის შენთვის რელიგია?

ჩემი სარწმუნეობა ისმალამია, ანუ – მუსლიმი ვარ. რელიგია ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს. რელიგია არის ჩემი ყოველდღიური ქმედებების მარეგულირებელი წესდება. იგი ჩემი ცხოვრების წესი და ადამიანურობის შემქმნელი ერთი ცნებაა.

ჯეიხუნ, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ხარ. ხვდები თუ არა პრობლემებს საზოგადოებასთან ურთიერთობისას და რა სახისაა ეს პრობლემები?

ვარ ეთნიკური უმცირესობის წევრი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი. საზოგადოებაში ინტეგრირება ჩემთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა და დაბრკოლებებისა. მაგალითად, საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აღიზიანებთ, ან უბრალოდ, არ სიამოვნებთ ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანელი ვარ. წარმოიდგინეთ,  ჩემი აზერბაიჯანული ენაც კი აღიზიანებთ და ხშირად, ამაზე ჩხუბიც მომსვლია.

11811556_851965134894251_1821293929861744686_nტელეფონით ნათესავს ან მეგობარს აზერბაიჯანულად რომ ვესაუბრები ლანძღვას იწყებენ.  სამწუხაროდ, საზოგადოებაში ჯერ კიდევ არის რაღაც ნაწილი, რომელიც  ეთნიკური უმცირესობების მიმართ აგრესიულობით გამოირჩევა. მაგრამ ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში ბედნიერების შუქურას ვერ ჩააქრობს. ოჯახის წევრებს შორისაც არსებობენ მკაცრი და ლმობიერი ხასიათის ადამიანები. ისე, ზოგადად რომ ვთქვა, საქართველო ისტორიულად თავისი ტოლერანტობითა და მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევა. ვფიქრობ, ასეთი ფაქტების მიმართ ჩვენ მოთმინებითა და უკეთესობისკენ შეცვლის იმედით უნდა ვიყოთ გამსჭვალული.

 

როგორ ფიქრობ, რა უნდა მოიმოქმედოს საზოგადოებამ და ხელისუფლებამ ეთნიკურად ქართველი, ადგილობრივი მოსახლეობისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელებს შორის ურთიერთობების ,,დასათბობად“?

ჩემი აზრით, სახელმწიფოს ევალება, რომ ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ მრავალფეროვნებებს შორის ხიდის როლი შეასრულოს და არსებული მრავალფეროვნება ერთმანეთან შესაბამისი ფორმით დაახლოვოს. მხატვრულად რომ ვთქვა, შექმნას ისეთი ბაღი, სადაც მრავალი სილამაზე ერთმანეთს შეავსებს. სახელმწიფოს დახმარებით ეთნიკურმა მრავალფეროვნებებმა ასე უნდა შეავსონ ერთმანეთი და უნდა შექმნან სრულყოფილება.

ჯეიხუნ, შენ საახალწლო მიმართვაში, რომელიც სოციალური ქსელით საკმაოდ პოპულარული გახდა, საქართველოს პატრიარქი საკუთარ პატრიარაქად მოიხსენე. როგორია შენი დამოკიდებულება მართმადიდებელი მრევლისადმი და რას იტყვი კონკრეტუულად პატრიარქზე?

ილია მეორე სრულიად საქართველოს პატრიარქია, შესაბამისად, ჩემი პატრიარქიც გამოდის. ჩვენ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, თუ გვინდა, სამშობლო გაერთიანებული და მშვიდობიანი იყოს, მაშინ თითოეული მოქალაქე მეორე მოქალაქის ღირსებასა და აღმსარებლობას პატივს უნდა სცემდეს და მას თავისად უნდა აღიქვამდეს.  ის შენია, ეს ჩემია – ასეთი მიდგომით ვერაფერს გავხვდებით. უნდა ვისწავლოთ და გავითავისოთ სიტყვები – ეს ჩვენია. ოჯახში ყველაფერი ოჯახისაა და იქ უცხო არაფერია. აქედან გამომდინარე, საქართველოს პატრიარქი ჩემი პატრიარქიცაა და მე იგი ძალიან მიყვარს. ამ სამყაროში 2 ცოცხალ ადამიანს ვცემ უდიდეს პატივს – შიიტების სულიერი ლიდერს სეიდ ალი ხამენეის და ჩემს პატრიარქს, ილია მეორეს. ეს ადამიანი, თავის სულში, ისეთ რაღაცას ატარებს, რომ თვალებში ჩახედვისას უცებ ზნეობა გახსენდება.

ერთ-ერთ გადაცემაში თქვი, რომ ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი არის საკუთარი ერის ელჩი ამ ქვეყანაში. როგორ ფიქრობ, შენ რა ფუნქცია გაკისრია ამ მხრივ?

კი, ვთქვი ეს ფრაზა. ამ მხრივ მე ბევრი რამ მაკისრია, უპირველესყოვლისა, დავეხმარო იმ აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს, რომლებსაც უჭირთ საზოგადოებაში ინტეგრირება. ასევე, ჩემი კარგი, პატიოსანი და პატრიოტული  მოქალაქეობით უნდა ვასახელო აზერბაიჯანელი ხალხი საქართველოში. ვფიქრობ, ამგვარი ელჩის ფუნქცია ბევრ ჩემნაირ ახალგაზრდასაც აკისრია.

ძალიან გიყვარს საქართველო, მას შენს მეორე სამშობლოს უწოდებ?

საქართველო არა მეორე, არამედ ჩემი ერთადერთი სამშობლოა. საქართველოს გარდა მე მეორე სამშობლო არ გამაჩნია, ეს ჩემი მიწიერი სამოთხეა და მას სხვა რა აჯობებს?! სამწუხაროდ, ბევრს ეშლება და აზერბაიჯანს თავის მეორე ან პირველი სამშობლოდ მიიჩნევს. ბოდიში, მაგრამ ასეთი რამ მე არ მესმის. კი, აზერბაიჯანი ჩვენი მოძმე და მეზობელი ქვეყანაა და იქ ეროვნებით ჩემი ძმები ცხოვრობენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აზერბაიჯანი ჩემი პირველი ან მეორე სამშობლოა. კაცის სამშობლო ისაა, რომლის წინაშეც მოქალაქეობრივი ვალდებულებები გაკისრია.

11401057_952500614814433_2439462845236372437_n

ერთ-ერთ გადაცემაში ამბობ, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებსაც გამძაფრებული აქვთ პატრიოტული სულისკვეთება, აქ ჩვენს ქვეყანაში ამ დამოკიდებულებას ვერ გრძნობ. რაზე დაყრდნობით გააკეთე ეს განცხადება? რამ განაპირობა ეს სუსტი პატრიოტიზმი?

საქართველოში მართლა ჩანს ისეთი დამოკიდებულება, რომ ჩვენს ხელთ არსებული ღირებულებების ფასი არ ვიცით. აი, მაგალითად ავიღოთ, ჩვენ მეზობელ თურქეთში თავიანთი დროშები როგორ უყვართ, პატარა ბავშვიც ეთაყვანება თურქულ დროშას, საქართველოში კი მე ამას ვერ ვხედავ. დროშები ,,სელფების’’ გადაღების დროს თუ გვახსენდება. დროშა წმინდა რამაა,  ქვეყნის არსებობის მანიშნებელი ერთ-ერთი უძლიერესი სიმბოლიკა და მას დიდი პატივი უნდა ვცეთ. დღეს ჩვენ ხუთჯვრიანი დროშით გვცნობენ, შესაბამისად, დროშა თუ არ გიყვარს, ესე იგი, შენი სამშობლოც არ გიყვარს…

რა არის შენიცხოვრების მთავარი მიზანი და რას აკეთებ ამ მიზნის მისაღწევად?

ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია, ვიყო ღმერთისა და ადამიანებისთვის სასურველი პიროვნება და არავის ვძულდე. ამისთვის, უპირველესად,  ვცდილობ უფლისმოშიში და საზოგადოებისთვის მომსახურე პიროვნება ვიყო.

მითხარი, რას აფასებ ადამიანებში ყველაზე მეტად?

მე ადამიანებში ყველაზე მეტად უნიღბობას ვაფასებ. ასევე მიყვარს როდესაც ადამიანი პოზიტიური და მომღიმარია. ყველაზე მეტად კი დასაფასებელია ის ადამიანი, რომელიც თავის თავზე მეტად სხვაზე ღელავს და ზრუნავს.

რას ურჩევდი/ეტყოდი ახალგაზრდებს?

ახალგაზრდებს ვურჩევდი, სამშობლო თავიანთ თავზე მეტად უყვარდეთ და ზნეობას უფრო მეტად აფასებდნენ ვიდრე უზნეობას. იყვნენ ბუნებით თავისუფალნი, მაგრამ თავისუფლება არ ნიშნავს შინაგანი მოთხოვნების უყოყმანოდ შესრულებას, ამ შემთხვევაში გრძნობები გმართავენ. შენ უნდა მართო შენი გრძნობები და არა პირიქით, აი ამას ვგულისხმობ თავისუფლებაში.

მოამზადა: ნათია დაშნიანმა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები