ოხ რა უცებ მოდის ხოლმე აღსასრულის ჟამი. არც კი ვიცი საიდან დავიწყო იმის სწავლა, რასაც დღემდე ცუდი სიზმარივით გავურბოდი.
კარს მომადგა ,,ნანატრი“ საგამოცდო კვირა, ახლა დროა დავირაზმო წიგნებით და იმ განწყობით, რომ მე ნიჭიერი ვარ და რაც ,,გავმაზე“ იმის ანაზღაურებას მცირე დროში შევძლებ.
მოკლედ იმ დღიდან რაც სასწავლო წელი დაიწყო, დიდი ოპტიმიზმით შევუდექი სწავლას, მსურდა საუკეთესო ქულები მიმეღო და თავი გამომეჩინა, მაგრამ როგორც კი პირველი კვირა ჩამთავრდა და ლექტორებმაც სამეცადინო მასალის რაოდენობა მომიმატეს, გადავწყვიტე ხელი ამეღო ჩემს თავდაპირველ განძრახვაზე და მხოლოდ ბედისთვის ანდა ლექტორების გულისხმიერებისთვის მიმენდო ჩემი სემესტრული ქულა.
[textmarker color=00FFFF]✔ ეძებთ ტრენინგებს თქვენი ორგანიზაციისთვის? გაეცანით სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე![/textmarker].
სემინარებზე იშვიათად თუ მივაღწევდი დაუგვიანებლად, დილით თვალს რომ გავახელდი თვალწინ დამიდგებოდა, ცივი ქალაქი, საცობებით გადაჭედილი, ამის გახსენებაზე საწოლის სითბო მძლევდა და სწრაფად გადავეშვებოდი, ცოტას კიდე წავუძინებ–მეთქი, თავს კი იმით ვინუგეშებდი, რომ არაფერს ვაშავებდი ერთი დაგვიანებით და ხვალ აუცილებლად გამოვისყიდდი ყოველივეს, რაც ლექციაზე დაგვიანებით ან უკიდურეს შემთხვევაში არ მისვლით დავკარგე. ასე უდარდელად ვაგრძელებდი ძილს მანამ , სანამ ხმაურიანი სატელეფონო ზარი არ დამირღვევდა ძილისპირულის სიმყუდროვეს, მერე კი დედაჩემის კიდევ უფრო ხმაურიანი სიტყვები შეფხიზლებად არ გადამექცეოდა.
ბევრი რომ არ გავაგრძელო მოვიდა ჟამი გამოცდის წინა ღამისა, ანუ ჟამი აღსასრულისა. ხვალ გადაწყდება ჩემი ბედი. ორი არჩევანი მაქვს: ან გამოცდას ჩავაბარებ ან კიდევ ვერ ჩავაბარებ და ამით დაიქცევა ქვეყანა, ყველა სიბრალულით შემომხედავს–როგორც უვიცს, ზოგიც თითს გამოიშვერს ჩემსკენ და ცინიკურად ჩაილაპარაკებს ,,აბა რა ეგონაო, სწავლა ასე ადვილი რომ იყოს ყველა მაგისავით იჭრიჭინებდა და იხტუნებდაო “.
სიმართლე გითხრათ ამგვარი რეპლიკები დიდად არ მაღელვებს, თუმცა აღსასრულის ჟამს რაზე აღარ დაფიქრდება კაცი.
გადავწყვიტე რადაც არ უნდა დამიჯდეს ვისწავლო, რადგან გადაწერა გამორიცხულია, ჩემი მოხერხების ამბავი რომ ვიცი კურიოზული სიტუაცია არ ამცდება, გამოცდილებაც საკმაოდ დიდი მაქვს ამ მხრივ. მობილურიც მუდმივად დამჯდარი მაქვს და სულ მაშინ ითიშება როცა ჩემი თემა კულმინაციას აღწევს, მერე იძულებული ვხდები საკუთარი ინტერპრეტაციით დავასრულო ნამუშევარი, რის გამოც მკითხველი ჩიხში შემყავს და გამსწორებელს უჭირს დასკვნის გამოტანა რამ გამოიწვია ჩემი ასეთი დაბნეულობა.
ამ ფიქრებში გართულმა ფარდის მიღმა სიბნელე შევნიშნე.
დაღამდა…..
მე ვზივარ წიგნების გარემოცვაში და ვფიქრობ : კარს მომადგა გამოცდის წინა ღამე ანუ ჟამი აღსასრულისა, ეს აღსარება გამოცდაზე ნამდვილად არ გამომადგება,მაგრამ იქნებ კიდევ არის სადმე ჩემნაირი ნიჭიერი სტუდენტი და უხარია ჩემი არსებობა. თუ აქვე ხარ დამენახე, გამახარე, ჩვენ ორნი ვართ და ერთმანეთი უნდა ვანუგეშოთ..
იხილეთ ასევე: ერთ ღამეში ნასწავლი სემესტრი
ავტორი: ჭრიჭინა