„ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე : მე და ღამე, მე და ღამე“ , საინტერესოა რატომ მოხდა ასე, ნოემბრის ერთ ცივ ღამეს რატომ აღმოვჩნდით მე – ნათელი სტუდენტი და ბნელი ღამე ერთმანეთის პირისპირ და სულიერი ნათესავნი. არცთუ გრძელი ისტორიაა, გამოცდის წინა ღამე არ არსვენებს სტუდენტს, თსუ-ს სტუდენტს.
ერთ გრძელ ღამეს დავსხედით მე, კონსპექტი და თეთრი ღამე, ეს არის „თეთრი ლეგენდა შავზე“ , მე დაფერფლილი გონებით და ცარიელი ენთუზიაზმით დახრილი ხელით ვწერ სტრიქონებს, რომლის ერთი მესამედი იმ წუთას მიფრინავს ცაზე მაღლა, იცი, უნდა ისწავლო, იცი გამოცდა გაქვს, იცი ვერ იძინებ, იცი არ შეგიძლია, იცი გამორიცხულია, იცი მოკვდები, ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის? – დიახ, მეგობრებო, ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის, დაუნდობელი და უძილო ბრძოლა, ოღონდაც სისხლის გარეშე.
[textmarker color=F5A9E1]✔გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
როცა კონსპეკტისკენ იხრები და ცდილობ იქ ამოიკითხო ჭეშმარიტება,რომელიც რამდენიმე კვირის წინ ლექტორმა იღაღადა და შენ განაღაღადე შენი არ სწავლით, გახსენდება ძილის ტკბილი სტადიები, ხვდები, რომ ღირსი ხარ ცოცხლად და „ლაივში“ იხილო მზის ამოსვლა, აისი, რიჟრაჟი და მხოლოდ ამის შემდეგ გაუდგე 150-ის,140-ის,24-ის, 21-ის და სხვათა მარშუტებს ცივი მაღლივისკენ, რომელიც დილით უფრო დრაკულას სასახლეს ჰგავს (ოღონდ უფრო დანგრეულს), ვიდრე საგამოცდო ცენტრს, ან ბიბლიოთეკას, რას იზამ, გამოცდის წინა ღამეც რთულია, ცხოვრების მსგავსად.
კითხულობ, იწერ, ისევ კითხულობ… (ლირიკული წიაღსვლა: ვნახოთ ფეისბუქის ჩატი, დავლიოთ წყალი/ყავა/ჩაი) და საბოლოოოდ დაგათენდაა, ჩიტო!
ისე არაფერი არ ახარებს სტუდენტს გამოცდის წინა ღამეს, ვიდრე იმის შეგრძნება რომ 345678 გვერდი უკვე ნასწავლია და დარჩა 567 გვერდი… (პოზიტივია ერთგვარი) ,მაგრამ რაც არ უნდა თსუ-ს სტუდენტი იყო, რაც არ უნდა წინა ღამე იყოს, როგორი თეთრი და უსაშველოც, რაც არ უნდა ცივი და მარტოსული მაღლივი გელოდეს უძინარს დილით ადრე, რაც არ უნდა არ იცოდე რა ამოიცვა იგივე დილით ადრე, რაც არ უნდა მშიერმა გასწიო გამოცდისკენ, არაფერია იმაზე ტკბილი, როცა გამოცდიდან „ჩავაბარე“ სახით გამოხვალ და გარეთ შემოდგომა დაგხვდება!
იხილეთ ასევე: ერთ ღამეში ნასწავლი სემესტრი
ავტორი: მონიკა ჭანია