15 ივლისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავდა ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის სამინისტროს მიერ შემუშავებული „ახალგაზრდობის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ” კანონის პროექტის გაცნობას.
ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა აღნიშნული კანონპროექტის შესახებ ძირითად ინფორმაციას და მთავარ სამუშაო მიმართულებებს.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა „ახალგაზრდობის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ” კანონის პროექტი.
კანონპროექტის შემუშავებაში ჩართულნი იყვნენ შესაბამისი ცოდნის და კვალიფიკაციის ექსპერტები, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რეგიონული ადგილობრივი თვითმმართველობების ახალგაზრდული სამსახურების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები.
კანონის პროექტი განსაზღვრავს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის და ახალგაზრდობის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ძირითად მიმართულებებს, მისი განხორციელების ზოგად პრინციპებსა და მართვის ფორმებს, იგი ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო და ევროპულ სამართალს და ემსახურება ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურ ჩართვას.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, დაიგეგმა დამატებითი საინფორმაციო შეხვედრები და ორგანიზაციებს მიეცათ ერთკვირიანი ვადა სამინისტროში წერილობითი სახით შენიშვნებისა და რეკომენდაციების წარსადგენად.
სამინისტროს ინიციატივით, აღნიშნული დოკუმენტი საბოლოო სახეს მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, რაც ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ყველა ორგანიზაცია თავის შენიშვნებს და რეკომენდაციებს წარმოადგენს აღნიშნული დოკუმენტის შესახებ.
შესაბამისი განხილვებისა და კანონის პროექტის საბოლოო ვერსიის დამტკიცების შემდეგ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობას წარუდგენს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, საქართველოს პარლამენტში შემდგომი განხილვისა და დამტკიცებისთვის.