არასამთავრობო ორგანიზაცია ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ “დენდრონის” ორგანიზებით 5 აპრილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა წამალდამოკიდებულთა სტიგმატიზაციის საკითხებზე. შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ დარგის სპეციალისტები, ჯანდაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები. ღონისძიება წარიმართა დისკუსიის ფორმატში. გამოიკვეთა ამ საკითხთან დაკავშირებით დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში არსებული პრობლემები. დაისახა მათი გადაჭრის გზები.
დამოკიდებულებათა სინდრომის პრობლემატიკა ისევე როგორც სტიგმატიზაცასთან ბრძოლა წარმოადგენს „დენდრონის“ ერთ-ერთ ძირითად მიზანს. ამ მიმართულებით უკვე მრავალი პროექტი განხორციელდა და უახლოეს მომავალშიც იგეგმება. აღსანიშნავია „დენდრონის“ საავტორო პროექტი „ჩვენ ერთ სამყაროში ვცხოვრობთ“ რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში იმართება კინოსაღამოები სტიგმატიზციის თემაზე.
5 აპრილს გამართული ღონისძიება მიზნად ისახავდა დარგში არსებული პრობლემების გამოკვეთას, რომელიც აისახება ორგანიზაციის მიერ მომზადებულ რეკომენდაციაში. დენდრონის სპეციალისტები მიუთითებენ, რომ დაავადებასთან ბრძოლა არასწორ მიმართულებას იძენს მაშინ როდესაც ის დაავადებულებთან ბრძოლაში გადაიზრდება. ასეთ მიდგომას არათუ ვერ მოაქვს დადებითი შედეგი, არამედ პირიქით, სავალალო შედეგებამდე მივყავართ. სწორედ ამ იდეას ატარებდა პროექტის ლოზუნგები „ნარკომანია იკურნება“ და „იბრძოლე სიცოცხლისთვის ეს შენი ომია“.
დისკუსიის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი პრობლემური ასპექტები
1. პრევენციული ღონისძიებების არარსებობა.
ხშირ შემთხვევაში საკუთარი თავის ძიების პროცესში, რომელიც დამახასიათებელია მოზარდობის პერიოდისათვის, ახალგაზრდები იწყებენ ამა თუ იმ მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებას (მაგ. მარიხუანა), რაც შემდგომში ხდება ტრამპლინი წამალდამოკიდებულების განითარებისთვის. სხვა შემთხვევებში კი ეს ამა თუ იმ მიკროსოციუმში თავის დამკვიდრების საშუალებად გვევლინება. ამის მიზეზია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების რისკების შესახებ რეალური ინფორმაციის არქონა, ანდაც ამ ინფორმაციის დამახინჯებული სახით მიწოდება. ამ უკანასკნელს სამწუხაროდ ხშირად ვაწყდებით სხვადასხვა მედიასაშუალებებში გასულ სიუჟეტებში რომლებიც შექმნილია სპეციალისტთა ჩართულობის გარეშე და სამოყვარულო დონეზე „მოგვითხრობს“ ამა თუ იმ ნარკოტიკული საშუალების მავნებლობის შესახებ, ან პირიქით, ეწევა მის რეკლამირებას. ამის ნათელი მაგალითია ბოლო პერიოდში ყბადაღებულ თემად ქცეული მარიხუანას მოხმარების ლეგალიზების საკითხი.
დენდრონის რეკომენდაცია: საჭიროა მიზანმიმართული მუშაობა ახალგაზრდებთან, მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება დაავადებასა და მის რისკებთან დაკავშირებით.
2. წამალდამოკიდებულთა რეაბილიტაციის ამ ეტაპზე არსებული პროგრამა არასრულფასოვანია და საჭიროებს რეორგანიზებას.
აუცილებელია დარგში მომუშავე სპეციალისტების კვალიფიციურობის საკითხის შესწავლა და რეაბილიტირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი, რომელიც ამ ეტაპზე არ წარმოებს. ამ მიმართულებით დენდრონმა უკვე აწარმოა პირველადი მოკვლევა, რომელსაც უახლოეს მომავალში გამოაქვენებს.
3. რეაბილიტაციის პროცესში ფსქოთერაპიული კომპონენტის გააქტიურების აუცილებლობა.
როგორც გამოიკვეთა, დარგში სახელმწიფო სერთიფიკატის მქონე არცერთი ფსიქოთერაპევტი არ არის დასაქმებული. საჭიროა ამ მხრივ კვალიფიციური კადრების მომზადება, მხოლოდ მათი ჩართულობით იქნება შესაძლებელი წამალდამოკიდებულთა სრული ფსიქო-რეაბილიტაცია.
- 4. რეაბილიტირებული პაციენტების სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობის აუცილებლობა.
წამალდამოკიდებულთა ფსქორეაბილიტაციის შემდგომ მათი სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობა ამ ეტაპზე სრულიად იგნორირებულია.
- 5. სტიგმა, როგორც დაავადებასთან ბრძოლის შემაფერხებელი ფაქტორი.
ამ მხრივ ქართულ რეალობაში ვაწყდებით როგორც დადებით, ასევე უარყოფით სტიგმას. როგორც ერთი, ასევე მეორე ხელს უწყობს დაავადების გავრცელებას და შემაფერხებელ ფაქტორად გვევლინება რეაბილიტაციის შემდგომ პერიოდში. საზოგადოების ამგვარი მიდგომა უბიძგებს იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ ახერხებენ „ნარკომანის იარლიყის“ მოშორებას კვლავაც და კვლავაც დაუბრუნდნენ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებას.
დენდრონის რეკომენდაცია: აუცილებელია მოსახლეობისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება დაავადებისა და დაავადებულთა შესახებ. განსაკუთრებით კი წამალდამოკიდებულთა ახლო წრისა და მიკროსოციუმის ინფორმირება.