სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, თანამედროვე რეალობაში არასასურველი ორსულობა საკმაოდ ხშირი მოვლენაა, რასაც შედეგად, უმეტეს შემთხვევაში, აბორტი მოსდევს. აბორტი – ეს არის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა, ანუ უკვე ჩასახული ნაყოფის მოცილება.
თანამედროვე მედიცინა ქალს აბორტის შემდეგ ტიპებს სთავაზობს: ქირურგიული, ვაკუუმური (მინი) და მედიკამენტური.
ქირურგიული აბორტი – ტარდება ორსულობის გვიან ვადებში(5-12 კვირამდე). ასეთი აბორტი კეთდება მხოლოდ და მხოლოდ სპეციალიზებულ დაწესებულებაში, გამოცდილი ქირურგის მიერ, ზოგადად ნარკოზით.
ვაკუუმური(მინი) აბორტი – ტარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ორსულობის ვადა 5 კვირას არ აღემატება. მინი აბორტი ტარდება ვაკუუმური ასპირაციით, ულტრაბგერითი გამოკვლევის კონტროლით. ხანგრძლივობა 5-7 წუთია.
მედიკამენტური აბორტი – ტარდება ორსულობის ადრეულ ვადებში (5 კვირამდე). მედიკამენტური აბორტი კეთდება სამედიცინო პრეპარატების მეშვეობით და არ წარმოადგენს ქირურგიულ ჩარევას.
საქართველოს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ კანონში ნათქვამია, რომ:
„ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ, თუ:
ა)ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას;
ბ)ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა წინასწარი გასაუბრება და გასაუბრებიდან ოპერაციამდე გასულია სამი დღის მოსაფიქრებელი ვადა.
თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო სოციალური ჩვენებების მიხედვით.“
რატომ იკეთებს ქალი აბორტს? ამის მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს, თუმცა მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:
• მატერიალური გაჭირვება;
• ძალადობის შედეგად დაორსულება;
• ქორწინებაში არყოფნისას დაორსულება;
• სელექციური აბორტები (სქესის მიხედვით);
• როცა მეტი შვილი უბრალოდ აღარ სურთ.
ი.ბ. 27 წლის: – „პირველი შვილის გაჩენის შემდეგ, აბორტი ორჯერ გავიკეთე. პირველის მიზეზი ის იყო, რომ მატერიალურად ძალიან მიჭირდა, ქირით ვცხოვრობდით, ჩემი ქმარი არ მუშაობდა. შემდეგ ფინანსურად ცოტა მოვძლიერდით, ფეხზე დავდექით, მაგრამ ბიჭზე დავრჩი ორსულად და მეორე ბიჭი აღარ მინდოდა.“
ლ.გ. 22 წლის: – „აბორტი ერთხელ გავიკეთე და ისიც პირველივე ორსულობისას. ჩემს შეყვარებულს ბავშვი არ უნდოდა, მარტო კი ამხელა პასუხისმგებლობას მხოლოდ საკუთარ თავზე ვერ ავიღებდი, შემეშინდა.“
ამ თემასთან დაკავშირებით გავესაუბრე დედათა დახმარების სამეანო გინეკოლოგიური კლინიკა „ნინოს“ მეან-გინეკოლოგს ანგელინა ნერსესოვას.
,,აბორტი ქალის ორგანიზმს ძალიან დიდ ზიანს აყენებს. არსებობს სამი ტიპის აბორტი: ვაკუუმური, მედიკამენტური და ქირურგიული(ტრადიციული). გართულებები სამივე მათგანს მოყვება და თანაც არაერთი: საშვილოსნოს პერპირაცია, პლანცეტარული ქსოვილის ნარჩენი, უშვილობა, დისმენორეა, სეპტიური მოვლენები, არასრული აბორტი, რომელიც საჭიროებს საშვილოსნოს ღრუს ინსტრუმენტულ რევიზიას. ასევე მკერდის კიბოს პირველი მიზეზია აბორტი. ამდენად, ყველა ქალი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას იღებს, საკუთარ თავს რისკის ქვეშ აყენებს. როცა ჩვენს კლინიკაში ქალი ნაყოფის მოსაცილებლად მოდის, ყველანაირად ვცდილობთ, გადავაფიქრებინოთ. თუ მაინც ვერ შევძელით გადარწმუნება, ამ შემთხვევაში ხელწერილს ვიღებთ მისგან, რომ ნამდვილად დარწმუნებულია, თავის გადაწყვეტილებაში.
გვქონია არაერთი შემთხვევა, როცა აბორტის გასაკეთებლად მოსულ ქალს აზრი შევაცვლევინეთ და ბავშვი შევუნარჩუნეთ. თუმცა მომხდარა ისეც, რომ, როცა ქალს შეუტყვია თავისი ორსულობა, იმ მომენტშივე გადაუწყვიტავს ნაყოფის მოცილება.
რაც შეეხება სტატისტიკას, ბოლო წლებში ისეთი ხშირი აღარ არის, თუმცა, სამწუხაროდ, იმ ქალთა ასაკი, რომლებიც აბორტს იკეთებენ, ძალიან გაახალგაზრდავდა. 17 – 20 წლის გოგონები, რომლებიც ჯერ დაქორწინებულები არ არიან, პირველ შვილს საკმაოდ ხშირად იშორებენ. ჩვენ, მართალია, ვაფრთხილებთ, რომ პირველი შვილის მოცილება შემდგომში უშვილობას იწვევს, მაგრამ ზოგიერთი ამას მაინც არ ითვალისწინებს.“-აღნიშნა მან.
გარდა ფიზიკური ზიანისა, აბორტმა, შესაძლოა, ქალის ფსიქიკასაც მიაყენოს ტრავმა. ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკური საკონსულტაციო ცენტრ „იდილია“-ს ფსიქოლოგი, ნინო ახალია, აღნიშნავს: „აბორტი – ეს არის ფიზიოლოგიურად მიმდინმარე ბუნებრივი პროცესის შეწყვეტა, რომელიც მნიშვნელოვან სომატურ და ფსიქიკურ ცვლილებებს იწვევს, რომელთანაც გამკლავება ხშირ შემთხვევაში ძალიან რთულია. ეს მოვლენა აღინიშნება, როგორც აბორტისშემდგომი სინდრომი, რომელიც ხასიათდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა: გაღიზიანებადობა, ხასიათობრივი ცვლილებები, კონფლიქტურობა, მოტივაციის დაქვეითება, დეპრესიულობა, აგრესიული რეაქციები, მარტოსულობის განცდა, მოუსვენრობა. ამასთან, ძლიერია დანაკარგის განცდა, სიცარიელის შეგრძნება, თვითდადანაშაულება, სინდისის ქენჯნა და ა.შ. რასაკვირველია, სიმპტომები უფრო მაღალი ხარისხით არის გამოხატული, როდესაც აბორტი სპონტანურია, ან ჯანმრთელობის თვალსაზრისით გარდაუვალი და არა დაგეგმილი. თუმცა დანაკარგის განცდა, ნებისმიერ შემთხვევაში, არის დამახასიათებელი.
აბორტი სერიოზული ოპერაციაა და ნაჩქარევმა, დაუფიქრებელმა, ცუდ სამედიცინო პირობებში ჩატარებულმა ჩარევამ, შესაძლოა, შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს როგორც ორგანიზმისთვის, ისე ფსიქიკისთვის. შეიძლება მოხდეს ფსიქიკური აშლილობების პროვოცირება. ამასთან, ჰორმონალური ცვლილებები მძაფრად აისახება ხასიათობრივ ცვლილებებზე, რასაც, შეიძლება, სერიოზული ფსიქოლოგიური ხასიათიათის პრობლემები მოჰყვეს. გამკლავება მსგავს სიმპტომებთან რთულია და საჭირო ხდება სპეციალისტის დროული ჩარევა“.
ალბათ, არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული მაჩვენებლები სავალალოა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2004-2012 წლებში საქართველოში აბორტი 221 160-ჯერ გაკეთდა.
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვებ-გევრდზე წარმოდგენილი 2011 წლის მონაცემებით, საქართველო მოსახლეობის კლების ტემპით მსოფლიოში აღრიცხულ 232 ქვეყანას შორის ერთ-ერთ მეწინავე, მე-16 ადგილზეა, ხოლო შობადობის მხრივ 179-ე ადგილზეა.
უკვე ჩასახული ნაყოფის, ცოცხალი არსების მკვლელობა რომ ცუდია, ამას ყველა ეთანხმება, თუმცა რა არის გამოსავალი იმისათვის, რომ აბორტის მაჩვენებელი შემცირდეს, ეს დღემდე კამათსა და დავას იწვევს. ზოგიერთს მიაჩნია, რომ გამოსავალი აბორტის კანონით აკრძალვაა. სწორედ ამ ინიციატივით გამოვიდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეში 2013 წელს. ამ აზრის მოწინააღმდეგები კი ამტკიცებენ, რომ აბორტის კანონით აკრძალვა არაფერს მოგვცემს, პირიქით, გაიზრდება იმ ქალთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომლებიც აბორტს უკანონოდ და არასტაციონალურ პირობებში მაინც გაიკეთებენ.
„თავისთავად, აბორტი მისასალმებელი ფაქტი არაა, მაგრამ უნდა ვიმსჯელოთ, არის თუ არა მისი აკრძალვა გამოსავალი. რას მოგვცემს აბორტის აკრძალვა, დემოგრაფიულ გამრავლებას თუ აბორტის პრაქტიკის იატაკქვეშეთში გადასვლას? როგორც წესი, აკრძალვის შემთხვევაში, ქალთა სიკვდილიანობა იმატებს, აბორტების რიცხვი კი იზრდება.“- ამბობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მრჩეველი გენდერულ საკითხებში თამარ საბედაშვილი „ლიბერალთან“ ინტერვიუში.
მოსაზრებას, რომ აბორტის აკრძალვის შემთხვევაში ქალთა სიკვდილიანობა იზრდება, ადასტურებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინოფრმაცია, რომლის თანახმადაც, ყოველ საათში 8 ქალი კვდება არალეგალური აბორტების შედეგად. წლიურად კი ეს მაჩვენებელი 68 000 გარდაცვლილ ქალს უდრის. განვითარებად ქვეყნებში 100 000 არალეგალურ აბორტზე 367 სიკვდილით მთავრდება, ეს ციფრი კი რამდენიმე ასეულით აღემატება განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელს, სადაც აბორტი ლეგალიზებული და შედარებით უსაფრთხოა.
„დღესდღეობით საზოგადოებაში სექსუალური განათლების დიდი დეფიციტია, განსაკუთრებით, მამაკაცებში. საკმაოდ ბევრი მათგანი ეწევა დაუცველ სექსუალურ ცხოვრებას, რის შედეგადაც უვითარდებათ ათასგვარი ანთება, ინფექციები და საბოლოოდ, რჩებიან უშვილოები. ჩემი აზრით, სკოლებში, მაღალ კლასებში, აუცილებელია ახალგაზრდებს აძლევდნენ სექსუალურ განათლებას, რაშიც, რასაკვირველია, სექსის პროპაგანდა ნამდვილად არ იგულისხმება. უბრალოდ, აუცილებელია, ყველამ იცოდეს ელემენტარული თავის დაცვის საშუალებები. ამით აირიდებენ აბორტსაც და სხვადასხვა დაავადებებსაც.“-ამბობს მეან-გინეკოლოგი ანგელინა ნერსესოვა.
ამდენად, იქამდე, სანამ გადაწყდება აბორტის აკრძალვა/არ აკრძალვის საკითხი, ერთადერთი გზა, რომლის საშუალებითაც არასასურველი ორსულობისგან და, შესაბამისად, აბორტისგანაც თავის დაცვაა შესაძლებელი, არის ელემენტარული სექსუალური განათლების ქონა.
მოამზადა მარიამ დემეტრაშვილმა