ჰომოსექსუალობის სტიგმა და დისკრიმინაცია

საინტერესო ფაქტები

სტიგმა, რომელსაც შევეხები, საკმაოდ აქტუალური თემაა, როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში. თანამედროვე სამყაროში, ჰომოსექსუალ ადამიანებს, სხვადასხვა სფეროში ძლიერი წინააღმდეგობები ექმნებათ. არატრადიციული ორიენტაცია ხშირად ადამიანის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზი ხდება. თუ პიროვნება წარმატებულია თავის სფეროში და მასზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის არატრადიციული ორიენტაციისაა, ხშირად, ყველასთვის საყვარელი და მისაბაძი ადამიანი სტიგმის, ანუ პიროვნული გაუფასურების მსხვერპლი ხდება. ასეთი ადამიანები კარგავენ ნდობას, გრძნობენ  ნეგატიურ დამოკიდებულებას ერთ დროს საყვარელი ადამიანების მხრიდან, მათი ავტორიტეტი შელახულია. მინდა, მსგავსი შემთხვევის მაგალითი განვიხილო – ტომ დალი (Tom Daley), 19 წლის ბრიტანელი ოლიმპიური ჩემპიონი ძალიან ცნობილი და პოპულარული ადამიანია. ცოტა ხნის წინ მან გადაიღო ვიდეო, რომელიც Youtube-ზე ატვირთვის შემდეგ მალევე ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი ვიდეო გახდა (http://youtu.be/OJwJnoB9EKw).

[jwplayer mediaid=”10322″]

მცირე დროში, ის 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. ტომი აცხადებს, რომ ის ყველაფერზე საუბრობდა მისი პირადი ცხოვრების გარდა – „არასდროს მისაუბრია ისეთ თემებზე, რომელზე საუბრის დროსაც თავს კომფორტულად არ ვგრძნობდი. სიყმაწვილის პერიოდში მძულდა ამ თემის განხილვა. სკოლაში უხერხული სიტუაციები მექმნებოდა და არც მამასთან საუბარი მსიამოვნებდა.“  ტომი, ასევე აღნიშნავს, რომ უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა კითხვები: არის თუ არა თავისუფალი, ყავს თუ არა მეგობარი გოგო.

tom_daley_16_wenn4034985

ვიდეოს გადაღება გადააწყვეტინა ერთმა სტატიამ, სადაც მასზე ჭორები დაწერეს. ტომმა გადაწყვიტა, რომ  თავის პირად ცხოვრებაზე საუბრისას ისეთივე გულწრფელობა გამოიჩინოს, როგორც სხვა ნებისმიერ საკითხზე საუბრისას. (ამ დროს უკვე ხმის ტონალობა ეცვლება და აშკარად ნერვიულობს). მისი თქმით, წინა გაზაფხულზე შეუყვარდა ერთი ადამიანი და ეს ადამიანი მამაკაცია. ტომს გაუმართლა და ამ ამბავს მისი ოჯახის წევრებში უკიდურესად უარყოფითი რეაქცია არ გამოუწვევია. „მაგრამ, გარდა ამისა, იყო განსხვავებული აზრებიც. როდესაც ზოგს ვუთხარი, არ დაიჯერა, ზოგს უნდოდა, გავჩუმებულიყავი და ამაზე საჯაროდ არ მესაუბრა, ზოგიც მაფრთხილებდა, რომ თუ ეს გამჟღავნდებოდა, მე ყველა ჟურნალის გარეკანზე ვიქნებოდი და ყველა გადაცემაში ჩემზე ისაუბრებდნენ. ძალიან არეული ვიყავი და მინდოდა, ჭორებისა და ცრუ ისტორიების გაბათილება, ამიტომაც ვყვები ჩემზე ასე საჯაროდ.“ ტომის ვიდეოს მოჰყვა უამრავი დამცინავი (ბევრი ცოლობას სთხოვს) და გამკიცხავი (ეს მენტალური დაავადებაა და უნდა იმკურნალო) კომენტარი, თუმცა არის ისეთი კომენტარები, სადაც მას მხარს უჭერენ (ამ განცხადებით უფრო მეტი პატივისცემა დაიმსახურე ჩემში). ტომი ვიდეოს ბოლოში ამბობს, რომ „ჩემი ოჯახი და მეგობრები ყოველთვის მხარს მიჭერდნენ, მე იმედი მაქვს, რომ თქვენც გამიგებთ. მე ისევ ტომი ვარ, მე ისევ ოლიმპიური ჩემპიონი ვარ, რომელმაც ბრიტანეთს ოქროს მედალი მოუტანა, მე ისევ ისეთი მოტივირებული და ძლიერი ვარ.“

tom-daley1_2308057b

ზოგადად, ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც  ადამიანის  ქცევას წარმართავს- აუდიტორიაა. ვინ გვიყურებს? ვინ გაიგებს? რა ურთიერთობა აქვს აქტორს მსმენელთან და მაყურებელთან?  აუდიტორია გავლენას ახდენს ქცევაზე იმიტომ, რომ ის ემსახურება კომუნიკაციის მიზანს, ეს  განსაზღვრავს თუ რა უნდა ვთქვათ ან გავაკეთოთ, რომ შესაბამისი იყოს ურთიერთობის მიზანთან. მაგრამ პიროვნებას მხოლოდ მაშინ შეუძლია განახორციელოს სწორი კომუნიკაცია და გავლენა მოახდინოს აუდიტორიაზე, როცა შეაფასებს, ვინ არის მსმენელი, რას ამბობს და როგორ ამბობს, რა კონტექსტში, რა წინასწარ განზრახული მიზნით და რატომ – ტომმა ნამდვილად იცოდა, რა უნდა ეთქვა, რატომ უნდა ეთქვა, რა შედეგს მოუტანდა აღიარება, ვინ იყო მსმენელი და როგორ მიაწოდებდა სათქმელს. მან ძალიან კარგად ააწყო ვიდეო – ის არის ძალიან ცნობილი და პოპულარული ბრიტანელი ბიჭი, რომელსაც აღიარება ოლიმპიადაში გამარჯვებამ მოუტანა, რის შემდეგაც წიგნიც დაწერა და სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად იღებს მონაწილეობას. ვიდეოს ფონზე ჩანს მხოლოდ ბრიტანეთის დროშის ფორმის ბალიშები და ტომმა საუბარი დაიწყო იმით, რომ ის არის ბრიტანელი ბიჭი, რომ მან მის  ხალხს ოქროს მედალი მოუტანა, შემდეგ ამბობს, რომ  რაღაც აქვს საათქმელი და არ იცის, სწორია თუ არა, რასაც აკეთებს, მაგრამ მხარდაჭერის იმედი აქვს და შემდეგ გადადის ძირითად სათქმელზე. ბოლოს დაასრულა იმით, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ის ისევ ბრიტანელი ბიჭია, რომელიც შემდეგი ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება და იმედოვნებს, რომ უგულშემატკივრებენ.

026586-tom-daley

თუმცა, ტომი ამბობს: „მე არ მსიამოვნებდა და არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, რადგან ვფიქრობდი, რომ ვერ გამიგებდნენ, არ მიმიღებდნენ და ვიქნებოდი იზოლირებული. დარწმუნებული ვარ, ხალხი ამაზე საუბარს დაიწყებს, ამაში დიდ პრობლემას დაინახავენ და მე მატყუარას დამიძახებენ“ – რა თქმა უნდა,  არჩევანის გაკეთების საშუალება რომ გვქონდეს, ალბათ, თითოეული ჩვენგანი ისურვებდა, ჩვენი სტიგმა დაფარული  ყოფილიყო. სოციალურ სტიგმას შეუძლია, გამოიწვიოს დისკრიმინაცია, ცუდი მოპყრობა და განდევნა, რომ აღარაფერი ვთქვათ სირცხვილის გრძნობაზე, რომელსაც სტიგმატიზირებული ადამიანი განიცდის. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ სტიგმის დაფარვის/დამალვის შესაძლებლობა სასურველი გამოსავალია თითოეული სტიგმატიზირეული ადამიანისთვის. მთავარია, მათ ამის შანსი მიეცეთ.

არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია ერთ-ერთი იმ სტიგმათაგანია, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებს დაფარვას. სტიგმის დაფარვით, სტიგმატიზირებული პიროვნებები შეძლებენ, თავიდან აირიდონ ისეთი დამანგრეველი შედეგები, როგორებიცაა, მაგალითად – სოციალური უარყოფა, სამსახურის დაკარგვა, სოციალური იზოლაცია.

თუმცა, როგორც გოფმანი აღნიშნავს, ფარული სტიგმაც კი შეიძლება, ძვირად დაუჯდეს ადამიანს. როდესაც სტიგმატიზირებული ადამიანი ცდილობს, დაფაროს სტიგმა, ეს ნიშნავს, რომ იგი მალავს საკუთარ იდენტობასაც, რაც ძლიერ ფსიქოლოგიურ სტრესს იწვევს. წარმოიდგინეთ, ეს იგივეა, რომ საკუთარ პიროვნებაზე თქვათ უარი!  – როგორც ტომი ამბობს „ჩემთვის პატიოსნება და სიმართლე არის რაღაც, რისიც მე ძალიან მჯერა. შეიძლება რაღაცას ვმალავდი და არ ვამხელდი, მაგრამ მე ყოველთვის პატიოსანი ვიყავი.“ მისი თქმით, ის ძალიან გახნილი და კომუნიკაბელური ადამიანია. აქცენტს ყოველთვის გულღიაობაზე, პატიოსნებასა და სიმართლის თქმაზე აკეთებდა, რაც მისი პიროვნების ნაწილია, თუმცა პირად ცხოვრებაზე საუბრისას ის იბოჭებოდა, ღიად ვეღარ საუბრობდა, უარის თქმა უწევდა საკუთარ პიროვნულ მახასიათებლებზე. თემის სპეციფიკიდან გამომდინარე კომუნიკაბელური და მხიარული ადამიანი უხერხული სიტუაციის გამო საუბარს წყვეტდა.

სტიგმატიზირებული ჯგუფების ვრცელი ვარიაციების გამო მკვლევრები ცდილობენ სტიგმის კლასიფიცირებას სხვადასხვა ტიპოლოგიაში. ყველაზე მეტად აღიარებულია გოფმანის სტიგმის სამფაქტორიანი კლასიფიკაცია, რომელთაგანაც მხოლოდ პირველს განვიხილავ, რადგან „ინდივიდუალური ნაკლოვანებები, ხარვეზები“ – ამ კლასიფიკაციის ქვეშ ერთიანდებიან ალკოჰოლიკები, უმუშევრები, რაიმეზე დამოკიდებულების მქონენი, ჭარბწონიანები და ჰომოსექსუალები.

კომენტარები, რომელიც მოჰყვა ტომის ვიდეო აღიარებას ძალიან ბევრის მთქმელია ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებულ სტიგმაზე: ზოგიერთმა მათგანმა თავი ვერ შეიკავა და ლეპტოპი დააზიანა  იმის გამო, რაც ვიდეოში ნახა, ზოგი განწირული ყვიროდა, „არ თქვა, რომ შენი შეყვარებული ბიჭია“, ზოგსაც უბრალოდ, იმედები გაუცრუვდა, რადგან მიიჩნევენ, რომ ტომს შეეძლო ბიჭთან ურთიერთობა არ ჰქონოდა.

Brit Awards 2013 - Arrivals - London

სტიგმები, რომლებიც  მათ მიეწერებათ, საზოგადოების მხრიდან აღიქმება, როგორც კონტროლირებადი. გოფმანის მიხედვით, ეს შეესაბამება ინდივიდუალურ ნაკლოვანებებს და არასტიგმატიზირებულ ინდივიდში  იწვევს არაკეთილგანწყობას, რადგან სტიგმატიზირებული ინდივიდი თავადაა პასუხისმგებელი საკუთარ მდგომარეობაზე. ადამიანებს სჯერათ, რომ მდგომარეობის შეცვლა ინდივიდის ძალისხმევის და შრომის შედეგად შესაძლებელია, თუმცა შედეგი არ ჩანს. ამიტომ ეს სტიგმატიზირებული ინდივიდები აღქმულნი არიან, როგორც არადისციპლინირებული და სუსტი ადამიანები, იმსახურებენ მტრობას და ნაკლებ სიმპათიას, ისინი „ნორმალური“ ადამიანობიდან დასნებოვნებულ, უარყოფილ ადამიანებად იქცევიან.

ჰომოსექსუალიზმის სტიგმატიზაციას ხელს უწყობს ჰომოფობია, რომელიც მეტ-ნაკლები სიმწვავით ყველა ქვეყანაშია გავრცელებული, საილუსტრაციოდ მოვიყვან ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითს, სადაც 2010 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის (Gallup pollExternal) მიხედვით, ამერიკელების 52 პროცენტს მისაღებად მიაჩნდა ერთსქესიანთა ურთიერთობები, ხოლო, 43 პროცენტის აზრით, მსგავსი ურთიერთობები მორალურად მიუღებელი იყო.  ასეთი დამოკიდებულება არ აძლევთ საშუალებას ჰომოსექსუალებს, რომ მათ ისაუბრონ თავიანთი სექსუალური ორიენტაციის შესახებ და დაუფარავად გამოავლინონ თავიანთი იდენტობა, რაც სტიგმასთან გამკლავების სპროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევა. რომ დავუბრუნდეთ ტომის მაგალითს, ის ამბობს:  „ვიცი, ხალხი ამას ცუდად შეხვდება, გამკიცხავენ, მაგრამ  მე მინდოდა თქმა.  მზად ვარ და ვგრძნობ, რომ მჭირდებოდა ამაზე საუბარი.“ ერთი მხრივ კონფიდენციალურობა და დაცულობის განცდა, ხოლო, მეორე მხრივ, გაზიარების მოთხოვნილება თავისივე მსგავს ადამიანებთან არის ის მთავარი ფაქტორები, რაც მნიშვნელოვანია, რომ ჰომოსექსუალებმა თავი იგრძნონ რეალიზებულად, განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები, და როგორც გოფმანი ამბობს, ის შფოთვის დონე და სოციალური სტრესი, რაც მათ აქვთ არ გადაიზარდოს რაიმე სახის შფოთვით ან პიროვნულ აშლილობად.

გაგა გვენეტაძე

თსუ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ფსიქოლოგიის მიმართულება, III კურსი 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები