მაია ბუწაშვილი: ჩვენი მიზანი C ჰეპატიტის აღმოფხვრაა! (წერილი მეორე)

საინტერესო ფაქტები

მიმდინარე წლის 9–13 აპრილს ლონდონში ჩატარდა ღვიძლის სართაშორისო კონგრესი, ერთ–ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი შეხვედრა დაავადებათა პრობლემატიკაზე.  C ჰეპატიტის გავრცელების სტატისტიკით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ამიტომ ჩვენი ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე   ცალკე სექცია ჩატარდა. სატელიტური შეხვედრა მიეძღვნა აგრეთვე ეგვიპტეს, რომელიც იმავე მაჩვენებლით პირველ ადგილზეა. შექმნილი სიტუაცია მსოფლიოს ძალიან აღელვებს.   ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის აზრით, საქართველოში შესაძლებელია ე.წ. „ელიმინაციის“ პროგრამის განხორციელება, რომელიც ამ სენის აღმოფხვრას, ან მინიმუმამდე დაყვანას ითვალისწინებს. წარსულში ზოგიერთი დაავადების  შემთხვევაში მსგავსი რამ უკვე უკვე გაკეთებულა.

 

       „ელიმინაცია“„თავიდან მოცილებას“ ნიშნავს

მაია ბუწაშვილი (ექიმი–ინფექციონისტი; მეცნიერებათა დოქტორი):

–  ელიმინაცია პირველ რიგში უნივერსალურ მკურნალობას და ინფექციური კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებს. ანუ ეს უნდა იყოს არა დაქსაქსული ცალკეული ქმედებები, არამედ პროგრამული სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებათა კომპლექსი, რომელთა მიზანია ქვეყანაში ეს დაავადება აღმოიფხვრას. ცხადია, ილუზიაა იმის დაჯერება, რომ C ჰეპატიტი აბსოლუტურად აღმოიფხვრება. ელიმინაციის პროგრამის მიზანია ინფიცირება–ავადობის სტატისტიკის მაქსიმალურად შემცირება, რაც ძალიან რთული, მაგრამ სავსებით მიღწევადია. იყო მსჯელობა იმაზე, თუ რომელი ქვეყანა შეერჩიათ. ერთი ვარიანტია საქართველო, ხოლო მეორე – ეგვიპტე. საქართველოს ამ მხრივ ის უპირატესობა აქვს, რომ უფრო პატარაა, შესაბამისად, პაციენტებიც ნაკლებია ვიდრე ეგვიპტეში..

– ანუ პროგრამის „მოსათელად“ საქართველო უფრო მოსახერხებელი „ლაბორატორიაა“ვიდრე ეგვიპტე?

– შეიძლება ასეც ითქვას. გარდა ამისა გვაქვს განვითარებული დიაგნოსტიკის ინფრასტრუქტურა და ექიმებიც  კარგად არიან მომზადებულნი. ამდენად სამოდელო ქვეყნის ყველა პარამეტრს ვაკმაყოფილებთ. სწორედ ამაზე გავამახვილეთ ყურადღება, როდესაც  იმის დასაბუთებას ვცდილობდით რომ საქართველოში პროგრამის ჩატარებისათვის შესაფერისი სიტუაციაა. მაგრამ აუცილებელია ქვეყნების მთელი ჯგუფის თანხმობა. როგორც უკვე ვთქვით, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი თანახმაა.

                ბარიერები და პერსპექტივები

მაია ბუწაშვილი:

– არის კიდევ ერთი პრობლემა: ელიმინაციის პროგრამა რომ შედგეს, აუცილებელია ახალი თაობის სამედიცინო პრეპარატების მწარმოებელმა კომპანიამ გამოყოს მედიკამენტების გარკვეული რაოდენობა. ცხადია, ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, რამეთუ ჯერ ისიც კი არ არის გადაწყვეტილი ორიდან რომელ ქვეყანაში განხორციელდება ელიმინაციის პროგრამა და განხორციელდება თუ არა საერთოდ. არ მინდა მკითხველს ილუზიები შეექმნეს, თითქის ყველაფერი გადაწყვეტილია; ჯერ მხოლოდ მსჯელობა მიდის. თუმცა თავად გეგმა ნამდვილად ძალიან კარგი და მიმზიდველია.

– რა არის საჭირო, რომ გადაწყვეტილება მიიღონ ელიმინაციის გეგმა განხორციელდეს?

– საქართველოს მხრიდანაც გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მედიკამენტების გარკვეული რაოდენობა შეიძლება გადმოგვცენ, მაგრამ ზოგადად ქვეყანის მთავრობამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს ის ტვირთი, რომელიც თან ახლავს ელიმინაციის გეგმის განხორციელებას. პრობლემის გადაწყვეტა მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას  და უწყებათა შორის თანამშრომლობას. ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენცია ნამდვილად არ არის საკმარისი. ეს კომპლექსური სტრატეგიაა და  მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელებას გულისხმობს, ამიტომ   აუცილებელია ნება სწორედ სახელისუფლებო, კერძოდ, პრემიერ–მინისტრის აპარატის დონეზე. პროგრამა მრავალპლანიანია; იგულისხმება არა მარტო სამედიცინო, არამედ იურიდიული ასპექტებიც; ანუ გარკვეული საკანონმდებლო ბაზა. რომ აღარაფერი ვთქვათ, საბიუჯეტო საკითხებზე.

– უკვე მიიტანა თუ არა კონგრესიდან დაბრუნებულმა სამუშაო ჯგუფმა ეს საკითხი სამთავრობო სტრუქტურებამდე?

–  ცხადია, ჯანდაცვის სამინისტრო  ინფორმირებულია. დაავადებათა კონტროლის ცენტრს უკვე დაევალა ამ საკითხზე მუშაობაში მონაწილეობის მიღება. ანუ მთავრობისგან მზადყოფნა ჩანს და პროცესი მიდის. ჯერ ლაპარაკი მხოლოდ იმაზეა რომ აუცილებელია ამ კუთხით მცდელობა..

საბედნიეროდ,  C ჰეპატიტი „რაჭველივით ნელია“ და გვაცდის..

–  სამწუხაროდ, პაციენტთა ერთი ნაწილი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. ამდენად, უკეთესი იქნება თუკი არ დაელოდებიან ელიმინაციის პროგრამის განხორციელებას (მით უმეტეს, ჯერ არაფერია დანამდვილებით ცნობილი) და  სახელმწიფო ფასდაკლების პროგრამაში ჩაერთვებიან.  60%–იანი ფასდაკლება არც თუ ურიგო შანსია და მისი გამოყენება ნამდვილად ღირს. ხოლო თუ ახალი პროგრამაც ამუშავდა, ამით კიდევ ერთი პერსპექტივა გამოიკვეთება. ნებიმიერ შემთხვევაში, მკურნალობის პერსპექტივებისა და ხელმისაწვდომობის კუთხით წელს შეუდარებლად უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე შარშან ამ დროს.

ცნობისთვის: სახელმწიფო პროგრამების ამოქმედება როგორც სამოქალაქო სექტორში, ისე პენიტენციალურ სისტემაში ძალზე საფუძვლიანი არგუმენტია ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ.  საფრანგეთის საერთაშორისო ორგანიზაცია „მსოფლიოს ექიმებმა“ ოფიციალურ დოკუმენტში საქართველო მოიხსენია როგორც ქვეყანა, რომელმაც ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფოს ჩართვის პოლიტიკური ნება გამოავლინა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. იმედია,  ელიმინაციის პროგრამის ამოქმედებაზე დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და საქართველოს ეპიდემიის დაძლევის დამატებითი რესურსი გაუჩნდება.

მედეა გოგსაძე

უბლიკაცია მომზადებულია პროექტის „პაციენტების მობილიზაცია და მკურნალობის მოთხოვნა“ ფარგლებში. შემსრულებლები: არასამთავრობო ორგანიზაციები „ჰეპა +“ და „ახალი ვექტორი“. დამფინანსებელი: ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები