საინტერესოა, რატომ ავირჩიე სუმელას მონასტერი? რით მოხიბლავს იგი ტურისტს? ან საერთოდ რა ისტორიის მატარებელია? ტრაპზონში ჩასულმა შევიტყვე, რომ ხორციელდებოდა ტური ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში. ძალიან გამიხარდა და არც კი დავფიქრებივარ, ისე დავთანხმდი. 13 ქართველი ტურისტისგან შემდგარი ჯგუფი გავემგზავრეთ სუმელას მონასტრისკენ. ყველამ ერთად ძალიან ვისიამოვნეთ და მინდა, რომ თქვენც გაგიზიაროთ ეს ბედნიერი დღე. გზად უამრავი დასახლებული პუნქტი გავიარეთ. სიმაღლის მატებასთან ერთად უკან ვიტოვებდით სოფლებს. გზაში უამრავი რესტორანი შეგვხვდა, სადაც უამრავ ტურისტს მოეყარა თავი. რამდენიმე-საათიანი მგზავრობის შემდეგ, ადგილზე მისულს, საოცარი სანახაობა გადაგვეშალა თვალწინ, უამრავი ტურისტი ყველა კუთხიდან. დავადექით გზას, რომელიც ფეხით უნდა გაგვევლო, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ საცალფეხო გზას. ვიწრო და საცლფეხო გზა დიდ და განიერ კიბეებთან დასრულდა. დიდ შესასვლელთან, სადაც უამრავ ადამიანს მოეყარა თავი იყო მოკლე აღწერა სუმელას მონასტრის დაარსების შესახებ, როგორც თურქულად ასევე ინგლისურად. მონასტერში შესასვლელად საჭირო იყო ბილეთის აღება. ამის შემდეგ, გავაგრძელეთ გზა მონასტრის მთავარ ადგილამდე რომ მიგვეღწია. ჯერ ავიარეთ გრძელი და ვიწრო კიბეები, შემდეგ კიბეებს დაბლა დავუყევით. კედლები მოხატული იყო ხატებით, რომლებიც დროთა განმავლობაში გაცრეცილა და კარგად აღარ ჩანს.
სუმელად მონასტერი მდებარეობს ანატოლიის ჩრდილო–აღმოსავლეთით ქ. ტრაპზონიდან 43 კმ. დაშორებით–აბრეშუმის გზაზე მდებარე მაჩკას რაიონის სამხრეთით, ალთინ დერეს ხეობის ეროვნულ პარკში. ციცაბო კლდის კალთაზეა აშენებული ღვთისმშობელი მარიამის სახელობის ტაძარი. სუმელას მონასტერი შუა საუკუნეების მონასტრების ყველა თვისებას ატარებს. მასში შესვლა მთავარი კარის გარდა არცერთი მხრიდან შეიძლება, როგორ შუა საუკუნეების ძეგლი და ფეოდალური სასახლე. მოსახლეობიდან შორს არის აგებული. ოთხივე სეზონს გარს მწვანე ნაძვნარი აკრავს. მისტიური, დიდებული სანახაობის ტაძარია. 1000 მ–ზე მაღალი მთის ფერდობზე მდებრეობს, სისტემური წვიმების გამო ეძახიან სუმელას. აღსანიშნავია, რომ სიტყვა „სუმელა“ მონასტრის აშენების დღიდან ჩნდება „მელა“ შავს, ბნელს ნიშნავს. შავია თვით ღვთისმშობლის ხატიც– ჩრდილის სახით არის წარმოდგენილი. შავია მთებიც, რომელზედაც დაშენებულია ეს კომპლექსი. მონასტრის ასაშენებლად საჭირო ქვები 17 კმ–ს დაშორებით სანტას პლატოებიდან ჩამომსხვრეული ლოდებია.
მონასტერი რთულ პირობებში განაგრძობდა არსებობას. 1923 წელს სუმელას ბერძნულმა ტაძარმა არსებობა შეწყვიტა. 1923–1970 წლებში მონასტერი უპატრონოდ იყო დარჩენილი და მწყემსების თავშესაფრად იქცა. 1930 წელს ეზოში ანთებული ცეცხლის ხეებს წაეკიდა, იქიდან ეკლესიის ჭერზე გადავიდა და მთლიანად დაიწვა. მხოლოდ ქვები გადარჩა, მონასტერი ნანგრევებად იქცა. 1980 წლიდან კი დაიწყეს ეკლესიის აღდგენა და დასუფთავება. აღდგენის შემდეგ კომპლექსის ორიგინალურობა შეიცვალა, მაგრამ ჩრდილო ნაწილი მაინც შენარჩუნებულია. მონასტრის სამხრეთით მდებარეობს ნაციონალური პარკი, რომელიც მდიდარია ფლორით და ფაუნით. სამონასტრო კომპლექსი ზღვის დონიდან 1270 მეტრზეა. მონასტრიდან 300 მეტრ სიმაღლიდან მდებარე ჩანჩქერის ხმა ისმის.
იმედი მაქვს, რომ შევძელი მკითხველის დაინტერესება. მინდოდა მოკლედ გადმომეცა ჩემი სათქმელი და გირჩევთ, ვინც ჯერ კიდევ არ ყოფილა ამ ჯადოსნურ ადგილას აუცილებლად ესტუმროს. აღფრთოვანებას უამრავი რამ იწვევს. ულამაზესი ხედები, საიდანაც მთელი ხეობა ხელის გულივით მოჩანს. თავს მშვიდად და ბედნიერად იგრძნობთ, სადაც არანაირი ხმაური შეგაწუხებთ, მხოლოდ ხეობიდა მომდინარე ხმებს თუ გაიგონებთ და ჩანჩქერის ხმას. ეს ყველაფერი კი ჯადოსნურ გარემოს ქმნის.
ავტორი : გვანცა არუნაშვილი