7 ოქტომბერს, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა გაეროში, მარიამ სიხარულიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე საკომიტეტო მოსმენაზე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა.
ახალგაზრდა ელჩმა გაეროს ტრიბუნიდან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც ქართველი ახალგაზრდების განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი და საერთაშორისო საზოგადოებას ქართველი ახალგაზრდების უფრო მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მან ყურადღება ეროვნული უსაფრთხოებისა და იძულებით გადაადგილებული პირების უფლებების შესახებ გაამახვილა. აგრეთვე ისაუბრა შშმ პირების ინტეგრაციასა და მათი სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობაზე და სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის აუცილებლობაზე.
[textmarker color=A9F5F2]✔ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
ვიზიტის ფარგლებში, სხვა ქვეყნების ახალგაზრდობის დელეგატებთან ერთად, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროს გენერალურ მდივანს პან გი მუნს შეხვდა. აგრეთვე იგეგმება შეხვედრა ახალგაზრდობის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის ემისართან, აჰმად ალჰენდავისთან.
“მე შევეცადე გამეხმოვანებინა ის ძირითადი პრობლემები და გამოწვევები, რომლის წინაშეც ქართველი ახალგაზრდები დგანან, და სამწუხაროდ ასეთი პრობლემა არაერთია. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველო სერიოზულ ნაბიჯებს დგამს და მუშაობს მათ აღმოსაფხვრელად, მაგალითად ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებითა და განხორციელებით. ვიზიტის ფარგლებში ვგეგმავ პარალელური ღონისძიების ორგანიზებას, გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მხარდაჭერით, რომლის მთავარი თემა იქნება ახალგაზრდების მნიშვნელობა მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ღონისძიების ორგანიზებაში აგრეთვე იღებს მონაწილეობას ახალგაზრდა ელჩი ამერიკაში, იოსებ ჟორჟოლიანი, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კიდევ ერთი ახალგაზრდული პროგრამის “ახალგაზრდა ელჩების” ერთ-ერთი გამარჯვებულია. ასე, რომ მიხარია, რომ ერთობლივი ძალებით გაეროს უკეთ დავამახსოვრებთ ქართულ დელეგაციას.”
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდობის წარმომადგენლების პროგრამა, გაეროს ერთ-ერთ წარმატებულ ინიციატივად მიიჩნევა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, პირველად 1981 წელს მოუწოდა წევრ ქვეყნებს, რომ ახალგაზრდა დელეგატები ქვეყნის ოფიციალურ დელეგაციებში შეეყვანათ. აღნიშნული მოწოდება დაფიქსირებულია გაეროს რამდენიმე რეზოლუციაში.
2013 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს ჰყავს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში. საქართველოში პროგრამას საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა და სრულად ფინანსდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით.