06:55 ანუ ყველაზე ბედნიერი ხუთი წუთი

ARIS ბლოგერი

ზომბი და მე მშვიდად ვსხედვართ სამკუთხა მაგიდასთან. შამფურზე კურდღელი ტრიალებს და ბუხარში მწვანე ალი გიზგიზებს. ზომბი მელაპარაკება და ჩემდა გასაოცრად მე მესმის მისი საუბარი. შემდგომ მეც ვიწყებ საუბარს და ისევ  მიკვირს, რომ ჩასისხლიანებულ, გამოლენჩებულ თვალებს არ მაშორებს და ალუბლისფერ თავს მიქნევს. ოთკუთხა ოთახში ვართ და კედლებზე ბაცი ლურჯი შპალერია გაკრული. მე ვსაუბრობ და შორიდან მესმის საშინელი კივილი, რომელიც ნელ-ნელა მიახლოვდება. ბგერითი მოვლენაა, მაგრამ აშკარად ვხედავ კონტურებს და რაღაც ციფრებს. ზომბი გადმოკარკლულ თვალებს ბუდიდან იყრის და იატაკზე ხოხიალს იწყებს. კონტური მიახლოვდება, კივილი მატულობს და მე… მეღვიძება…

გაღვიძება ცოტა არ იყოს ხმამაღალი ნათქვამია, ალბათ შესაფერისი ფრაზა ამ შემთხვევაში არის ის, რომ ცალი თვალი გავახილე… ამ ცალი, ახლომხედველი თვალით ტელეფონი მოვძებნე (რომელიც ისევ „კიოდა“)  და მასზე სანატრელი ციფრები აღმოვაჩინე: “06:55“… მართალია, ზომბთან დაბრუნების და კურდღლის მირთმევის არავითარი სურვილი არ მაქვს, მაგრამ ჩემს ბედნიერ ხუთ წუთს მაინც გამოვიყენებ და ცალ თვალს ისევ ვხუჭავ… არა ხუთი, არამედ 15 წუთით…

შედეგად კი დაფეთებულს მეღვიძება, რადგან დაშვებულ დროს აშკარად გადავაჭარბე და დრო არ მიცდის… არც 88 დამიცდის.

[textmarker color=A9F5F2]✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

სააბაზანოში ცივი წყლით, რამდენჯერმე სახეში ხელის შემორტყმით და ბუქნებით აზრზე მოვდივარ (ოდნავ)… სამზარეულოში ყავას ვისხამ… საძინებელში ტანზე ვიცმევ და იქვე ვსვამ ყავას… რომელიც ჯოჯოხეთივით ტკბილი არ არის და არც შავია…

ზურგჩანთას ვალაგებ, ყურსასმენებს ყურში ვირჭობ და კარებს ჩუმად ვაღებ (რვაზე  სახლიდან ხმაურით გასვლა არ შეიძლება).

88 როგორც წესი ცარიელი მოდის (წინასწარ გათვლილი დროის მენეჯმენტის და ჩემი ლოგიკის წყალობით)…  ავდივარ… ყავის მოქმედება ნელ-ნელა აზრს კარგავს…

უკანა სავარძელზე ვჯდები, მუსიკას რაც შეიძლება ხმამაღლა ვუწევ (იქნებ რომელიმე რეპლიკაზე შევხტე მაინც), ბილეთიც ხელში მიჭირავს (ლიჟბი დამივარდეს, ზნაჩიტ უნდა ავიღო, მოჟნა დამეკარგოს = ჯარიმას ანუ ფხიზლად უნდა ვიყო)

ნუცუბიძის მიხვეულ-მოხვეულ გზებს ვუმკლავდები, ვაჟა-ქავთარაძეც ვძლებ, ვაკისკენ უხვევს  88 და აი აქ…უბრალოდ ხან ერთ თვალს ვხუჭავ, ხან მეორეს…

გზა მოკლდება.. ჩემი სურვილი კი ნელ-ნელა იზრდება… ძილის…

ჩავდივარ…

შევდივარ…

ვჯდები…

ვუსმენ…

ვუსმენ…

ვუსმე…

ვუსმ…

ვუს…

ვუ…

ვ…

Zzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzz

p.s. ზომბთან ვზივარ, ისევ სამკუთხა მაგიდასთან, ისევ ბაც ლურჯ შპალერს შევყურებ…

ორი განსხვავებით – არავითარი კივილი არ მესმის (არც კონტურები მეხაზება თვალწინ)

სადღეგრძელოს ვსვამ – ყველაზე ბედნიერი 5 წუთის…

მიხარია, რომ ღვინის გემოს ვგრძნობ.

როცა ლექცია დილის 9 საათზე მაქვს.. ან უფრო ადრე

ავტორი: მარიამ გვარამია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები