ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლა ჯანდაცვის პოლიტიკის ერთ–ერთ პრიორიტეტად იქცა. პენიტენციალურ სისტემაში პატიმრების დიაგნოსტიკა–მკურნალობას უკვე მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს. ხოლო ინტერფერონის 60%–ით გაიაფების შემდეგ სამოქალაქო სექტორში ორწლიანი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. მის ფარგლებში აუცილებელ სამედიცინო დახმარებას ათი ათასი მოქალაქე მიიღებს. პირველი თებერვლიდან – ოცდაოთხ მარტამდე მკურნალობის სამოქალაქო პროგრამაში ჩართვაზე განაცხადი 907–მა ადამიანმა შემოიტანა. სავარაუდოდ, პირველ ივლისამდე ეს ციფრი გაორმაგდება. გაიაფებამდე წელიწადში მკურნალობის ფუფუნება მხოლოდ 300–400 პაციენტს ჰქონდა.
გამარჯვების მთავარი პირობაა
მკურნალობის სრული ხელმისაწვდომობა
სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორის გაერთიანებული ძალისხმევით C ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობა საგრძნობლად გაიზარდა. მაგრამ სოციალური სიდუხჭირის პირობებში პოტენციური პაციენტების უდიდეს ნაწილს ინტერფერონის შეძენა მაინც გაუჭირდება. C ჰეპატიტის მკურნალობის რეალურ ხელმისაწვდომობამდე ჯერ კიდევ დიდი მანძილია გასავლელი. საინტერესოა კიდევ რა იგეგმება ამ მიმართულებით. ამ საკითხზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ქალბატონი მარიამ ჯაში გვესაუბრება:
– ინტერფერონი ძვირადღირებული პრეპარატია. ამდენად, სამოცპროცენტიანი ფასდაკლება ნამდვილად დიდი მიღწევაა. ამჟამად აღნიშნული მედიკამენტის სიიაფით მსოფლიოში მეორე ადგილი გვიჭირავს (ეგვიპტის შემდეგ). სამწუხაროდ, ამ ეტაპზე უკეთესი შედეგის მიღწევა ნაკლებად რეალურია. თუმცა მიღწეულით დაკმაყოფილებას, ცხადია, არ ვაპირებთ და მკურნალობის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ძალისხმევას არ დავიშურებთ. 2015 წლიდან გლობალურ ბაზარზე ახალი, თან გაცილებით იაფი მედიკამენტები გამოჩნდება. აშშ–ში შესაბამისმა სტრუქტურებმა უკვე გასცეს მათი წარმოების ნებართვა.ამ პრეპარატის პირველმა მწარმოებელმა კომპანია «Gilead»–მა „პირველი ტალღის ქვეყნებისთვის“ უპრეცედენტოდ დაბალი ფასი დააწესა. ამ ფასად პრეპარატს სულ სამოცი ქვეყანა მიიღებს.
– ვინ და რატომ მოხვდა ამ ე.წ. „პირველ ტალღაში“?
– ახალ პრეპარატში ყველაზე დაბალ ფასს აფრიკის, აზიისა და ოკეანიის ყველაზე გაჭირვებული ქვეყნების მოქალაქენი გადაიხდიან. მსოფლიო ბანკის კატეგორიზაციით იქ ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დაბალი შემოსავალია. აშშ–ში ერთი თორმეტკვირიანი კურსი 85 ათასი დოლარი დაჯდება, საფრანგეთში – 75 ათასი, ხოლო „პირველი ტალღის ქვეყნებში“ – ათას დოლარამდე. საქართველო მისი სოციალ–ეკონომიკური მაჩვენებლების თანახმად საშუალო შეძლების ქვეყანად ითვლება. შესაბამისად, „პირველ ტალღაში“ ვერ მოვხვდით. მაგრამ მაქსიმალურად ხელსაყრელი წინადადებების მისაღებად ძალზე ინტენსიურად ვმუშაობთ. ლონდონში C ჰეპატიტის პრობლემებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე საქართველოს საკითხი ცალკე განიხილება. ჩვენ კი სამედიცინო პრეპარატების გაიაფებასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს წარმოვადგენთ. ამასთან, ახალი თაობის პრეპარატების მოლოდინში, ყველაფერს ვიღონებთ არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად. სენზე გამარჯვების მთავარი პირობა მკურნალობის სრული ხელმისაწვდომობაა.
– პენიტენციალურ სისტემაში С ჰეპატიტის მკურნალობას მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს. როდის იგეგმება, ან იგეგმება თუ არა იგივე სამოქალაქო სექტორში?
– სახელმწიფომ უკვე დააფიქსირა თავისი მზადყოფნა მკურნალობის ხელმისაწვდომობისთვის ბრძოლის კუთხით. ინტერფერონის ფასის სამოცპროცენტიანი ფასდაკლება მხოლოდ პირველი ნაბიჯია ამ მიმართულებით. რაც შეეხება სრულ სახელმწიფო დაფინანსებას, ჩვენი წინასწარი გათვლების თანახმად, საქართველოში ამჟამად C ჰეპატიტით 200 ათასამდე ინფიცირებული გვყავს. საორიენტაციოდ, გადაუდებელ მკურნალობას ასე 47 ათასი ადამიანი საჭიროებს. თუკი ჩვენ მათ მკურნალობას თუნდაც სამოცპროცენტიანი ფასდაკლების რეჟიმში დავაფინანსებთ (ოცდაოთხკვირიანი კურსი მაქვს მხედველობაში), სახელმწიფო დანახარჯები 105 მილიონ ლარს შეადგენს. ეს კი ჩვენი უწყების უკვე გაორმაგებული ბიუჯეტის ერთი მეექვსედია. სამიზნე პოპულაცია იმდენად დიდია, რომ რაც უკვე გაკეთდა იმაზე მეტის გაკეთება, ამ მომენტში უბრალოდ, შეუძლებელია. ნებისმიერი ჩვენი პროგრამა უნდა უზრუნველჰყოფდეს ყველა პოტენციური ბენეფიციარის უპრობლემო მომსახურებას. აქედან გამომდინარე, ჩვენი პრიორიტეტია იმ ნებისმიერი ინოვაციის ხელშეწყობა, რომელიც მედიკამენტის ფასების შემცირებისკენაა მიმართული. პარალელურ რეჟიმში სოციალურად შეჭირვებული პაციენტების დახმარებას შევეცდებით.
– შეიძლება უფრო დაგვიკონკრეტოთ რა მეთოდებით აპირებთ უფრო გააფართოვოთ C ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო დაფინანსება?
– მაგალითად, შესანიშნავი მეთოდია გაერთიანებული შესყიდვები. სწორედ ეს მეთოდი იქნა გამოყენებული პენიტენციალურ სისტემაში: ტენდერში გაიმარჯვა იმ ფარმაკომპანიამ, რომელმაც სახელმწიფოს ყველაზე საუკეთესო პირობები შესთავაზა. პერსპექტივაში ჩინებულად იმუშავებს გლობალურ თანამშრომლობაში ჩართვა. ამჟამად პაციენტისათვის აივ–ინფექციის მკურნალობა მთელს მსოფლიოში უფასოა და ეს სწორედ სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის შედეგია. მიდის ბრძოლა ანალოგიური შედეგის მისაღებად C ჰეპატიტის შემთხვევაში. ამ სენის სამკურნალო მედიკამენტები მსოფლიოში დაახლოებით ოცჯერ გაიაფდა და ეს სწორედ გლობალური თანამშრომლობის შედეგია. ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით ამ ბრძოლაში და ვიმედოვნებთ, რომ 2016 წლისთვის მედიკამენტები კიდევ უფრო გაიაფდება.
– მართალია, რომ ორიოდე წლის შემდეგ იგეგმება მოქალაქეთა დიაგნოსტიკის სახელმწიფო დაფინანსება?
– არ მინდა რაიმეს დაკონკრეტება, სანამ ჩვენი გეგმები დოკუმენტირებულ ფინანსურ საფუძველს არ დაეყრდნობა. პრობლემა მარტო ფინანსებში როდია. ამჟამად დიაგნოსტიკურ პროგრამებში ჩართვის კრიტერიუმებზეც ვმუშაობთ. ყველაფერი მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მკურნალობის ხელმისაწვდომობა გაიზარდოს და ადამიანებმა აუცილებელი სამედიცინო დახმარება მიიღონ. მეტსაც გეტყვით: ჩვენი მიზანი საქართველოში C ჰეპატიტის აღმოფხვრაა!
მედეა გოგსაძე
პუბლიკაცია მომზადებულია პროექტის „პაციენტების მობილიზაცია და მკურნალობის მოთხოვნა“ ფარგლებში. შემსრულებლები: არასამთავრობო ორგანიზაციები „ჰეპა +“ და „ახალი ვექტორი“. დამფინანსებელი: ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“