როცა ლექცია დილის 9 საათზე მაქვს.. ან უფრო ადრე

ARIS ბლოგერი

მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში მაინტერესებდა, რატომ გადაწყვიტა სრულიად პლანეტის მოსახლეობამ, რომ ადამიანი სწავლას დილაუთენია უნდა იწყებდეს. იმ გავრცელებული აზრის  , რომ დილით გონება ყველაზე კარგად მუშაობს, გახსნილია და უამრავი სასარგებლო თუ უსარგებლო ინფორმაციის ასათვისებლად სრულ მზადყოფნაშია, საკუთარი მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე არასოდეს მჯეროდა.

ჩემი მაღვიძარა მთელი ცხოვრება 3-ჯერ რეკავდა დილით. 15 წუთიანი ინტერვალებით. პირველი სიგნალი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საოცარი სიზმრების სამყაროდან მკვეთრად მაბრუნებდა რეალობაში, არ იყო ყველაზე საშინელი, რადგანაც ვიცოდი, რომ შემდეგი  ნახევარი საათი  ჩემი თბილი საწოლის დატოვების საშიშროება არ არსებობდა. თუმცა ეს ნახევარი საათი ყველა სხვა ნახევარ საათზე სწრაფად  გადიოდა და 8 საათზე მეც ვდგებოდი, რათა  08:30 სთ – ზე განათლების სისტემის სხვა მსხვერპლებთან ერთად წავსულიყავი იმ დაწესებულებაში, რომელიც იმ პერიოდში საავადმყოფოს მერე ყველაზე მეტად მეზიზღებოდა.

[textmarker color=A9F5F2]✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

ასეთ „ტანჯვაში“ გავიდა სკოლის წლები და სტუდენტობასთან ერთად უარესისთვის ვემზადებოდი, თუმცა, ჩემდა გასაკვირად, უნივერსიტეტში ამ მხრივ პრობლემები არ მქონია. ლექციები ისეთ დროს მეწყებოდა, რომ დილით გამოძინებასაც ვასწრებდი, საუზმობასაც და ზოგჯერ კონსპექტების გადაკითხვასაც.  თუ ზოგიერთი ლექტორის სტუდენტური წლების და მისი ნათესავების ჯანმრთელობის ამბები არ გაინტერესებდა, პირველი ლექციის გაცდენაც შეიძლებოდა. მოკლედ, სტუდენტობის დროს კარგად გამოვიძინე და თითქმის დამავიწყდა ბავშვობისდროინდელი ფსიქოლოგიური ტრავმა. მაშინ ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, მალე 8 საათამდე ძილი შენი ყველაზე დიდი ოცნება გახდებაო, რა თქმა უნდა, არ დავუჯერებდი.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მოულოდნელად,  ბუდაპეშტში სასწავლებლად წასვლის შესაძლებლობა გამოჩნდა და მეც წავედი. წასვლამდე, ჩემი წარმოდგენები ბუდაპეშტში ახალი ცხოვრების დაწყებაზე, ფანტასტიკის ჟანრსაც კი ცდებოდა. თუ დუ ლისთის თავიდან ბოლომდე გადახაზვის დრო დადგა. მე მივიდოდი საზღვარგარეთ, საუკეთესო მეგობართან ერთად, რამდენიმე წლით და ამ ახალ ცხოვრებაში არ უნდა ჰქონოდა ადგილი არავის და არაფერს ჩემი დაქალის, ახალი და საინტერესო ხალხის, მუსიკისა და მოგზაურობის გარდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაზე დიდი ადგილი მაინც მაღვიძარამ დაიკავა, რომელიც თავიდან 07:30სთ – ზე მაღვიძებდა. 08:00 სთ-ზე უკვე ლექციები მეწყებოდა, მაგრამ რადგანაც საერთო საცხოვრებლის ოთახიდან აუდიტორიამდე მისასვლელად მხოლოდ 5 წუთი მჭირდებოდა და შესვენებებზე ოთახში ამოსვლა და გოგოებთან ერთად ჩაის დალევასაც ვასწრებდი, ჩემს ცხოვრებას ჯერ კიდევ ჰქონდა აზრი. რამდენიმე თვის შემდეგ სხვა კორპუსში გადამიყვანეს, რაც მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო, იმიტომ რომ ეს სხვა კორპუსი საკმაოდ შორს იყო საერთო საცხოვრებლიდან და ტრანსპორტით მგზავრობასაც საჭიროებდა. ზუსტად ჩემს დაბადების დღეზე, დილით 06:30 – ზე რომ ავდექი და მერე წვიმიან, ნისლიან, ბნელ და ცივ ქუჩაში ავტობუსს რომ ველოდებოდი მაშინ ვფიქრობდი, „რაც არ გკლავს გაძლიერებს“  ამ შემთხვევას ნამდვილად არ შეესაბამება – მეთქი. იმ პერიოდში უარესი უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, მაგრამ,  თურმე, არა შეუძლებელი.

მე და ჩემმა დაქალმა ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ. ვიქირავეთ ბინა ქალაქის ცენტრში, ძააალიან შორს ჩვენი უნივერსიტეტებიდან და ახალი ცხოვრების კიდევ ერთი, რთული ეტაპი დაიწყო, ამჯერად 06:00 სთ – ზე.  უნივერსიტეტში მისასვლელად ჯერ ტრამვაის უნდა გავყოლოდი, რომელიც საბედნიეროდ ჩვენი ბინის წინ გაივლიდა და მერე მთელ ქალაქს კვეთდა. ნახევრად მძინარე, ნაჩქარევად ჩაცმულ – ნასაუზმები ვიჯექი ხოლმე ტრამვაიში, ჩემსავით ძილზე მეოცნებე ხალხთან ერთად და ფანჯრიდან ვუყურებდი როგორ იღვიძებდა ეს ულამაზესი ქალაქი. სანამ ჩემი სახლიდან დუნაის ნაპირთან მდებარე გაჩერებაზე მივიდოდი, საიდანაც უკვე ავტობუსით უნდა გამეგრძელებინა გზა, მზე ჩემ თვალწინ ამოდიოდა, თითქოს სადღაც მდინარიდან. მზის შუქზე ბრწყინავდა პარლამენტი და მარგეტის ხიდი და ეს ყველაფერი იმდენად ლამაზი იყო, რომ  ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი იმის გარდა, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი. ავტობუსის გაჩერებაზე აუცილებლად მხვდებოდა ძალიან სიმპატიური უნგრელი ბიჭი, რომელსაც არც კი დავლაპარაკებივარ, მაგრამ რამოდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს ვხვდებოდით ერთმანეთს და მერე  ერთად ვმგზავრობდით ავტობუსის ბოლო გაჩერებამდე, საიდანაც ის სავარაუდოდ სამსახურში მიდიოდა, მე კი კიდევ ერთ ავტობუსს ველოდებოდი.  და მე ზუსტად ვიცოდი ,რომ ის ისევე მელოდებოდა ხოლმე, როგორც მე ველოდებოდი მას.   ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მე ნამდვილად 06:00 სთ-ზე ვდგებოდი ყოველდღე და სამ ტრანსპორტს ვიცვლიდი, ჩვენი გვერდიგვერდ, მდუმარე მგზავრობის 20 წუთი იყო.  თუმცა, როგორც კი უნივერსიტეტამდე მივაღწევდი და თბილ აუდიტორიაში შევიდოდი, ყოველგვარი მაგია ქრებოდა და ვრჩებოდით მხოლოდ მე და ჩემი ზურგჩანთა, რომელზე თავჩამოდებულსაც მეძინა მანამ, სანამ ლექტორი არ მოისურვებდა ჩემთვის რამე ეკითხა უნგრული გრამატიკის წესებიდან.

ასე გავიდა კიდევ ერთი წელი სწავლისა და მაღვიძარასთან მუდმივი კონტაქტის პროცესში. თითქმის 23 წლის ვარ და აქედან ბოლო 17 წელი მაიძულებდნენ დილით ადრე ადგომას და მე მივხვდი რომ თუ ცხოვრებაში რამე ვერ ვისწავლე, მხოლოდ იმიტომ რომ ამის გაკეთებას იმ დროს მთხოვდნენ, როცა მე ყველაზე მეტად ძილი მინდოდა. არ მესმის იმ ხალხის, ვინც გადაწყვიტა რომ სწავლა 8 და 9 საათზე უნდა დაიწყოს. ისინიც ხომ იყვნენ მოსწავლეები და სტუდენტები, მათაც ხომ ახსოვთ ეს სიმწარე, რატომ არ იცვლება არაფერი? დაუჯერებელია, თუმცაღა, ლეგენდა მოგვითხრობს, რომ არსებობს ადამიანების მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელთაც არათუ შეუძლიათ, არამედ უყვართ კიდეც დილით ადრე ადგომა. ჰოდა, მოდით გააგრძელონ მათ ცხოვრებით ტკბობა და მაღვიძარაზე ადრე გაღვიძებით სიამოვნების მიღება, ჩვენ კი, უბრალო ადამიანები, დილით დავიძინებთ ხოლმე. ნათქვამია, სწავლა თუ გინდა ყველგან ისწავლიო და იქნებ სწავლა თუ გინდა დღის ნებისმიერ მონაკვეთში ისწავლო.

ავტორი: ნანა ალავიძე

როცა ლექცია დილის ცხრა საათზე მაქვს

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები