გსურთ Google-ში მუშაობა? უპასუხეთ 5 შეკითხვას!

საინტერესო ფაქტები

ზოგჯერ, ჩნდება წარმოდგენა, რომ გუგლის მთავარი მისია არა ინფორმაციის ძიებაში დახმარება, არამედ, მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნაა. ალბათ, ყველასათვის ცნობილია გუგლპლექსში არსებული სამუშაო პირობები: უფასო კვება, ველოსიპედები, მანქანები, მრავალი სახის მომსახურება; პარასკევ საღამოს უფასო ლუდი და ღვინოც კი შეგიძლიათ მიირთვათ. თუმცა, აქ მოხვედრა ადვილი ნამდვილად არ არის. გუგლის გასაუბრებების სიმკაცრეც, აქ არსებული პირობების მსგავსად, ლეგენდარულია.

საბედნიეროდ, ამ ლეგენდარული კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის უფროსმა – ლასლო ბოკმა New York Times-ს გაუმჟღავნა, თუ რა არის საჭირო გუგლთან თანამშრომლობისათვის. გაინტერესებთ, გაქვთ თუ არა შესაბამისი თვისებები? უპასუხეთ მოცემულ 5 შეკითხვას:

არის თუ არა თქვენი IQ 130-ზე მაღალი?

ყველაზე ცუდი პასუხი ამ კითხვაზე იქნებოდა „დიახ“. ბოკი ეძებს „ინტელექტუალურ თავმდაბლობას“, რომლის გარეშეც, მისი აზრით, ადამიანები ვერაფერს შეისწავლიან. ბოკი ამბობს: „ყველაზე ჭკვიანი ადამიანები ხშირად უშვებენ უმთავრეს შეცდომას, როცა ფიქრობენ: თუ რაიმე კარგი ხდება, ეს ჩემი გენიოსობის დამსახურებაა, ხოლო თუ ცუდი რამ ხდება – ეს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვები არიან იდიოტები.“ IQ-ს ტესტის გავლა და მისი შედეგის დამახსოვრება სწორედ თვითგანდიდებისა და თავდაცვის მეთოდის არასწორი კომბინაციაა.

რა მივირთვათ სადილად?

არ უპასუხოთ: „ჩემთვის სულ ერთია,“ „უპრეტენზიო ვარ,“ „რაც თქვენ გსურთ“, ან სხვა მსგავსი სისულელე. თუ სადილის პრობლემის გადაჭრა გვსურს, თქვენი აზრი მნიშვნელოვანია. ასე რომ, ადექით და შემოგვთავაზეთ! გუგლს ესაჭიროება „ლიდერი საგანგებო სიტუაციებში“, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ინიციატივას გამოიჩენს.

როგორ აირჩიეთ ბოლო 5 სტატია, რომელიც წაიკითხეთ?

რას ნიშნავს, არ იცით?! ბოკის პირველი კრიტერიუმია ინტელექტის ტიპი, რომელსაც იგი „სწავლის უნარს“ უწოდებს. იგი მას ასე აღწერს: „უნარი, კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი და სინქრონული რეაგირებისა და ინფორმაციის განსხვავებული ნაწილაკების გაერთიანებისა“. თუ ასეთ მარტივ კითხვაზე დაიბნევით, ეს კარგს არაფერს გიქადით გუგლის ინტერვიუს დროს.

ხართ არაკომპეტენტური და ზარმაცი?

ხართ? შესანიშნავია! ბოკს სურს ისეთი ადამიანების დაქირავება, რომლებიც კომპანიის პროექტების „საკუთრებას“ გრძნობს, მაგრამ, ამასთანავე, გრძნობს საკმარის „თავმდაბლობას“, რათა მხოლოდ ის საქმე აკეთოს, რაც მას ნამდვილად პროდუქტიულად შეუძლია. თუ კონკრეტულ საკითხში არაკომპეტენტური ხართ, თქვენ მხოლოდ ხელს შეუშლით მის შესრულებას, ასე რომ, მოხალისეობა არც თუ ისე სწორი გზაა. კომპეტენტური და აქტიური კიდევ ერთი წარმატებული კომბინაციაა.

გაქვთ თუ არა რაიმე სერიოზული მიღწევა?

თუ კი, ეს ნამდვილად არ გაძლევთ დიდ უპირატესობას. ბოკი გვიხსნის, რომ პრობლემის წინაშე მდგომი „ექსპერტი იტყვის: „მსგავსი სიტუაცია 100-ჯერ მინახავს და აი, რა უნდა ვქნათ.““ ჭკვიანი ახალბედაც, როგორც წესი, მოაგვარებს პრობლემას და მიუხედავად იმისა, რომ, ზოგჯერ ის მარცხს განიცდის, ამას ანაზღაურებს მის მიერ შემოთავაზებული პრობლემის გადაჭრის ახალი გზები და მიდგომები. ბოკის აზრით, ადამიანი უკეთ ასრულებს საქმეს, თუ იგი მისთვის ახალია.

თარგმნა თათია ჟორჟოლიანმა 

www.theguardian.com

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები